Facebook Twitter

საქმე №ბს-231(კ-20) 29 ივლისი, 2020 წელი

- 231(კ-20) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინების და ამავე სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 10 მაისს ვ. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „...ას“ და მ. ა-ას მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, კერძოდ, სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ, სასამართლოს წინაშე განსახილველად წარდგენილი მოთხოვნები ფორმულირებული იქნა შემდეგი სახით:

- ბათილად იქნეს ცნობილი 1998 წლის 30 დეკემბერს შპს ,,...ას“ სახელზე განხორციელებული ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩა №8-ში მდებარე 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია;

- ბათილად იქნეს ცნობილი დაყოფის შემდეგ ...ის ქუჩა №8-ში მდებარე 1630 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელებული 1998 წლის 30 დეკემბერს, განაცხადის რეგისტრაციის №...;

- ბათილად იქნეს ცნობილი 2003 წლის 16 აპრილს მ. ა-ას სახელზე ქ. ჭიათურა ...ის ქ. №8-ში მდებარე 61 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია;

- ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 7 სექტემბრის №... გადაწყვეტილება მ. ა-ას სახელზე ქ. ჭიათურა გრ. ...ის ქუჩა №8-ში (...ის ქუჩა) მდებარე 61 კვ.მ ს/კ ... მიწის ნაკვეთის დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ და ბათილად იქნეს ცნობილი ამავე გადაწყვეტილებით რეგისტრირებული აზომვითი ნახაზი, რომელიც შესრულებულია შპს ,,ს..ს“ მიერ;

- ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილება ა. ც-ის სახელზე ქ.ჭიათურა ...ის ქუჩა №8-ში მდებარე 61 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ ... რეგისტრაციის შესახებ;

- ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის10 აგვისტოს №... გადაწყვეტილება რ. ძ-ის სახელზე ქ. ჭიათურა ...ის ქუჩა №8-ში მდებარე უძრავი ნივთის - ს/კ ... მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ე-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ვ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

2000 წელს რ. ე-ის მიერ შეძენილ იქნა ქ. ჭიათურა ...ის (...ის) ქუჩაზე არსებული ჯიხური მიწის გარეშე; რ. ე-ე გარდაიცვალა 2012 წლის 27 თებერვალს და მისი დანაშთი სამკვიდრო მიიღო მოსარჩელე ვ. ე-ემ; მოპასუხე შპს ,,...ა“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, მისი დირექტორია ი. მ-ი, ხოლო საიდენტიფიკაციო კოდია: ....

1998 წლის 30 დეკემბერს №... განაცხადით შპს ,,...ას“ წარმომადგენელმა ი. მ-მა მიმართა ქ. ჭიათურის მიწის მართვის სამმართველოს და მოითხოვა საჯარო რეესტრში ქ. ჭიათურაში მდებარე შპს „...ას“ კუთვნილი 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „...ას“ სახელზე რეგისტრაცია. მიწის ნაკვეთი მექანიკური თონით იყო დაკავებული. მის მიერ წარდგენილ იქნა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, გეგმა-ნახაზი, ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან და ასევე სხვა საჭირო დოკუმენტი. 1998 წლის 30 დეკემბერს მთავარი რეგისტრატორის მიერ შპს ,,...აზე“ დარეგისტრირდა ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №8 ში მდებარე 1700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. მოცემულ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო შპს ,,...ას“ სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა №... და ჭიათურის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1970 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №155/26, სადაც მითითებული იყო, რომ მექანიკური საცხობის მშენებლობისათვის გამოიყო ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე 2000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.

1998 წლის 30 დეკემბრის №98 განაცხადის საფუძველზე ხსენებული მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად შპს „...ას“ სახელზე დარეგისტრირდა 1630 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შესაბამისი შენობა-ნაგებობებით.

შპს „...ამ“ 2003 წლის 2 აპრილის სანოტარო ხელშეკრულების საფუძველზე მ. ა-ზე გაასხვისა ქ. ჭიათურაში, ...ის №8-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული 1630 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 61 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დადასტურებულია ხელშეკრულებით და საჯარო რეესტრის ამონაწერით. ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე 2003 წლის 16 აპრილს მ. ა-მა მიმართა რეგისტრატორს ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩა №8-ში მდებარე 61 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის და სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა ხელშეკრულება და ნახაზი. იმავე დღეს საჯარო რეესტრში აღნიშნული მიწის ნაკვეთი აღირიცხა მ. ა-ის სახელზე საკადასტრო კოდით - ....

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სწორედ მ. ა-ას საკუთრებაში არსებულ 61 კვ.მ მიწის ნაკვეთზე იყო განლაგებული ჯიხური, რომელიც ეკუთვნოდა რ. ე-ეს და მოსარჩელის მიერ მითითებულ 31 კვ.მ მიწის ნაკვეთს მოიცავდა მ. ა-ის სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით .... ამ გადაწყვეტილებიდან ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ გააჩნდა რ. ე-ეს და შესაბამისად მის მემკვიდრეს. ხსენებულ გადაწყვეტილებაში მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ ფაქტს, რომ ჯიხური იმავე ადგილზე იყო განთავსებული, სადაც იმყოფებოდა რ. ე-ის სიცოცხლეში. რ. ე-ემ აღნიშნული ჯიხური მიწის გარეშე, როგორც მოძრავი ნივთი, შეიძინა აუქციონზე.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ექსპერტიზისათვის წარდგენილ ტექ. პასპორტში არ იყო მითითებული კოორდინატები, ან მოსაზღვრე სუბიექტების ვინაობა, რის გამოც აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის და ნაგებობის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა ტექნიკურად შეუძლებელი იყო.

2015 წლის 4 სექტემბერს მ. ა-მა მიმართა საჯარო რეესტრს და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით ..., დაზუსტებულ საზღვრებში რეგისტრაცია მოითხოვა. მის მიერ წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შესრულებული შპს ,,ს..“-ს მიერ. 2015 წლის 7 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ იქნა დაზუსტებულ საზღვრებში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე აღნიშნული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ... მოსარჩელე ითხოვს საჯარო რეესტრის მიერ 2015 წლის 7 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაციის ბათილობას, მათ შორის, მითითებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის რეგისტრაციის ბათილად ცნობას.

2017 წლის 6 თებერვალს ჩუქების ხელშეკრულებით უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ... მ. ა-მა აჩუქა ა. ც-ეს. იმავე დღეს ჩუქების ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე გაკეთებული იქნა განაცხადი ა. ც-ის სახელზე მოცემული უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 თებერვალს მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება აღნიშნული უძრავი ნივთის ა. ც-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.

2017 წლის 4 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ა. ც-ემ გაასხვისა რ. ძ-ზე. იმავე დღეს ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე გაკეთებული იქნა განაცხადი რ. ძ-ის სახელზე მოცემული უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა მათზე. სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ წინამდებარე საქმეზე სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №8-ში მდებარე იმ 61 კვ.მ. მიწის ნაკვეთის განკარგვის მართლზომიერება, რომელზედაც განთავსებული იყო მოსარჩელის შვილის მიერ მიწის გარეშე შეძენილი 27 კვ.მ. ფართის მქონე სავაჭრო ჯიხური. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჯიხური აღარ წარმოადგენდა მისი შვილის საკუთრებას, სავარაუდოდ იმის გამო, რომ მან აღნიშნული სიცოცხლეშივე ფორმადაუცველი გარიგებით განკარგა. მის ინტერესს წარმოადგენს მხოლოდ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე) შპს ,,...ას“ წარმომადგენლის მიერ განიმარტა, რომ რ. ე-ის მიერ აუქციონზე მიწის გარეშე შეძენილი ჯიხური წარმოადგენდა რკინის კონსტრუქციის მოძრავ ნივთს, რომელიც „მიტანილი და უბრალოდ დადებული იყო ასფალტზე“.

დავის გადაწყვეტის მიზნით სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი იმ უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...) მიმართ, რომელზეც რეგისტრირებული საკუთრების უფლებების გაუქმებასაც მოითხოვდა მოსარჩელე, კერძოდ, იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას, რომელიც თავდაპირველად განეკუთვნებოდა შპს ,,...ას“, ხოლო დაყოფისა და დაზუსტების შემდგომ რეგისტრირებული იყო მ. ა-ის, შემდგომ ა. ც-ის, ხოლო ამჟამად კი რეგისტრირებული იყო რ. ძ-ის საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებით რამდენად ჰქონდა პერსპექტივა სადავო მიწაზე აპელანტ (მოსარჩელე) ვ. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

სასამართლომ განმარტა, რომ პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენდა არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, ინტერესი უნდა ყოფილიყო კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის არ იყო საკმარისი მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის კანონიერ ინტერესს. ამასთან, იურიდიული (პროცესუალური) ინტერესის დაკმაყოფილება არ იყო თვითმიზანი, იგი მატერიალურ სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურებოდა. ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა ყოფილიყო დამყარებული, სარჩელში დასმული საკითხისადმი მოსარჩელეს უშუალო უფლებადამცავი ინტერესი უნდა ჰქონოდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტა, რომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე განიკარგა „ა..ის“ ბალანსზე რიცხული სავაჭრო ჯიხური 27 კვ.მ მიწის გარეშე, შესაბამისად, აპელანტ ვ. ე-ის შვილმა რ. ე-ემ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე მიწის გარეშე შეიძინა შპს „ა..-ის“ ბალანსზე რიცხული 27 კვ.მ სავაჭრო ჯიხური, ხოლო ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული შენობაც შეიძინა რ. ე-ემ, 1998 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული რეგისტრაციის საფუძველზე უკვე წარმოადგენდა შპს „...ას“ საკუთრებას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 1998 წლის 28 ოქტომბერს მიღებულ იქნა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ასევე 1998 წლის 28 ოქტომბერს იქნა მიღებული „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ასევე ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო 1997 წლის 26 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან. ამდენად, მიწა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი გახდა და მიწის განკარგვით მიწის ნაკვეთზე პირს საკუთრების უფლების მოპოვება შეეძლო აღნიშნული აქტების ამოქმედების შემდგომ. განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება იყო ის, რომ აპელანტ (მოსარჩელე) ვ. ე-ის შვილმა სავაჭრო ჯიხური შეიძინა მიწის გარეშე, ანუ იმ სახით, როგორც იქნა იგი განკარგული. მიწის ნაკვეთი კი არყოფილა ნასყიდობის საგანი იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ ის 2003 წლის 25 დეკემბრის მდომარეობით, უკვე წარმოადგენდა სხვა პირის - შპს „...ას“ საკუთრებას. ამდენად, აპელანტის შვილმა საკუთრების უფლება მოიპოვა მხოლოდ ნასყიდობის საგანზე - სავაჭრო ჯიხურზე, საწინააღმდეგო შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სავაჭრო ჯიხურის განკარგვასთან ერთად უნდა მომხდარიყო შესაბამისი მიწის ნაკვეთის განკარგვაც, რაც ბუნებრივია არ მომხდარა ზემოაღნიშნული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-3 მუხლი შეეხებოდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების წესს, ხოლო მე-4 მუხლი - მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების მინიჭებასა და მისი რეგისტრაციის წესს. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ კანონის მე-3 მუხლი ვრცელდებოდა მხოლოდ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის დადასტურებულ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მინიჭებაზე. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უარი ეთქმეოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ არსებულ დოკუმენტში დაფიქსირებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ან მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება იყო.

სააპელაციო სასამართლომ განსახილველი საკითხის სამართლებრივი შეფასების მიზნით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელი იყო მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნებოდა შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადა იყო დაკავშირებული მიწასთან და არ იყო გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განსაზღვრულიყო. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილი ნივთს მიწასთან მყარად დაკავშირებულად განიხილავდა იმ შემთხვევაში, თუ მისი განცალკევება შეუძლებელი იყო სუბსტანციის ან დანიშნულების მოსპობის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რკინის კონსტრუქციის სავაჭრო ჯიხური წარმოადგენდა ცალკე უფლების ობიექტს და არა იმ მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს, სადაც ის იყო განთავსებული ნასყიდობის დროისათვის იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ის წარმოადგენდა სხვა პირის საკუთრების უფლების საგანს და ამასთან, მისი გამოცალკევება შესაძლებელი იყო განადგურების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ამ აქტების გამოცემამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა, გავლენას ვერ მოახდენდა მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებებზე და ინტერესებზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ე-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ასევე მოითხოვა ჭიათურის პოლიციის განყოფილებიდან მასალების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება.

კასატორი აღნიშნავს, რომ ყველა სამართლებრივი დოკუმენტი იყო წარდგენილი ტექ-ბიუროდან და საჯარო რეესტრიდან ადგილმდებარეობის მითითებით, რომ შპს „...ას“ მიწის ნაკვეთი 2000 კვ.მ ოდენობით გამოეყო ჩრდილოეთ მხარეს, რომელსაც შეხება არ ჰქონდა ...ის №12-თან. სასამართლო მიუთითებდა, რომ აღნიშნული რეგისტრაცია არ იყო მოსარჩელისთვის ზიანის მომტანი და არც შესაბამისი იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა, რადგან მიწა არ იყო მისი საკუთრება. კასატორის განმარტებით მიწა, რომელზეც აუქციონზე ნაყიდი სავაჭრო ჯიხური იყო განთავსებული ეს არ იყო შპს „...ას“ საკუთრება და შესაბამისად არც მისი გაყიდვის უფლება ჰქონდა.

კასატორის მოსაზრებით არასწორი გეგმა-ნახაზის წარდგენამ განაპირობა მოსარჩელის კანონიერი ინტერესის შელახვა, რადგან სასამართლომ ერთმანეთისგან არ გამიჯნა ქ. ჭიათურაში ...ის ქუჩის №12-ში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და ...ის ქუჩის №8-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ეს იყო დავის საგანი. არასწორად შედგენილმა გეგმა-ნახაზმა, რომელიც სარეგისტრაციო ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის შემდეგ, შელახა მოსარჩელის კანონიერი უფლება.

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტები, უკანონოდ გაიზიარა სხვა სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი, არ გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებული მტკიცებულებები, რომელიც უდავოდ დაადასტურა მოწინააღმდეგე მხარემაც, შესაბამისად უკანონოდ არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ასაჩივრებდა ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად. კასატორის მოსაზრებით აღნიშნულმა ხელი შეუწყო სასამართლოს მიერ უკანონო გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დასაბუთებულ იქნა ისეთი ნორმატიული აქტებით, რომლებიც სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა. ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც კასატორის მოსაზრებით უნდა გამოეყენებინა, რითაც სასამართლომ დაარღვია მატერიალური სამართლის ნორმები.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2003 წლის 25 დეკემბერს აუქციონის წესით მოსარჩელის შვილმა რ. ე-ემ შეიძინა „ა..-ს“ ბალანსზე რიცხული სავაჭრო ჯიხური 27 კვ.მ (სურსათის მაღაზია) მდებარე ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №12-ში (მიწის გარეშე). გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრე არის დედა ვ. ე-ე, რომელმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო შვილის სამკვიდრო. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 23-ე გვერდის პირველ აბზაცში მითითებულია, რომ დავის საგანს წარმოადგენს ქ. ჭიათურაში გრ. ...ის ქ. №8-ში მდებარე 61 კვ.მ მიწის განკარგვის მართლზომიერება. კასატორის მოსაზრებით უფრო სწორი იქნებოდა, რომ სასამართლოს ემსჯელა რეგისტრაციის მართლზომიერებაზე, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო არ არის.

კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უდავო გარემოებად უნდა დაედგინა, რომ ზემოაღნიშნული ჯიხური უძრავად იყო დაკავშირებული მიწასთან, რომელიც მდებარებდა ქ. ჭიათურაში, ...ის №12-ში, რომელშიც განთავსებული იყო სასურსათო მაღაზია. აუქციონით დადგენილია, რომ ჯიხური მდებარეობდა და ჰქონდა შესაბამისი იურიდიული მისამართი მინიჭებული - ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩის №12-ში. კასატორის მოსაზრებით აღნიშნულს აქვს დიდი მნიშვნელობა და სასამართლომ იურიდიული მისამართი შეგნებულად არ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში, რადგან შპს „...ას“ მიერ გაყიდული 61 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №8-ში დარეგისტრირდა გეგმა-ნახაზის მიხედვით ...ის ქ. №12-ში. ამ იურიდიულ მისამართზე შპს „...ას“ არანაირი უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნდა და შესაბამისად ვერც გაყიდდა. სადავო მიწა, რომელზეც ჯიხური იდგა უძრავად, არასწორად შედგენილი გეგმა-ნახაზის მიხედვით დარეგისტრირდა მ. ა-ის სახელზე და მიენიჭა ს/კ... სადავო არაა, რომ რეგისტრაციის ადგილზე მდებარეობდა ჯიხური.

კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის საარქივო მონაცემით ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №12-ში მდებარეობდა ავტოსადგური, ხოლო მისი გადასვლის შემდეგ ცალ-ცალკე დაცულია ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩის №12-ში მდებარე უძრავი ნივთის შესახებ მასალები, ხილბოსტნის, სურსათისა და ფეხსაცმლის მაღაზიის სახით (ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია სათანადო ბეჭდით დამოწმებული, ტექ-ბიუროს მასალებით). აქედან სადავო იყო სურსათის მაღაზია, რომლის შიდა პერიმეტრია 27 კვ.მ და შეძენილი იყო აუქციონის გზით, ხოლო გარე პერიმეტრი იყო 31 კვ.მ. აღნიშნული ჯიხური, როგორც არის აუქციონის მასალებში მოხსენიებული (სურსათის მაღაზია) უძრავად იყო დამაგრებული მიწასთან, ხოლო ერთი მეტრის ზემოთ ჰქონდა რკინის კონსტრუქციის მინები, ეს იყო ძველი ტიპიური მაღაზია რკინის კონსტრუქციით გაწყობილი. კასატორის მოსაზრებით სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სურსათის მაღაზია ათეული წლებია მოქმედებდა აღნიშნულ „ჯიხურში“, რომლიც მდებარეობდა ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩის №12-ში.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო მსჯელობს ჯიხურის ფორმადაუცველი გარიგებით განკარგვაზე, რაც არასწორია. რადგან ჯიხური განკარგული არ იყო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად სასამართლოს არ ჰქონდა უფლება აღნიშნული გარემოება გაეზიარებინა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს მხოლოდ ჯიხური ჰქონდა შეძენილი მიწის გარეშე, მაგრამ ამ სასურსათო მაღაზიაში მოსარჩელის მამკვიდრებელი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე განაგრძობდა სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც სადავოდ არ გაუხდია მხარეებს. უკანონო რეგისტრაციით მოსარჩელეს შეეზღუდა მიწაზე საკუთრების რეგისტრაციის უფლება. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა, 2018 წლის 17 იანვრის №000285618 დასკვნით ექსპერტმა დაადგინა თუ სად მდებარეობდა და გამოეყო მიწის ნაკვეთი შპს „...ას“. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლო მსჯელობს მოსარჩელის კანონიერ ინტერესზე, რომელსაც დავა არ შეუწყვეტია მას შემდეგ, რაც მან დაკარგა საარსებო წყარო და გამოუშვეს აუქციონზე შესყიდული ქონებიდან, მას შემდეგ რაც უკანონოდ მოხდა მიწის რეგისტრაცია.სასამართლო მიუთითებს, რომ ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები, პროცესუალური ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება. კასატორის მოსაზრებით მისი მატერიალური ინტერესი არის მნიშვნელოვანი, რადგან 27 კვ.მ ფართის სასურსათო მაღაზია, ქალაქის ცენტრალურ უბანში არის შემოსავლის წყარო ნებისმიერი ოჯახისათვის, აქედან გამომდინარე მატერიალური ინტერესი არის დიდი. ამავე დროს მოსარჩელეს მიწის უკანონო რეგისტრაციით წაერთვა იმ მიწის შესყიდვის უფლება, რომელზეც ეს სურსათის მაღაზია იყო. სასამართლო არ დაინტერესდა შპს „ა..-ის“ ბალანსზე მარტო ჯიხური იყო აღრიცხული თუ ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეს ჯიხური უძრავად იყო დამაგრებული ...ის ქუჩის №12-ში.

სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული შენობაც შეიძინა რ. ე-ემ 1998 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული რეგისტრაციის საფუძველზე უკვე წარმოადგენდა შპს „...ას“ საკუთრებას. შპს „...ას“ საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩის №8-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და არა 12 ნომერში. აღნიშნული ფაქტი სასამართლომ არ დაადგინა, რადგან აღნიშნული ფაქტის დადგენის შემთხვევაში მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა. ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩის №12-ში მდებარე სურსათის მაღაზიის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოხდა მხოლოდ შპს „...ას“ საკუთრებაში, ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩის №8-ში მდებარე 61 კვ.მ მიწის გაყიდვის დროს დამზადებული გეგმა-ნახაზის რეგისტრაციით, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ე-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩის №12-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს მიუთითოს სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1998 წლის 30 დეკემბერს №... განაცხადით შპს ,,...ას“ წარმომადგენელმა ი. მ-მა მიმართა ქ.ჭიათურის მიწის მართვის სამმართველოს და მოითხოვა საჯარო რეესტრში შპს ,,...-ს“, ქ.ჭიათურაში მდებარე მისი კუთვნილი 1700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. მიწის ნაკვეთი მექანიკური თონით იყო დაკავებული. მის მიერ წარდგენილი იქნა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, გეგმა ნახაზი, ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან და ასევე სხვა საჭირო დოკუმენტი. დადგენილია, რომ 1998 წლის 30 დეკემბერს მთავარი რეგისტრატორის მიერ შპს „...აზე“ რეგისტრირებულ იქნა ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №8 ში მდებარე 1700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. მოცემულ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო შპს „...ას“ სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა №... და ჭიათურის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1970 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №155/26, სადაც მითითებულია, რომ მექანიკური საცხობის მშენებლობისათვის გამოიყო ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

1998 წლის 30 დეკემბრის №25/98 განაცხადის საფუძველზე ხსენებული მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად შპს ,,...ას“ სახელზე რეგისტრირებული იქნა 1630 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ..., რეგისტრაციას საფუძვლად მითითებულია ჭიათურის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება №155/26 (31.03.1970წ.) და ქ. ჭიათურის მთავარი არქიტექტორის 1999 წლის 19 ოქტომბრის №265 დასკვნა.

2003 წლის 16 აპრილის რეგისტრაციით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს გამოეყო 61 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ნასყიდობის ხელშეკრულების (№..., გაფორმების თარიღი: 02.04.2003, ნოტარიუსი: ზ. ც-ე) საფუძველზე №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა მ. ა-ის საკუთრებაში.

2015 წლის 7 სექტემბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით განხორციელდა მ. ა-ის საკუთრებაში არსებული 61 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაზუსტებულ საზღვრებში რეგისტრაცია და უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი: ....

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კანონიერ ძალაში შესული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილ იმ გარემოებებზე, რომ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. ე-ემ (პ/ნ ...) შპს „...ას“ (ს/ნ ...) მიმართ და მოითხოვა ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №8-ში მდებარე მაღაზიისა (ჯიხურის) და ამ მაღაზიის ქვეშ არსებული 31 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან განთავისუფლება და მისთვის საკუთრებაში გადაცემა. მოცემულ სამოქალაქო საქმეზე საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა შემდეგი: 1) შპს „...ამ“ 2003 წლის 2 აპრილის სანოტარო ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №8-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული 1630 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 61 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც აღირიცხა შემდგომ საჯარო რეესტრში მ. ა-ის სახელზე, საკადასტრო კოდით: ...; 2) დათვალიერების ოქმის საფუძველზე დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთიც და ჯიხურიც იმყოფებოდა მ. ა-ის ოჯახის მფლობელობაში და მ. ა-ის განმარტებით, მისმა ოჯახმა ჯიხური შეიძინა რ. ე-გან, ხოლო მიწის ნაკვეთი შეიძინა მოპასუხე შპს ,,...გან“. საქმეში წარმოდგენილი იყო 2004 წლის 15 ივლისით დათარიღებული ხელწერილი, სადაც მითითებულია, რომ რ. უ-ს ძე ე-ე საკუთრებაში აძლევს ჯიხურს 27 მ2 მ. ა-ს ...ის ქუჩა №12-ში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ; 3) მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, რომ ჯიხური იმავე ადგილზეა განთავსებული, სადაც იყო განთავსებული რ. ე-ის სიცოცხლეში; 4) მ. ა-ის საკუთრებაში არსებულ 61 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა განლაგებული ჯიხური, რომელიც ეკუთვნოდა რ. ე-ეს და მოსარჩელის მიერ მითითებულ 31 კვ.მ მიწის ნაკვეთს მოიცავს მ. ა-ის სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: ....

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შემდეგ უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის დაკამყოფილებაზე და მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა, რომ იგი იყო სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რადგან მას საკუთრების დამადასტურებელი კანონის შესაბამისად გაცემული დოკუმენტაცია არ გააჩნდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. ამასთან, საგულისხმოა, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს შესაძლოა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ჰქონოდა იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე წარმოადგენდა სადავო უძრავ ქონებაზე კანონისმიერ ან სხვაგვარ, კერძო სახელშეკრულებო საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს.

ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე არ არსებობდა ჭიათურის პოლიციის განყოფილებიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვის საჭიროება, რის გამოც არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. ე-ეს საკასაციო საჩივარზე 25.03.2020წ. №9227293974 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. ე-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინება;

3. ვ. ე-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.03.2020წ. #9227293974 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე