№ბს-32(კ-20) 9 ივლისი, 2020 წელი
ბს-32(კ-20) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კასატორის წარმომადგენლები - ი. უ-ა; თ. ბ-ი; თ. მ-ა; პ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი - ჟ. ჩ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა; ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 20 აპრილს რ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №12 და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის MOD…ბრძანებების ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლის საფუძველზეც რ. ს-ე აღდგებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ... დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ...ის საშტატო კატეგორიაში (საიდანაც იგი გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის MOD … და 2018 წლის 23 მარტის MOD… ბრძანებებით).
მოსარჩელემ, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის რ. ს-ის სასარგებლოდ დაკავებული თანხის 13 643,64 ლარის (წოდებრივი სარგო - 1396,75; წელთა ნამსახურობის დანამატი - 9046,31; საიდუმლო დანამატი - 5218.27; კვების კომპენსაცია - 1393,23 (დარიცხული)) 2016 წლის 5 სექტემბრიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით პერიოდისათვის და იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის (ხელფასის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით) 2018 წლის 23 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით რ. ს-ის სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის რ. ს-ის სასარგებლოდ დაკავებული თანხის 13 643,64 ლარის (წოდებრივი სარგო - 1396,75; წელთა ნამსახურობის დანამატი - 9046,31; საიდუმლო დანამატი - 5218.27; კვების კომპენსაცია - 1393,23 (დარიცხული)) 2016 წლის 5 სექტემბრიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით პერიოდისათვის ანაზღაურების თაობაზე, დარჩა განუხილველი, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №12 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის MOD… ბრძანება, რომლითაც რ. ს-ე განთავისუფლდა თანამდებობიდან; დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ს-ს იმ საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ, რომლიდანაც იგი განთავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის MOD … და 2018 წლის 23 მარტის MOD… ბრძანებებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობაზე; დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რ. ს-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის (ხელფასის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით) ანაზღაურება, 2018 წლის 23 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის განხილვის დროს შეიცვლა იმ პოზიციის სახელწოდება, რომელზედაც რ. ს-ე აღდგენილ იქნა სასამართლო გადაწყვეტილებით. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობის სახელწოდება გახდა - საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ...ი.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ შეცვლილა რ. ს-ის საშტატო ერთეულის ფუნქციები, ასევე არ შეცვლილა დაქვემდებარება, არამედ განხორციელდა ცვლილება დასახელებაში, რაც სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმაც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სადავო საკითხზე მსჯელობა გაგრძელებულიყო თანამდებობის დასახელების იმ ფორმულირებით, როგორითაც იგი არსებობდა დღევანდელი მდგომარეობით - საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის MOD ... ბრძანების გამოცემის წინაპირობა და საფუძველი გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის MOD ... ბრძანება რ. ს-ის მიმართ და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ს-ის იმ თანამდებობაზე და იმ საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ, რომლიდანაც იგი გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში იგი აღდგენილ უნდა ყოფილიყო ტოლფას თანამდებობაზე, ტოლფასი სახელფასო განაკვეთის განსაზღვრით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ს-ეს სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაკავებული ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობა, რომელიც ვაკანტური არ იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების დროს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა რ. ს-ის გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის არსებობის ფაქტი. მითითებული საშტატო ერთეული ფაქტობრივად არსებობდა, მაგრამ არ იყო ვაკანტური და მოსარჩელეს შეეთავაზა მისი ტოლფასი თანამდებობა, ტოლფასი სახელფასო განაკვეთით (საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ... ის ... ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილის (საშტატო კატეგორია „...ი“, შტატი ნომერი №...)).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ს-ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარი განაცხადა 2018 წლის 14 თებერვალს წერილობით და 2018 წლის 20 მარტს, ზეპირსიტყვიერად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის MOD ... ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ყოფილი ...ი, თავდაცვის ... ...ის პოლკოვნიკი რ. ქ-ს ძე ს-ე კვლავ გათავისუფლდა სამსახურიდან.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელე კვლავ გაათავისუფლა სამსახურიდან, იმ საფუძვლით, რომ სადავო საშტატო ერთეულზე სხვა პირი იყო დანიშნული და რ. ს-ემ შეთავაზებულ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე უარი განაცხადა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი, ასევე განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქციის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულო იყო ყველასთვის. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახული იყო ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულო იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის ანალიზი ცხადყოფდა, რომ კანონი იმპერატიულად ადგენდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში მის აღდგენას იმავე თანამდებობაზე და მხოლოდ მისი არარსებობისას ითვალისწინებდა მოხელისათვის ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება, ისევე, როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ აძლევდა შესაძლებლობას დამატებით გამოეკვლია საკითხი - მითითებული საშტატო ერთეული არსებობდა ვაკანტური თუ დაკავებული სახით, რამდენადაც მას სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული ჰქონდა რ. ს-ის აღდგენა მის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე იმ საშტატო ერთეულის არსებობის პირობებში, რაც ასევე გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული საკანონმდებლო აქტის ჩანაწერი არ შეიძლება ისე ყოფილიყო გაგებული, თითქოს სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე შესაძლებელი იყო მხოლოდ ამ უკანასკნელის ვაკანტური სახით არსებობის დროს, არამედ სასამართლოს შეფასებით ეს უნდა განხორციელებულიყო ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს საშტატო ერთეული ფაქტობრივად არსებობდა და არ იყო გაუქმებული, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამსახურში უნდა აღდგენილიყო.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია კანონმდებლობა ითვალისწინებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად დარეგულირებულიყო საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული სამსახურებრივი ურთიერთობები, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელებულიყო მათი უფლებების დარღვევის ხარჯზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სპეციალური კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ზოგად სამართლებრივ ნორმებთან და მიზანთან.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის 131 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობდა ან უკვე დაკომპლექტებული იყო უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნებოდა შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით - სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებდა უარს, იგი გათავისუფლდებოდა სამსახურიდან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის 131 მუხლის მე-4 პუნქტი ეწინააღმდეგებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლს, რომელიც უზრუნველყოფდა მოხელის დაცვას და მე-3 პუნქტი პირდაპირ ადგენდა, რომ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებას მოხელე დაუყოვნებლივ უნდა აღედგინა იმავე თანამდებობაზე და მხოლოდ ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე, იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასათვალიწინებელი იყო, რომ მითითებული ჩანაწერი ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას არ აძლევდა, მოხელე იმავე თანამდებობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში აღედგინა, თუ ასეთი თანამდებობა თავისუფალი სახით იარსებებდა. ამასთან, პირის იმავე თანამდებობაზე აღდგენაში შეიძლებოდა იგულისხმებოდა ამ თანამდებობაზე უკვე დანიშნული სხვა მოხელის სამსახურებრივ გადაადგილება ტოლფას ან სხვა თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუ უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის აღდგენა განთავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე, რომელზეც უკვე სხვა პირი იყო დასაქმებული, გამოიწვევდა ამ პირის განთავისუფლებას და ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა ორი პატივსადები ინტერესი: პირველი - უკანონოდ განთავისუფლებული და აღდგენილი პირის ინტერესი, დაეკავებინა უკანონოდ განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობა და მეორე - მის ადგილას დანიშნული პირის ინტერესი, შეენარჩუნებინა ის ადგილი, რომელზეც იგი კანონიერი გზით დაინიშნა, ინტერესთა ამგვარი კონფლიქტი უნდა გადაწყვეტილიყო იმ მოხელის სასარგებლოდ, ვინც პირველად დაინიშნა ამ საშტატო ერთეულზე და ვინც უკანონოდ იქნა განთავისუფლებული და შემდგომში კანონიერად აღდგენილი. ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი გადაწყვეტა თანხვედრაში იყო როგორც სამართლებრივ დოქტრინაში დამკვიდრებულ პრინციპთან - დროში პირველი, უფლებაშიც პირველია (ე.წ. first come principle), ასევე ეხმიანებოდა ჩვეულებით სამართალს და სამართლიანობის გაგებას. აქვე, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა უფლებას არ ართმევდა მოხელის აღდგენის მოტივით სამსახურიდან განთავისუფლებულ მოხელეს, ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოეთხოვა თავისი უფლებების დაცვა, სხვა საშტატო ერთეულზე გადაყვანა, ფულადი ანაზღაურება და სხვა, თუმცა სასურველი იყო, რომ ამგვარი საკითხი კანონმდებლობით პირდაპირ ყოფილიყო მოწესრიგებული.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირში იყო სამსახურში აღდგენასთან. ვინაიდან, მოცემული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რ. ს-ის გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება და ამავე დროს, საჯარო დაწესებულებას დაევალა მისი კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენა, სახეზე იყო მოსარჩელის სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა იძულებითი განაცდურის ცნება, რომელიც მოიცავდა ხელფასის ისეთ განაკვეთებს, რომლის მიღება გარანტირებული იყო საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და არ იყო დამოკიდებული შრომის შედეგებზე, სხვა ფაქტორებზე. საჯარო მოხელის ხელფასი იყო გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემდა საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართებულად დაევალა რ. ს-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის (ხელფასის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით) ანაზღაურება, 2018 წლის 23 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობა არ წარმოადგენს ვაკანტურ თანამდებობას, რ. ს-ეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, 2018 წლის 2 თებერვლის წერილით შეეთავაზა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის ... ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ...ის ტოლფასი თანამდებობა, ტოლფასი სახელფასო განაკვეთის განსაზღვრით.
კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან რ. ს-ე 2018 წლის 14 თებერვლის პასუხით არ დაეთანხმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებას, მას კიდევ ერთხელ 2018 წლის 1 მარტის წერილით შეეთავაზა ზემოაღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა და განემარტა, რომ მისი უარის შემთხვევაში იგი განთავისუფლდებოდა სამსახურიდან და 2016 წლის 5 სექტემბრიდან განთავისუფლების დღემდე მას აუნაზღაურდებოდა განაცდური ხელფასი (თანამდებობრივი სარგო), იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც ღებულობდა განთავისუფლებული თანამდებობიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან რ. ს-ე წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური წოდების მქონე მოსამასახურეს, მასზე ვრცელდება როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, ასევე „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ შესახებ თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციები. კასატორის მითითებით, ვინაიდან, რ. ს-ემ უარი განაცხადა შეთავაზებულ ტოლფას თანამდებობაზე, მისი საჯარო მოხელეთა რეზერვში გადაყვანა ვერ განხორციელდებოდა, რადგან მასზე, კასატორის მოსაზრებით, ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისაგან განსხვავებული სპეციალური რეგულაციები.
საკასაციო საჩივარში კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის №ბს-376-376(2კ-18) გადაწყვეტილებაზე და სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ მოთხოვნაზე განმარტავს, რომ ვინაიდან სადავო პოზიციაზე უკვე დანიშნული იყო ფ. დ-ე და ... ...ის დეპარტამენტის ...ი მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობა არ წარმოადგენდა ვაკანტურ თანამდებობას, შესაბამისად, რ. ს-ეს შეეთავაზა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის ... ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ...ი მთავარი სამმართველოს ...ის ტოლფასი თანამდებობა, ტოლფასი სახელფასო განაკვეთის განსაზღვრით.
კასატორი იძულებით განაცდურის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს მეორე სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ სამართლებრივ შედეგს და რამდენადაც არ არსებობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის MOD ... ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად არ არსებობდა განაცდურის თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველიც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა -განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
რ. ს-ე 2015 წლის 12 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ...ი მთავარი სამმართველოს ..ის თანამდებობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის ბრძანებით, რ. ს-ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის MOD ... ბრძანებით რ. ს-ე განთავისუფლდა სამსახურიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის (საქმე №3ბ/1492-17წ.) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის MOD ... ბრძანება რ. ს-ის მიმართ და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ს-ის იმ თანამდებობაზე და იმ საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ, რომლიდანაც იგი განთავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის MOD ... ბრძანებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ტოლფასი სახელფასო განაკვეთის განსაზღვრით. ამავე გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა რ. ს-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2016 წლის 5 სექტემბრიდან, მის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენამდე იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი გათავისუფლებული თანამდებობიდან ღებულობდა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით.
დადგენილია, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს ...ის თანამდებობა ვაკანტური იყო 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2017 წლის 16 მაისამდე, ხოლო ... ...ის დეპარტამენტის ... ...ოს ...ის თანამდებობა - 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 4 ოქტომბრამდე.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, რ. ს-ეს 2018 წლის 2 თებერვლის MOD ... წერილით შესთავაზა ვაკანტურ თანამდებობაზე - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის ... ...ის სამმართველოს ... ...ის (საშტატო კატეგორია „თავდაცვის პოლკოვნიკი“, შტატი ნომერი №...) შტატზე დანიშვნა. აღნიშნული წერილით, მოსარჩელეს განემარტა, რომ ... ...ის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობა არ იყო ვაკანტური, ხოლო მითითებულ თანამდებობაზე დანიშნული სხვა მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლებას არ ითვალისწინებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ივნისის საქართველოს კანონი. ამავე წერილით, რ. ს-ეს ეცნობა, რომ შეთავაზებულ თანამდებობაზე (რომელიც არის ტოლფასი საშტატო კატეგორია, ტოლფასი სახელფასო განაკვეთით) დანიშვნაზე თანხმობის შესახებ წერილობით ეცნობებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის, წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №12 ბრძანებით ცვლილება შევიდა „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში, კერძოდ, მითითებული წესის 131 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „უკანონოდ განთავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ - ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით - სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებს უარს, იგი განთავისუფლდება სამსახურიდან“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 1 მარტის MOD ... წერილით რ. ს-ეს განემარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ 131 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, განმეორებით უარის თქმის შემთხვევაში იგი განთავისუფლდებოდა სამსახურიდან და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2016 წლის 5 სექტემბრიდან განთავისუფლების დღემდე აუნაზღაურდებოდა განაცდური ხელფასი (თანამდებობრივი სარგო), იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი ღებულობდა გათავისუფლებული თანამდებობიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით. ამავე წერილით, რ. ს-ეს ეთხოვა, რომ წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წერილობით ეცნობებინა მისი გადაწყვეტილება.
2018 წლის 20 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსსა და რ. ს-ეს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. სატელეფონო საუბრისას რ. ს-ემ უარი განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის MOD ... ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ყოფილი ...ი, თავდაცვის ... პოლიციის პოლკოვნიკი რ. ქ-ს ძე ს-ე განთავისუფლდა სამსახურიდან. მითითებული ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს დაევალა რ. ქ-ის ძე ს-თვის 2016 წლის 5 სექტემბრიდან ამავე ბრძანების პირველი პუნქტის ძალაში შესვლის დღემდე განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს) ანაზღაურება, იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობიდან ღებულობდა, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 6 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რ. ს-ის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოვალეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაეგზავნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 13 თებერვლის №... წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 აპრილის MOD ... წერილით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის №3ბ/1492-17 სააღსრულებო ფურცელი აღსრულდა, კერძოდ, ვინაიდან, რ. ს-ემ უარი განაცხადა შეთავაზებულ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის MOD ... ბრძანებით იგი განთავისუფლდა სამსახურიდან. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ განაცდური ხელფასი (თანამდებობრივი სარგო) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სს „...ის“ ანგარიშზე ჩარიცხვის გზით აანაზღაურა იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობიდან ღებულობდა, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის A... წერილით, რ. ს-ეს ეცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მოძიებული ინფორმაცია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რ. ს-ეს სამსახურიდან განთავისუფლების დროს დაკავებული ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ...ი მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობა, რომელიც ვაკანტური არ იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების დროს, რის გამოც მოსარჩელეს როგორც ტოლფასი თანამდებობა შეეთავაზა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის ... ...ის სამმართველოს ... ...ის თანამდებობა (საშტატო კატეგორია „თავდაცვის პოლკოვნიკი“, შტატი ნომერი №...).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის არსებითად სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს და სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ: 1) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საკანონმდებლო ჩანაწერი „ასეთი თანამდებობის არარსებობა“ გულისხმობს მხოლოდ შესაბამისი შტატის არ არსებობას თუ მოიცავს ასევე მის არავაკანტურობასაც; 2) არსებობს თუ არა „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №12 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები; 3) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №12 ბრძანების კანონიერად მიჩნევის შემთხვევაში, არსებობდა თუ არა რ. ს-ის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში (მსგავსი რეგულირება გვხვდება „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანების მე-131 მუხლის მე-4 პუნქტში). თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის №ბს-376-376(2კ-18) გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ: „მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ასეთი თანამდებობა და ის ვაკანტურია, რა დროსაც საჯარო სფეროში დასაქმებულთა უფლებები საჭიროებს ეფექტურ სასამართლო კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებათა შესრულების კუთხით. პალატა მიუთითებს, რომ მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან დაუშვებელია მოხელის უფლების დაცვა მოხდეს მეორე მოხელის უფლების დარღვევის ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.“ ამავე საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ: ,,ბ.ჭ.-ს გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, თუ ის თავისუფალია და არ არის დანიშნული სხვა პირი მოსარჩელე ექვემდებარება აღდგენას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დანიშნულია სხვა პირი, ბ.ჭ. ექვემდებარება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას.“
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტებები ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე დადგენილ პრაქტიკას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკანონდებლო ჩანაწერი „თანამდებობის არარსებობა“ მოიცავს ასევე თანამდებობის არავაკანტურობასაც, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის როგორც სადავო პერიოდში, ისე დღეს მოქმედი რედაქცია, აღარ ითვალისწინებს ნორმას, რომელიც მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას მიუთითებდა, რა საფუძველსაც, მაგალითად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია (97.1 მუხლი) ითვალისწინებდა.
ამდენად, ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც რ. ს-ის სამსახურში აღდგენის ეტაპზე ვაკანტური არ იყო ... ..
ის დეპარტამენტის ...ი მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის უნდა შეეთავაზებინა მისი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, ხოლო ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის ან მოსამსახურის თანხმობის არ არსებობის პირობებში განეხორციელებინა კანონით გათვალისწინებული ქმედებები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ქცეული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №12 ბრძანების „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონთან შეუსაბამობის და ამ საფუძვლით მისი ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომელზე.
,,სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი და მათი სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესით“ განისაზღვრება სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ქცეული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-131 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, უკანონოდ განთავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით - სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებს უარს, იგი გათავისუფლდება სამსახურიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ 131.4 მუხლის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან (118.3 მუხლი) წინააღმდეგობრიობაზე, ვინაიდან, ერთის მხრივ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ სპეციალური კანონმდებლობის არსებობის პირობებში მოცემული კანონი არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომელზე, ხოლო მეორეს მხრივ, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესით“.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა თუ განთავისუფლების საკითხის, სპეციალური კანონმდებლობის ფარგლებში განსხვავებული რეგულირება (ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე პირის მიერ უარის თქმის შემთხვევაში მისი განთავისუფლების შესახებ), თავად ამ სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბაბისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო აქტებთან, ვინაიდან, შესაბამისი სადავო ბრძანება განთავისუფლების აუცილებელ წინაპირობად ასახელებს პირის მიერ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმას, რაც რეალურად სწორედ დასაქმებულის ნების ავტონომიურობის პრინციპის აბსოლუტურ გამოვლინებას უკავშირდება, რაც თავისთავად ვერ აქცევს ამ დანაწესს დასაქმებულის უფლების დამრღვევ ნორმად, ვინაიდან, იგი დასაქმებულის განთავისუფლებას მის მიერ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმას უკავშირებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №12 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაფასებელია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-131 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რამდენად არსებობდა, რ. ს-ის მიერ ტოლფას თანამდებობაზე უარის თქმის გამო მისი თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის სწორად გადასაწყვეტად არსებითად მნიშვნელოვანია დადგინდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ რ. ს-თვის შეთავაზებული თანამდებობა იყო თუ არა მოსარჩელის თანამდებობის ტოლფასი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებულ პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტოლფასი თანამდებობა განიმარტა, როგორც იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობა, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია. ამასთან, „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ ტოლფას თანამდებობას უკავშირებს უკანონოდ განთავისუფლებული პირის კვალიფიკაციას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის რ. ს-ის მიერ სადავოდ იყო გამხდარი შეთავაზებული თანამდებობის მის თანამდებობასთან ტოლფასობის საკითხიც, რაც რ. ს-ის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 25 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზეც მიუთითა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს ...ის ...ის თანამდებობის (საშტატო კატეგორია „თავდაცვის პოლკოვნიკი“, შტატი ნომერი №...) სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია მოვალეობები, რაც საკასაციო სასამართლოს ამ თანამდებობის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... ...ის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობასთან (ამჟამად საქართველოს თავდაცვის ძალების) შედარების საშუალებას და მათი ტოლფასობის საკითხის შეფასების შესაძლებლობას მისცემდა. ამასთან, აღნიშნული თანამდებობის ტოლფასობის ან არატოლფასობის საკითხზე მსჯელობა არც სააპელაციო სასამართლოს განუხორციელებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ რ. ს-თვის შეთავაზებული თანამდებობის ტოლფასობის საკითხზე ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობისა და შესაბამისი სამართლებრივი მსჯელობის არ არსებობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს რ. ს-ის თანამდებობიდან განთავისუფლების კანონიერების საკითხზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ რ. ს-თვის შეთავაზებული თანამდებობის ძველი თანამდებობის არატოლფას პოზიციად მიჩნევის შემთხვევაში, ცალსახად იარსებებს რ. ს-ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის MOD… ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-131 მუხლის მე-4 პუნქტი პირის სამსახურიდან განთავისუფლების წინაპირობად მიიჩნევს ორი კუმულატიური პირობის თანაარსებობას, კერძოდ, პირისათვის ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას და მის მიერ ამ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმას. ამდენად, სადავო აქტის კანონიერების შესაფასებლად არსებითი მნიშვნელობა სწორედ შეთავაზებული თანამდებობის ძველ თანამდებობასთან ტოლფასობის საკითხის დადგენას გააჩნია. ამასთან, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულების საკითხის დადგენაც, სწორედ, სადავო აქტის კანონიერების საკითხის დადგენასთან არის დაკავშირებული.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი და დამატებით მოძიებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, რ. ს-თვის შეთავაზებული თანამდებობის ტოლფასობის საკითხი, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მას და საბოლოოდ საქმეზე მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩნება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე