№ბს-235(კ-20) 29 ივლისი, 2020 წელი ბს-235(კ-20) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ს-ას, მ. ს-ასა და ნ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 02 მარტს ე. ს-ამ, მ. ს-ამ და ნ. სუხანოვამ სარჩელით მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ტერიტორიული ორგანოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის ტერიტორიული სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სოფელ ქვემო ალვანის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 14 თებერვლის №59 ცნობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 1 მარტის №... გადაწყვეტილების, 2013 წლის 1 მარტის №... გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 3 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, მათი ბებიის - მ. ბ-ის კომლის საკუთრებად რეგისტრირებული იყო ახმეტის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება (დაუზუსტებელი ფართობი - 13 429,97 კვ.მ.). მ. ბ-ის გარდაცვალების შემდგომ, მის სამკვიდრო ქონებას დაეუფლნენ და სარჩელის წარდგენის პერიოდში ფლობდნენ მოსარჩელეები. ე, მ და ნ. ს-ების მითითებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2013 წლის 14 თებერვლის №59 ცნობის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მ. ბ-ის გარდაცვალების შემდგომ მის კომლში დარჩა მისი შვილიშვილი - გ. ჭ-ი. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, გ. ჭ-მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით დაირეგისტრირა მ. ბ-ის კომლის დანაშთი ქონება. მოსარჩელეთა მოსაზრებით, ახმეტის მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა ხსენებული ცნობის გაცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. დაუდგენელია, რომელი დოკუმენტის საფუძველზე დაადგინა მუნიციპალიტეტმა მ. ბ-ის გარდაცვალების, მასთან გ. ჭ-ის ნათესაური კავშირის არსებობისა და კომლში მხოლოდ გ. ჭ-ის ცხოვრების ფაქტები. მოსარჩელეთა მითითებით, ტერიტორიულ ორგანოს უნდა დაედგინა წარმოადგენდა თუ არა გ. ჭ-ი მ. ბ-ის ერთადერთ შვილიშვილს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ჭ-ი, ზ. ს-ი, ნ. ე-ი და ლ. ფ-ი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ს-ას, მ. ს-ასა და ნ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 მარტის განჩინებით ე. ს-ას, მ. ს-ასა და ნ. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულi საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 31-ე პუნქტის თანახმად, ნივთზე კომლის საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. თუ კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია ან გასულია კომლიდან, კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, წარმოებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ როგორც მოსარჩელეები, ისე მესამე პირი - გ. ჭ-ი, იყვნენ მ. ბ-ის შვილიშვილები. მ. ბ-ი გარდაიცვალა 2010 წლის 17 აპრილს. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელი ...ის გამგეობის მიერ 2013 წლის 14 თებერვალს გაცემული №59 ცნობით ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ადასტურებდა, რომ მ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ, მის კომლში დარჩა შვილიშვილი - გ. ჭ-ი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამგეობის აღნიშნული ცნობის გაცემის საფუძველს თელავის რეგიონულ არქივში დაცული საკომლო წიგნის ჩანაწერები წარმოადგენდა, კერძოდ, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2015 წლის 19 ნომებრის №... წერილის თანახმად, თელავის რეგიონულ არქივში დაცული, ახმეტის რაიონის სოფელი ...ის 1986-1990 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილი იყო მ. ი-ეს ასული ბ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: მ. ი-ეს ასული ბ-ი (ოჯახის უფროსი); ვ. ე-ს ძე ბ-ი, შვილი (გადახაზული). ამავე წერილის მიხედვით, სოფელ ...ის 1998-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილი იყო მ. ი-ეს ასული ბ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: მ. ი-ეს ასული ბ-ი - ოჯახის უფროსი და გ. ვ-ის ძე ჭ-ი - შვილიშვილი. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებულ საკომლო ჩანაწერებში მოსარჩელეთა მონაცემები მითითებული არ იყო, ახმეტის რაიონის სოფელი ...ის საკომლო წიგნში, მ. ი-ს ასულ ბ-თან ერთად, კომლის წევრად ფიქსირდებოდა მხოლოდ მისი შვილიშვილი - გ. ჭ-ი. შესაბამისად, სადავო რეგისტრაციების განხორციელებისას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 31-ე პუნქტიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრი ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა კომლის შემადგენლობის შესახებ არსებული მტკიცებულებით, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, კომლის წევრად მხოლოდ გ. ჭ-ის არსებობას ადასტურებდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ...ის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 14 თებერვლის №59 ცნობის გაცემაზე უფლებამოსილ პირთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს შორის მოიაზრებდა თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს. აღნიშნული კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით, უფლებამოსილი იყო, მოქალაქეებზე გაეცა საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება ცნობის არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემათან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. ს-ამ, მ. ს-ამ და ნ. ს-ამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავენ, რომ მოსარჩელეები ბებიის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში დაეუფლნენ მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. მიუხედავად ამისა, გ. ჭ-მა ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო აქტის საფუძველზე, საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე დაირეგისტრირა სადავო მიწის ნაკვეთები. კასატორების მოსაზრებით, ახმეტის მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა 2013 წლის 14 თებერვლის №59 ცნობის გაცემის ფაქტობრივი და სამართალებრივი საფუძვლები. დაუდგენელია, რა მტკიცებულების საფუძველზე მიიჩნია ორგანომ გ. ჭ-ი მ. ბ-ის კომლის ერთადერთ წევრად.
კასატორთა მითითებით, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ე, მ და ნ. ს-ები ფაქტობრივად დაეუფლნენ გარდაცვლილი ბებიის - მ. ბ-ის დანაშთ ქონებას. აღნიშნული გარემოება ადმინისტარციული წარმოების პროცესში არ გამოკვლეულა, რამაც განაპირობა საკითხის გ. ჭ-ის სასარგებლოდ გადაწყვეტა. კასატორთა მოსაზრებით, სადავო შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამკვიდროს დაუფლებისა და მიღების წესები. იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლმა დაკარგა იურიდიული ძალა, კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების ფაქტი ირელევანტურია მოცემულ დავისთვის. მ. ბ-ის გარდაცვალების დროისათვის, მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო, ამდენად, მამკვიდრებლის დანაშთი ქონება თანაბარწილად უნდა მიეღოთ მის მემკვიდრეებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ს-ას, მ. ს-ასა და ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ს-ას, მ. ს-ასა და ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კასატორები - ე. ს-ა, მ. ს-ა და ნ. ს-ა, აგრეთვე მესამე პირი - გ. ჭ-ი, არიან მ. ბ-ის შვილიშვილები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მ. ბ-ის კომლის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ახმეტის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება (დაუზუსტებელი ფართობი: 13 429,97 კვ.მ.), რომელიც 2013 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ...ის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 14 თებერვლის №59 ცნობისა და 1998 წლის №... მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილებებით დარეგისტრირდა გ. ჭ-ის საკუთრების უფლებით. კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ...ის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 14 თებერვლის №59 ცნობისა და გ. ჭ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების კანონიერების დადგენა წარმოადგენს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ქვემო ალვანის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 14 თებერვლის №59 ცნობით დასტურდება, რომ მ. ბ-ის გარდაცვალების შემდგომ, მის კომლში დარჩა მისი შვილიშვილი - გ. ჭ-ი. ცნობას ხელს აწერს ტერიტორიული ორგანს რწმუნებული. ამასთან, ცნობა დამოწმებულია შესაბამისი ბეჭდით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ცნობის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ხელმძღვანელობდა. სადავო ცნობის გაცემის საფუძვლებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორის 2015 წლის 19 ივნისის №... წერილზე, რომლის თანახმად, სოფელი ...ის 1998-2006 წლების საკომლო წიგნში მ. ბ-ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ მ. ი-ს ასული ბ-ი - ოჯახის უფროსი და გ. ვ-ს ძე ჭ-ი - შვილიშვილი. ამდენად, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ...ის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 14 თებერვლის №59 ცნობა შესაბამისობაშია საკომლო ჩანაწერებთან, რაც გამორიცხავს მის უკანონობას.
საკასაციო სასამართლო აგრეთვე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების კანონიერებასთან დაკავშირებით. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 31-ე პუნქტის შესაბამისად, რეგისტაციის პროცესში საჯარო რეესტრი ითვალისწინებს კომლის შემადგენლობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტების გამოცემის პერიოდში, კომლში სამკვიდროს გახსნის საკითხს არეგულირებდა სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი, რომლის თანახმად, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო იხსნებოდა მხოლოდ კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. მართალია, სამოქალაქო კოდექსში 2019 წლის 25 ივნისს შეტანილი ცვლილებით, კოდექსს დაემატა 15131 მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები და კონკრეტულ შემთხვევაში, მ. ბ-ის კომლის ქონება რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლი ამოქმედდა 2019 წლის 01 აგვისტოდან, რაც გამორიცხავს მისი სადავო შემთხვევაზე გავრცელების შესაძლებლობას. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მართებულად იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ე. ს-ას, მ. ს-ასა და ნ. ს-ას საკასაციო საჩივარზე 02.04.20წ. №0 საგადახდო დავალებით მ. ე-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიხეილ ელიკაშვილს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ს-ას, მ. ს-ასა და ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 მარტის განჩინება;
3. მ. ე-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ე. ს-ას, მ. ს-ასა და ნ. ს-ას საკასაციო საჩივარზე 02.04.20წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე