№ბს-34(კ-20) 23 ივლისი, 2020 წელი
ბს-34(კ-20) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) - თ. ბ-ე; წარმომადგენელი - ლ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური
წარმომადგენლები - თ. კ-ი; უ. მ-ი
მესამე პირები - ა. მ-რ-ე; ე. რ-ე; წარმომადგენელი - მ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 27 თებერვალს თ. ბ-ემ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მცხეთის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 163,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) ა. მ - რის და ე. რ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების (დაზუსტებული მოთხოვნა 2018 წლის 5 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი) ბათილად ცნობა მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით თ. ბ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და ამავე განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. მ - რ-ე და ე. რ-ე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელე თ. ბ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებულ რეგისტრაციის სამსახურს აეკრძალა სარეგისტრაციო წარმოება მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 163 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...).
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 27 აპრილს თ. ბ-ემ ქონების რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
2017 წლის 2 მაისს ა. მ-რ-ემ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება მცხეთის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 163 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.
2017 წლის 31 მაისს №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, თ. ბ-ის წარმომადგენელმა წარადგინა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ვინაიდან, ა. მ-რის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი აზომვითი ნახაზი მოიცავდა თ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ (საკადასტრო კოდი ...) უძრავ ნივთთან მისასვლელ გზას, მოითხოვა №... სარეგისტრაციო წარმოებაში დაინტერესებულ პირად თ. ბ-ის ჩართვა, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ადგილზე დათვალიერება, რათა არ მომხდარიყო მისასვლელი გზის რეგისტრაცია. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით უძრავი ნივთის ა. მ-რ-ის საკუთრებაში რეგისტრაცია იყო კანონშეუსაბამო. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში წარმოებაში არსებულ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის (დაინტერესებული პირი თ. ბ-ე (პირადი ნომერი ...) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმებოდა №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ.
დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ან/და მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო სადავო საკითხის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავდა სანოტარო მედიაციას. სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი ნოტარიუსი ლ. ო-ი და მედიატორ ნოტარიუსთან/მედიატორთან, შესაბამის საკითხზე შეხვედრა დანიშნულ იქნა 2017 წლის 19 ივლისს 13:00-13:30 საათზე, მისამართზე: ქალაქი მცხეთა, ...ას ქუჩა №1. 2017 წლის 19 ივლისს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარდგენილ იქნა ნოტარიუს ლ. ო-ის წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ 2017 წლის 19 ივლისს ჩანიშნულ მედიაციის სესიაზე გამოცხადდა ორივე მხარე, მაგრამ ისინი ვერ შეთანხმდნენ და შესაბამისად, მხარეთა შეუთანხმებლობის გამო მედიაცია შეწყდა.
აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (25.07.2017) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში წარმოებაში მყოფ №... (დაინტერესებული პირი თ. ბ-ე (პირადი ნომერი ...)) სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (25.08.2017) გადაწყვეტილება.
№... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემდგომ, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების შეწყვეტის შემდეგ, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №... (10.01.2018) გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავ ქონებაზე (მდებარე - მცხეთა, სოფელი ...ი, დაზუსტებული ფართობი - 163 კვ.მ. საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა ა. მ- რ-ისა და ე. რ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები - სამკვიდრო მოწმობა №..., გაფორმების თარიღი: 13/11/2008, ნოტარიუსი თ. კ-ე, მიღება-ჩაბარების აქტი №..., გაფორმების თარიღი: 15/05/1997 წ.
2018 წლის 16 იანვარს, თ. ბ-ემ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №... (10.01.2018) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რასთან დაკავშირებითაც მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ №... (29.01.2018წ.) გადაწყვეტილება, სადაც მიეთითა, რომ რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვერ გაიზიარებდა აპელანტის მოსაზრებას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ა. მ - რ-ისა და ე. რ-ის საკუთრებად სავალი გზის რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან, ტერიტორიის გზად მიჩნევისათვის სავალდებულო იყო, რომ ის აკმაყოფილებდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის თანახმად, გზად მიიჩნეოდა მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონოდა როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლს, ველობილიკს, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონას (ტერიტორიას); საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე ცხადი იყო, რომ სავალი გზა არ შეიძლება დარეგისტრირებულიყო კერძო პირის საკუთრებად. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამხვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო 22 კვ.მ. ტერიტორიისათვის „საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალი გზის ფუნქციის მინიჭება არ იყო დადასტურებული საქმეში არსებული არცერთი დოკუმენტით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოები ცხადყოფდა თ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად ალტერნატიული გზების არსებობას. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ა. მ-რ-ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 22 კვ.მ-იან ნაწილს აპელანტი საოჯახო მეურნეობის წარმოების დროს პრაქტიკული თვალსაზრისით მოსახერხებლად იყენებდა, ვერ შექმნიდა ამ მიწის ნაკვეთზე მესამე პირთა საკუთრების უფლების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ დავობს არა 163 კვ.მ. ფართზე ა. მ-რ-ის საკუთრების უფლებაზე, არამედ სადავოდ ხდის ადგილმდებარეობას და კონკრეტული მიწის ფართობს, რომელიც არასწორად დარეგისტრირდა უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე. საჯარო რეესტრის მიერ დარეგისტრირდა 163 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი ა. მ-რის საკუთრებად, რითაც დაირღვა მოსარჩელის კანონიერი უფლება და ინტერესი, ვინაიდან, მოხდა მის უძრავ ქონებასთან მისასვლელი გზის რეგისტრაცია.
კასატორი აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არის დაქანებული ტერიტორია და სახლის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია სამეურნეო დანიშნულების შენობები, მათ შორის პირუტყვის სადგომი, არ გააჩნია სხვა სამანქანე მისასვლელი გზა. გზის აღნიშნულ მონაკვეთს თვითნებურად ფლობს თ. ბ-ე შეშის შესატანად, პირუტყვის შესაყვანად და სხვა აუცილებელი საჭიროებისთვის.
კასატორის თქმით, №... განაცხადზე წარდგენილი აზომვითი ნახაზი და უფლების დამდგენი დოკუმენტაცია არის ურთიერთშეუსაბამო, კერძოდ, მამკვიდრებლის კ. რ-ის სახელზე გაწერილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ფართობით 0.10 ჰა იმ მხარეს, რომელ მხარესაც დამატებით 163 კვ.მ. დაირეგისტრირა, ემიჯნება გზა ფაქტობრივადაც და აქტის თანახმადაც, ხოლო სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით მომიჯნავედ მითითებულია პ. მ-ი. აქტში მითითებული ეს გზა არის თ. ბ-ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა, რომელსაც ფლობს თ. ბ-ე და რეფორმით არ გადასცემია ა. მ-რ-ის ოჯახს და მისი რეგისტრაცია ა. მ-რ-ის საკუთრებაში კანონშეუსაბამოა.
იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ა. მ-რ-ის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით ხდებოდა ზედდება თ. ბ-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან არსებულმა თვითნებერად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღირების კომისიამ უარი უთხრა თ. ბ-ეს მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე და საკუთრების უფლების აღიარებაზე, ანუ, უარის თქმის მიზეზი ზედდება იყო და არა სხვა რაიმე გარემოება (ფლობის დაუდგენლობა ან სხვა რაიმე მიზეზი).
კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი ისე დარეგისტრირდა (სადავო რეგისტრაცია), რომ არ მომხდარა მისი ადგილმდებარეობის საკითხის გარკვევა არც ადგილობრივ თვითმმართველობაზე მიმართვის გზით, არც საკადასტრო სამსახურის მიერ ადგილზე აზომვის საშუალებით.
კასატორი ყურადღებას ამახვილეს სიტუაციური ნახაზზე მესამე პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი სასაზღვრე მიჯნების შესახებ, უფლების დამდგენი დოკუმენტის მიღება-ჩაბარების აქტის მონაცემებზე, მეზობლების განცხადებაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ მესამე პირებს არ ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მისასვლელი გზის უფლება და ფლობა უდგინდება მოსარჩელეს.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებაზე, რომ არ არსებობს საქმეში მტკიცებულება სადავო ტერიტორიისათვის სავალი გზის ფუნქციის მინიჭების დამადასტურებელი და აღნიშნული ტერიტორია არ აკმაყოფილებს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კასატორი აღნიშნავს, რომ რუკაზე არ და ვერ იქნება დატანილი ყველა გზა და ჩიხი ერთ ან ორ სახლამდე მისასვლელი, მათ შორის, რუკაზე გზად არ არის დატანილი სადავო მონაკვეთი, რაც არ შეიძლება გახდეს საფუძველი სასამართლომ მოსარჩელეს აღუკვეთოს მისასვლელი გზით სარგებლობა და დატოვოს იგი უკანონოდ სხვის საკუთრებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა -განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 27 აპრილს თ. ბ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, 1328.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უკვე რეგისტრირებული იყო თ. ბ-ის საკუთრების უფლება.
საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2017 წლის 02 მაისის №... წერილით აღსრულების ეროვნული ბიუროდან ფაქტების კონსტატაციის მიზნით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია თ. ბ-ის მიერ უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და 15% სხვაობაზე მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობის დასადგენად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის №... გადაწყვეტილებით, თ. ბ-ეს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით არ დგინდებოდა მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობა 15% სხვაობაზე, შესაბამისად დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა ან წარმოსადგენი იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მომატებულ ფართზე.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 16 ივნისს №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და დუშეთის რაიონული არქივიდან.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 06 ივლისის №... სამსახურეობრივი ბარათით გამოითხოვა ინფორმაცია აღიარების კომისიაში გადასაგზავნი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უძრავი ქონების საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დადასტურდა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე თ. ბ-ის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, განცხადებაზე წარდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2017 წლის 25 სექტემბრის №... მიმართვით გადაგზავნილ იქნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 03 ნოემბრის №47 სხდომის ოქმის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ მოთხოვილი მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფ ა. მ-რის უძრავ ნივთთან და განმარტა, რომ კომისიას არ ჰქონდა უფლება საკუთრების მოწმობა გაეცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 იანვრის №... გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკმაყოფილდა თ. ბ-ის 2017 წლის 27 დეკემბრის განცხადება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და თ. ბ-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე დაწყებული წარმოება შეწყდა.
ამასთან, თ. ბ-ეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საფუძვლით ეღიარა ქ. მცხეთა, სოფელ ...ში მდებარე 134.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამდენად, ამ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით დღეის მდგომარეობით (აღნიშნული გარემოება კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა 2020 წლის 9 ივლისის სასამართლო პროცესზეც დაადასტურეს) თ. ბ-ის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს ა. მ-რ-ისა და ე. რ-ის საკუთრებაში არსებული 163 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) მხოლოდ ნაწილზე (დაახლოებით 22 კვ.მ) საკუთების უფლების გაუქმება, რომელიც ემიჯნება თ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და კასატორის განმარტებით, იგი წარმოადგენს თ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელ ერთადერთ გზას.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ა. მ-რისა და ე. რ-ის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე (მდებარე - მცხეთა, სოფელი ...ი, დაზუსტებული ფართობი - 163 კვ.მ. საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა 2018 წლის 10 იანვარს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებად კი მიეთითა: სამკვიდრო მოწმობა №..., გაფორმების თარიღი: 13/11/2008, ნოტარიუსი თ. კ-ე და მიღება-ჩაბარების აქტი №..., გაფორმების თარიღი: 15/05/1997 წელი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 05 მაისს №... წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის რეგიონული არქივიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 მაისის №21-02-1/73631 წერილით ეცნობა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის საკრებულოს სოფელ ...ის 2007 წლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით, კ. რ-ე ფიქსირდებოდა 1 ჰა ფართობის მიწის გადასახადის გადამხდელად.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 23 მაისის №31/65032 წერილით ეცნობა, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცულ მცხეთის რაიონის გალავნის სასოფლო საბჭო - საკრებულოს სოფელ ...ის 1986 - 2001 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში, ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო კ. რ-ე. საცხოვრებელი სახლი აშენებული იყო 1940 წ. 40/30 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (ჩანაწერი რთულად იკითხებოდა). სოფელ ...ის 1997 - 2006 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო კ. რ-ე (ხაზი იყო გადასმული), გარდაიცვალა. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა: 1997 წ. საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართის გრაფაში ჩაწერილი იყო 40/30. მათ შორის საცხოვრებელი 40. 1998 - 2000 წწ. საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 70, მათ შორის საცხოვრებელი 40. მიწის ნაკვეთის შესახებ მონაცემები მითითებული არ იყო.
სოფელ ...ის მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების აქტებსა და გალავნის საკრებულოს სოფ. ...ის კომლთა და ქონების მესაკუთრეთა სიაში, რომლებიც ექვემდებარებოდნენ მიწის რეფორმას / II ეტაპი / ჩანაწერი კ. რ-ის შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007 წწ. საკომლო წიგნებში, 1992 - 2007 წწ. მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელად აღრიცხვის სიები არქივში დაცვაზე არ შესულა.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ...ში №... სამკვიდრო მოწმობისა და 1997 წლის 15 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტის საფუძველზე, ა. მ-რ-ისა (პირადი ნომერი ...) და ე. რ-ის (პირადი ნომერი ...) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არის - 800.00 კვ.მ ფართობის ... (ახალი საკადასტრო კოდი ...) საკადასტრო კოდის მქონე, 1 100.00 კვ.მ ფართობის ... საკადასტრო კოდის მქონე, 2 000.00 კვ.მ ფართობის ... საკადასტრო კოდის მქონე, 1 000.00 კვ.მ ფართობის ... საკადასტრო კოდის მქონე, 4 100.00 კვ.მ ფართობის ... საკადასტრო კოდის მქონე და 800.00 კვ.მ ფართობის ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთებზე, ჯამში 9800 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 163,00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ა. მ - რ-ის და ე. რ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე (ს.კ. №...) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არ არსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „კანონმდებელი კანონიერ ინტერესში მოიაზრებს პატივსადებ, მართლზომიერ ინტერესს, დაცვის ღირსია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კანონით დაცული ინტერესი, დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების გარკვეულ წყებას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოდ ქცევა. დავაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება. ამასთან, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა (სუსგ #ბს-574-574(კს-18); 03.09.18).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის მის საკუთრებამდე მისასვლელი გზის მესამე პირის მიერ რეგისტრაციის ფაქტს, რაც ბუნებრივია ადასტურებს მის კანონიერ ინტერესს კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მიმართ. ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ 2020 წლის 9 ივლისის სასამართლო სხდომაზე თავად კასატორმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ ამჟამად მის კანონიერ ინტერესს რეგისტრირებული 163 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილის (დაახლოებით 22 კვ.მ) რეგისტრაციის ბათილად ცნობა წარმოადგენს. ამდენად, მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვისას დაზუსტდეს სასარჩელო მოთხოვნა, რის შემდგომაც, სადავო აქტების კანონიერების შეფასება ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის ფარგლებში მოქცეული (22 კვ.მ) მიწის ნაკვეთის ნაწილში განხორციელდება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არის არა ზოგადად მიწის ნაკვეთის მესამე პირებისადმი კუთვნილება, არამედ მისი ადგილმდებარეობა, ვინაიდან, როგორც სარჩელის საფუძველს, ისე კასაციის ძირითად მოტივს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მესამე პირთა სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებამდე მისასვლელ ძირითად გზას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია მიწის ნაკვეთის №... მიღება-ჩაბარების აქტი.
სადავო პერიოდში მოქმედი (26/07/2017 - 28/06/2018) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტი არის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადმინისტრაციული ხელშეკრულება), რომელიც კონკრეტულ უძრავ ნივთზე წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მესამე პირებს საკუთრებაში გადაეცათ 6 (ექვსი) სხვადასხვა ფართობის და მდებარეობის მიწის ნაკვეთი, რომელთაგან მხოლოდ 4 მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და მდებარეობა არის განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტზე, ხოლო დარჩენილი 2 მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და მდებარეობა არ არის მითითებული. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მესამე პირების საკუთრებად რეგისტრირებულია საკარმიდამო მიწის ნაკვეთი - 1000 კვ.მ, რომელიც შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტზე მოცემული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და მდებარეობას, კერძოდ, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება გზა, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან - ქ. ბ-ის (ამჟამად თ. ბ-ის) მიწის ნაკვეთი. ამდენად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მესამე პირებს უკვე რეგისტრირებული აქვთ და ჰქონდათ 1000 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება, დამატებით 163 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ფაქტს, ბუნდოვანია, თუ რის საფუძველზე განსაზღვრა მარეგისტრირებელმა ორგანომ მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული დარჩენილი მიწის ნაკვეთის, უკვე რეგისტრირებული 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობის საკითხი, მაშინ როდესაც, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული არის გზა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების პოზიციას იმის თაობაზე, რომ მიღება-ჩაბარების აქტში ჩრდილოეთის მხრიდან მითითებულ გზას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ეტაპობრივად განხორციელდა ამ ტერიტორიების მოსახლეობისათვის გადაცემაც. შესაბამისად, ამჟამად, მესამე პირების მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება არა გზა, არამედ პ. მ-ის საკუთრება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის ამ პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, საერთოდ აზრს დაკარგავდა საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტში - მიღება-ჩაბარების აქტში, მიწის ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობის და კონფიგურაციის განსაზღვრის საჭიროება და შესაძლებელი გახდებოდა, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულიყო ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, გზაზეც, მიუხედავად მისი მდებარეობისა თუ კონფიგურაციისა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე უარყვეს თ. ბ-ის სარჩელი და შემოიფარგლნენ მხოლოდ გზის სტატუსის ფორმალური განმარტებით და შესაძლო ალტერნატიულ გზაზე მითითებით (მხოლოდ ორთოფოტოზე დაყრდნობით), რომ არ დაუდგენიათ შესაბამისი მიწის ნაკვეთზე არსებული რეალური ფაქტობრივი მოცემულობა, კერძოდ, რამდენად შეეძლო ესარგებლა თ. ბ-ეს ალტერნატიული გზით და რამდენად უზრუნველყოფდა ალტერნატიული გზა თ. ბ-ის მიერ მისი საკუთრებით ჯეროვნად სარგებლობის უფლების რეალიზებას.
საკასაციო სასამართლო აბსოლუტურად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სავალი გზა არ შეიძლება დარეგისტრირდეს კერძო პირის საკუთრებად და სწორედ ამ არგუმენტზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოკვლევის მიღმა დატოვეს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტში - მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული ჩანაწერი „გზა“, რაც მიანიშნებდა თ. ბ-ის მიწის ნაკვეთზე მისასვლელი გზის არსებობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ დარეგისტრირებული უძრავი ქონების სადავო მონაკვეთი ვერ აკმაყოფილებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით შესაბამისად გზად მიჩნევის კრიტერიუმებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ „გზის“ დეფინიციაზე (5.12 მუხლი) და აღნიშნავს, რომ მოცემული ნორმა ზოგადად განმარტავს გზას, რაც არ გამორიცხავს განსახილველი დავის ფარგლებში სადავო მიწის ნაკვეთის მეორეხარისხოვან გზად მიჩნევის შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო საჩივრის და მხარეთა ახსნა-განმარტებების სასამართლოს მხრიდან შეფასება არსებით მნიშვნელობას იძენს საქმის მართებულად გადაწყვეტის კუთხით, თუმცა, საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დამატებით მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას, მოსარჩელის მიერ მისი მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, საქმეში წარმოდგენილი და დამატებით მოძიებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე, რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გათვალისწინებით, უნდა შეაფასოს და დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებამდე მისასვლელ ერთადერთ გზად მიჩნევის და მოსარჩელის მიერ აღნიშნული ტერიტორიით სარგებლობის აუცილებელი საჭიროების არსებობა/არარსებობის საკითხი.
ამასთან, რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, სასკ-ის 2.5 მუხლი ადგენს სზაკ-ით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შემთხვევაში სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში სწორედ საგამონაკლისო დანაწესი მოქმედებს, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება სასამართლო წესით საჩივრდება, სააგენტო განიხილავს რეგისტრაციის უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებებზე ადმინისტრაციულ საჩივრებს. სზაკ-ის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას (სუსგ 25.05.2011წ. #1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. #ბს-598-591 (კ-15)), თუმცა არ ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას განიხილოს რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი. ასეთი საჩივრის განხილვა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის გათვალისწინებით, არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რის გამოც ზემოაღნიშნული სადავო აქტი კანონიერია და არ იკვეთება მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე