საქმე #ბს-283(კ-19) 2 ივლისი, 2020 წელი
ბს-283(კ-19) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – გ. გ-ა (მოსარჩელე), დ. კ-ი (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; 3. ს. კ-ე
მესამე პირები – თ. ბ-ე, კ. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 10 ივლისს გ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ს. კ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მის სახელზე თანასაკუთრების უფლებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ლანჩხუთის რ/ნი, სოფელი ..., ს/კ #... არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 204 კვ.მ შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი). მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 18 ივნისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) წინამდებარე ტერიტორია (ზღვისპირა ზოლი) 100.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ს. კ-ის სახელზე იყო რეგისტრირებული (ს/კ #...).
მოსარჩელის აღნიშვნით, საჯარო რეესტრის ამონაწერში სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: სამკვიდრო მოწმობა #... (28.07.2015წ.) ნოტარიუსი მ. ჯ-ი; წერილი #2766 (05.05.2017), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ოქმი #01111, (04.05.2017), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტებით დგინდება, რომ 2017 წლის 13 თებერვალს ს. კ-ემ განცხადება წარადგინა საჯარო რეესტრში, რომელსაც დაურთო დოკუმენტები და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (ს/კ #...) მოითხოვა. წარდგენილ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება რამდენჯერმე იქნა შეჩერებული და განახლებული. საბოლოოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მაისის #... გადაწყვეტილებით სადავო უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება. მოსარჩელის განმარტებით, ს. კ-ემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ცვლილების რეგისტრაცია) მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ იგი წარმოადგენდა აწ. გარდაცვლილი მეუღლის - ი. გ-ის მემკვიდრეს, რომლის სახელზეც საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ლანჩხუთში, სოფელ ...ში (...ი) მდებარე 200.00 კვ.მ ფართის დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის მოსაზრებით, საჯარო რეესტრში ს. კ-ის სახელზე ლანჩხუთის რ/ნ-ში, ...ში (...) მდებარე 100.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სადავო აქტები უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას და ინტერესს, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციით მას ფაქტობრივად წაერთვა საკუთარი ქონებით სარგებლობის უფლება. მოსარჩელის მითითებით, იგი ვერ შეძლებს საკუთარ საცხოვრებელ სახლსა და ეზოში შესვლას იმის გამო, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო მის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი (შესასვლელი), უკვე სხვა პირის საკუთრებაა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, რადგან სახლში ასასვლელი კიბე მდებარეობს ზუსტად იმ „წითელ ხაზზე“, სადაც მისი ნაკვეთის საზღვარი გადის. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთსა და მის კიბეს 70 სმ აშორებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ღობის ან რაიმე სახის სასაზღვრო მიჯნის (კონსტრუქციის) აშენების შემთხვევაში, იგი ვეღარ შეძლებს მისი ნაკვეთითა და მასზე განთავსებული სახლით სარგებლობას. ამასთან, იგი ვერ შეძლებს ავტოფარეხში ავტომობილის შეყვანას, რომელიც სახლის ქვემოთ მდებარეობს. მოსარჩელის მითითებით, მის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (საცხოვრებელ სახლს) სხვა მისასვლელი არ გააჩნია.
მოსარჩელის განმარტებით, როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ასევე საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში ს. კ-ის განცხადების გამო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა კანონდარღვევით. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გარემოებათა და მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, იგი არ ყოფილა ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩაბმული.
ამდენად, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 17 მაისის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 17 ნოემბრის #... გადაწყვეტილების, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 5 მაისის #2766 წერილისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #01111 ოქმის ბათილად ცნობა და ს. კ-ის და თ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. ბ-ე, კ. ბ-ე და დ. კ-ი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #01111 ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება #...; გაუქმდა ს. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ...ი, საკადასტრო კოდი #...); ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 17 ნოემბრის #... გადაწყვეტილება; გაუქმდა თ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ...ი, საკადასტრო კოდი #...).
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 100 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ს. კ-ზე. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობა, წერილი #2766, ოქმი #01111. საჯარო რეესტრის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ დარეგისტრირდა თ. ბ-ე.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სასამართლომ განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, რეგისტრაციის ძირითად საფუძველს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #01111 ოქმი წარმოადგენდა. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ოქმის შედგენას წინ უნდა უძღვოდეს ადმინისტრაციული წარმოება, რომელსაც ატარებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული წარმოება, მოცემულ შემთხვევაში, მოიცავდა მხოლოდ დათვალიერების მონაწილე პირის მოსაზრებას, კერძოდ, ოქმში მითითებული იყო, რომ უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათით (#45/2000 14.08.2000წ.) წარმოდგენილ მიწის აზომვით ნახაზთან და ადგილმდებარეობასთან იდენტურობა დგინდებოდა. სასამართლომ განმარტა, რომ უცნობი იყო ის, თუ რას ეფუძნებოდა მსგავსი კატეგორიული დასკვნა. მოცემულ შემთხვევაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ არ იყო ჩატარებული სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, წარმომადგენელი - ე. ჩ-ი მხარესთან ერთად გავიდა ადგილზე და დაადასტურა ის დოკუმენტი, რომელიც მხარის მიერ იყო წარდგენილი საჯარო რეესტში, თუმცა რა გახდა აღნიშნულის საფუძველი, გაურკვეველი იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ გაურკვეველი იყო, თუ რა სახის სპეციალური ცოდნა გააჩნდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს - ე. ჩ-ს მოცემული საკითხის შესაფასებლად, რა მეთოდის გამოყენებით, რა კვლევის საფუძველზე მიიღო მან სადავო გადაწყვეტილება. ამასთან, სასამართლოს მითითებით, მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოება, რომ ს. კ-ზე #01111 დათვალიერების ოქმით გადაცემული მიწის ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრებოდა სანაპირო ზოლს, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო სანაპირო ზონის ნაწილი, აღნიშნული კი, საჭიროებდა ცალკე შეფასებას. საგულისხმოდ იქნა მიჩნეული ისიც, რომ დ. კ-ისა და გ. გ-ას ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენება ხდებოდა შეუძლებელი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო. ამასთან, რამდენადაც წერილი არ წარმოადგენდა უფლების წარმომშობ აქტს, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. კ-ემ, თ. ბ-ემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. კ-ის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და თ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის 2000 წლის 14 აგვისტოს ამონაწერით ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ზონა - ლანჩხუთი, კოდი - .., სექტორი - ..., კოდი - .., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., ფართობი - 6000 კვ.მ, მისამართი: სოფელი ..., უფლება - კერძო საკუთრება, ნაკვეთის წინა ნომერი - 13, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ი. გ-ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ხელშეკრულება, გაცემული ფოთის სანოტარო ბიუროს მიერ 01.08.2000წ. ნოტარიუსის - მ/შ. გ-ას მიერ. ამავე ამონაწერით ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი დაიყო 22 ნაწილად და სხვადასხვა ფართებით დარეგისტრირდა სხვადასხვა მესაკუთრეებზე, მათ შორის, 300 კვ.მ გ. გ-ზე.
2015 წლის 28 ივლისის #... სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ ს. კ-ემ (პ/ნ #...), როგორც 2015 წლის 23 იანვარს გარდაცვლილი ი. გ-ის (პ/ნ #...) პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, საკუთრებაში მიიღო ½ წილი მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს იგი... .
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში დაცული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ #... (ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ნაკვეთის წინა ნომერი - #...) 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ირიცხება ს. კ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 1) #... სამკვიდრო მოწმობა, დამოწმებული ნოტარიუს მ. ჯ-ის მიერ 28.07.2015 წელს; 2) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის #2766 წერილი, დამოწმებული 05.05.2017 წელს; 3) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის #01111 ოქმი, დამოწმების თარიღი - 04.05.2017წ. რეგისტრაციის თარიღი - 17.05.2017წ. #....
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ს. კ-ის წარმომადგენელმა - დ. ბ-ემ 2017 წლის 13 თებერვალს N... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...თში მდებარე მიწის ნაკვეთზე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების/ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება მოითხოვა. განცხადებას ერთვოდა: 1) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 3) განმცხადებლის თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის შესახებ; 4) თანხობა მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნის შესახებ; 5) ელ. ვერსია; 6) მინდობილობა #...; 7) სამკვიდრო მოწმობა #...; 8) ელ. ვერსია; 9) განცხადება (განცხადებაზე თანდართული 10 გვერდი).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის #... მიმართვით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ს. კ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გადაეგზავნა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება მოეთხოვა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2017 წლის 7 აპრილის #01013 ოქმის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის - ე. ჩ-ის მიერ დათვალიერდა ს. კ-ის (პ/ნ #...) საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ #...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია 2000 წლის 14 აგვისტოს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი #.... ამავე ოქმში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის დამადასტრურებელი დოკუმენტით (ს/კ #...) მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით - (#... გაც. 14.08.2000წ.) დგინდება, რომ საკუთრებაში დარჩენილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 100 კვ.მ. საკადასატრო აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი შეადენს 200 კვ.მ. აქედან გამომდინარე, დოკუმენტით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის.
მიწის (უძრავი ქონების) (ს/კ #...) 2000 წლის 14 აგვისტოს #... სააღრიცხვო ბარათით ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ზონა - ლანჩხუთი, კოდი - .., სექტორი, ..., კოდი -..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., დაუზუსტებელი ფართობი 6000 მ2, მისამართი: სოფელი ..., უფლება - კერძო საკუთრება, ნაკვეთის წინა ნომერი - ..., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, მესაკუთრეა ი. გ-ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ფოთის სანოტარო ბიუროს, კერძოდ, ნოტარიუს მ.შ. გ-ას მიერ გაცემული 2000 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულება.
საჯარო რეესტრის 2008 წლის 24 ოქტომბრის ამონაწერით ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ზონა - ლანჩხუთი, კოდი - ..., სექტორი - ..., კოდი - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., დაუზუსტებელი ფართობი - 200 კვ.მ, მისამართი: სოფელი ..., უფლება - საკუთრება, ნაკვეთის წინა ნომერი - ..., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ი. გ-ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია #1-140 ხელშეკრულება (01.08.2000წ. ნოტარიუსი გ-ა).
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 4 მაისის #01111 ოქმის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის - ე. ჩ-ის მიერ დათვალიერდა ს. კ-ის (გვარი ასეა მითითებული ოქმის პირველ გვერდზე) (პ/ნ #...) საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთი, ს/კ #.... მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მფლობელი არიან ბ და ლ. ჩ-ეები. ამავე ოქმში მითითებულია, რომ 2000 წლის 14 აგვისტოს გაცემული უძრავი ქონების #... სააღრიცხვო ბარათით დადგინდა წარმოდგენილი მიწის აზომვით ნახაზთან და ადგილმდებარეობასთან იდენტურობა, მიწის ნაკვეთის ფართობი - 100 კვ.მ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 5 მაისის #2766 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 21 აპრილის N... წერილის პასუხად სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ადგილზე დათვალიერების #01111 ოქმი გაეგზავნა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ში) მდებარე თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი) ს/კ #... (ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების), შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 204 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - #..., 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ირიცხება დ. კ-ისა და გ. გ-ას სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 13.10.2010.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 ივნისის #... წერილით გ. გ-ას ეცნობა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...თში მდებარე ნაკვეთზე (საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 6000.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: #...; ს/კ #...) ი. გ-ის (პ/ნ #...) საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2000 წლის 14 აგვისტოს. რეგისტრაციის ნომერი: ... საფუძველი: ნასყიდობის ხელშეკრულება #1/140, გაფორმების თარიღი: 01.08.2000, ნოტარიუსი მ.გ-ა. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული საკადასტრო კოდი გაუქმებულია, უძრავი ნივთი დაიყო ოცდასამ უძრავ ნივთად.
2018 წლის 9 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ს. კ-ის მიწის ნაკვეთი იწყება გ. გ-ას სახლის კიბიდან 70 სმ-ში, საცხოვრებელი სახლის პირდაპირ, რომლის სიგანე არის 12 მეტრი, სიგრძე - 8 მეტრი. მიწის ნაკვეთს ორივე მხრიდან აქვს (სამანქანე) შემოსასვლელი გზა. ადგილზე დათვალიერებას ესწრებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი - ე. ჩ-ი, რომლის განმარტებით, ს. კ-ის მიწის ნაკვეთის იდენტურობა ადგილზე დაადგინა, საჯარო რეესტრის მონაცემებით იგი სხვა მიწის ნაკვეთთან ზედდებაში არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რომ არ დაუდგენია მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესის პირდაპირ და უშუალო ხელყოფის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (თვით მოსარჩელე მხარისა და მოპასუხე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებების, მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათის, საკადასტრო და სიტუაციური ნახაზების, მარეგისტრირებელ ორგანოში სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების) მხედველობაში მიღებით, მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებდა მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ასევე არ დასტურდებოდა აღნიშნული აქტებით მისი უფლების შეზღუდვის ფაქტი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მნიშვენელოვანი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ აცხადებდა პრეტენზიას სადავო 100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, როგორც ამ მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი ან თვითნებური დამკავებელი. მას არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა სანაპირო ზოლს, საჯარო სივრცეს, გზას, გასასვლელს. ასეთზე არ მიუთითებდა თვით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელიც. მიწის ნაკვეთი ამ სტატუსით საჯარო რეესტრში არასდროს ყოფილა რეგისტრირებული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზები არ იძლეოდა ამგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს. ამასთან, საგულისხმო იყო, რომ მოსარჩელე მხარე აფიქსირებდა საჯარო აუქციონის გზით ამ მიწის ნაკვეთის შეძენის სურვილს და ამიტომაც იყო დაინტერესებული, რომ მიწა არ აღრიცხულიყო კერძო პირის საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით აღძრულ სარჩელზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სარჩელის დაკმაყოფილება საჭიროებს მოცემული კუმულაციური პირობებიდან ყველას არსებობას. კანონმდებელი ამ ინტერესში მოიაზრებს მხოლოდ პატივსადებ, მართლზომიერ ინტერესს, რადგან სამართლებრივად დაცვის ღირსია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კანონით დაცული ინტერესი, სასამართლოს დაცვის სფეროს სცილდება არაკანონიერი ინტერესის დაცვა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული, სარჩელში დასმული საკითხისადმი მოსარჩელის უშუალო უფლებდამცავი ინტერესი უნდა გააჩნდეს. ინტერესის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლო კი ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, მოსაზრება უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტებს, ხოლო ფაქტები გამყარებული უნდა იყოს შესაბამის მტკიცებულებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების ერთობლიობას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოობა. დავაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება - მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ მოპასუხის მიერ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ძირითადად თავისი მოთხოვნისადმი ინტერესს აფუძნებდა სამომავლოდ საკუთრების უფლების შესაძლო ხელყოფის ვარაუდზე, რომ იგი ვერ შევიდოდა თავის მიწის ნაკვეთში, ვერ ისარგებლებდა ავტოფარეხითა და სახლში შესასვლელი კიბით, თუ სადავო მიწაზე (მეზობელ მიწის ნაკვეთზე) საზღვარზე აღიმართებოდა მყარი მიჯნა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ამგვარი ურთიერთობები სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირებადია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, სარჩელი დაშვებულ იქნა განსახილველად, რადგან აღნიშნულ პროცესუალურ ეტაპზე საკმარისი იყო ვარაუდი, რომ ირღვეოდა მოსარჩელეთა სუბიექტური უფლება, თუმცა საქმის არსებითად განხილვით - სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი განხილვა-გამოკვლევით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელეთა კანონიერი უფლების ან/და ინტერესის დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უარყოფის საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-ამ და დ. კ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ გაუანალიზებია საქმეში წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებები, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგები, მოწმის სახით დაკითხული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის - ე. ჩ-ის მიერ სასამართლო სხდომაზე და ადგილზე დათვალიერების დროს მიცემული ჩვენებები (ახსნა-განმარტებები), ფოტოსურათები, საკადასტრო აზომვითი ნახაზები, სიტუაციური ნახაზები და ა.შ. შესაბამისად, კასატორთათვის გაურკვეველია, მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, როგორ დაადგინა სააპელაციო სასამართლომ კასატორთა კანონიერი ინტერესის არარსებობა.
კასატორები მიიჩნევენ, რომ საჯარო რეესტრში ს. კ-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრაცია განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზიანს აყენებს კასატორთა კანონიერ უფლებასა და ინტერესს, კერძოდ, მათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, რადგანაც სახლში ასასვლელი კიბე მდებარეობს ზუსტად იმ „წითელ ხაზზე“, სადაც მათი ნაკვეთის საზღვარი გადის. სადავო მიწის ნაკვეთსა და სახლის კიბეს 70 სმ აშორებს, რაც, კასატორთა მითითებით, ნიშნავს იმას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ღობის ან რაიმე სხვა სასაზღვრო მიჯნის (კონსტრუქციის) აღმართვის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება მათი ნაკვეთითა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით სარგებლობა. ამასთან, ისინი ვერანაირად ვერ შეძლებენ ავტოფარეხში ავტომობილის შეყვანას, რომელიც სახლის ქვემოთ მდებარეობს, ასევე, შეუძლებელი გახდება სახლში საყოფაცხოვრებო ნივთების შეტანა ან/და გამოტანა. ამდენად, კასატორთა მოსაზრებით, შეილახა მათი ფუნდამენტური უფლება თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთრების ფლობისა და განკარგვისა. კასატორები, ასევე, მიუთითებენ, რომ მათ ეკარგებათ ზღვის ხედი, ეზღუდებათ სივრცე, მათ ნაკვეთს აღარ ექნება ის ფუნქცია და ღირებულება, რაც მას აქამდე გააჩნდა.
კასატორები განმარტავენ, რომ მათ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (საცხოვრებელ სახლს) სხვა მისასვლელი არ გააჩნია. კასატორთა მითითებით, მათ იცოდნენ, რომ მათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წინ მდებარე ტერიტორია წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, შესაბამისად, გაუგებარია, თუ როგორ აღმოჩნდა სადავო მიწის ნაკვეთი ს. კ-ის გარდაცვლილი მეუღლის საკუთრებაში.
კასატორები მიუთითებენ, რომ როდესაც გ. გ-ამ თავად ს. კ-ის გარდაცვლილი მეუღლის - ი. გ-გან შეიძინა მიწის ნაკვეთი, გამყიდველის განმარტებით, მის მიერ შეძენილი ნაკვეთი იმყოფებოდა ე.წ. „პირველ ზოლში“. ს. კ-ემ შეცდომაში შეიყვანა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სადავო მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა მის სახელზე ისე, რომ მას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა. კასატორთა მითითებით, ს. კ-ის მიერ აზომილ იქნა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც არ ეკუთვნოდა მის მამკვიდრებელს - ი. გ-ს, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უკანონოდ და უსაფუძვლოდ დაადგინა მიწის ნაკვეთების იდენტურობა. კასატორები აღნიშნავენ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #01111 ოქმი არ შეიცავს სწორ და ზუსტ ინფორმაციას. არასწორია ოქმში მითითებული ინფორმაცია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ, კერძოდ, კასატორთა განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არა ბ და ლ. ჩ-ეები, არამედ გ. გ-ა და დ. კ-ი არიან.
კასატორები, აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ დ. კ-ს, როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის, სარჩელსა და მის მოთხოვნებზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ მითითებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. გ-სა და დ. კ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-სა და დ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-სა და დ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-სა და დ. კ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საჯარო რეესტრის 2000 წლის 14 აგვისტოს ამონაწერით ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ზონა - ლანჩხუთი, კოდი - ..., სექტორი - ..., კოდი - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., ფართობი - 6000 კვ.მ, მისამართი: სოფელი ..., უფლება - კერძო საკუთრება, ნაკვეთის წინა ნომერი - ..., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ი. გ-ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ხელშეკრულება, გაცემული ფოთის სანოტარო ბიუროს მიერ 01.08.2000წ. ნოტარიუსის - მ/შ. გ-ას მიერ. ამავე ამონაწერით ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი დაიყო 22 ნაწილად და სხვადასხვა ფართებით დარეგისტრირდა სხვადასხვა მესაკუთრეებზე, მათ შორის, 300 კვ.მ გ. გ-ზე.
2015 წლის 28 ივლისის #... სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ ს. კ-ემ (პ/ნ #...), როგორც 2015 წლის 23 იანვარს გარდაცვლილი ი. გ-ის (პ/ნ #...) პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, საკუთრებაში მიიღო ½ წილი მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს იგი... .
საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ #... (ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ნაკვეთის წინა ნომერი - #...) 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ირიცხება ს. კ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 1) #... სამკვიდრო მოწმობა, დამოწმებული ნოტარიუს მ. ჯ-ის მიერ 28.07.2015 წელს; 2) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის #2766 წერილი, დამოწმებული 05.05.2017 წელს; 3) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის #01111 ოქმი, დამოწმების თარიღი - 04.05.2017წ. რეგისტრაციის თარიღი - 17.05.2017წ. #....
ს. კ-ის წარმომადგენელმა - დ. ბ-ემ 2017 წლის 13 თებერვალს N... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების/ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება მოითხოვა. განცხადებას ერთვოდა: 1) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 3) განმცხადებლის თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის შესახებ; 4) თანხობა მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნის შესახებ; 5) ელ. ვერსია; 6) მინდობილობა #...; 7) სამკვიდრო მოწმობა #...; 8) ელ. ვერსია; 9) განცხადება (განცხადებაზე თანდართული 10 გვერდი).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის #... მიმართვით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ს. კ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გადაეგზავნა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება მოეთხოვა.
საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2017 წლის 7 აპრილის #01013 ოქმის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის - ე. ჩ-ის მიერ დათვალიერდა ს. კ-ის (პ/ნ #...) საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ #...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია 2000 წლის 14 აგვისტოს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი #.... ამავე ოქმში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის დამადასტრურებელი დოკუმენტით (ს/კ #...) მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით - (#... გაც. 14.08.2000წ.) დგინდება, რომ საკუთრებაში დარჩენილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 100 კვ.მ. საკადასატრო აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი შეადენს 200 კვ.მ. აქედან გამომდინარე, დოკუმენტით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის.
მიწის (უძრავი ქონების) (ს/კ #...) 2000 წლის 14 აგვისტოს #... სააღრიცხვო ბარათით ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ზონა - ლანჩხუთი, კოდი - ..., სექტორი, ..., კოდი -..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., დაუზუსტებელი ფართობი 6000 მ2, მისამართი: სოფელი ..., უფლება - კერძო საკუთრება, ნაკვეთის წინა ნომერი - ..., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, მესაკუთრეა ი. გ-ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ფოთის სანოტარო ბიუროს, კერძოდ, ნოტარიუს მ.შ. გ-ას მიერ გაცემული 2000 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულება.
საჯარო რეესტრის 2008 წლის 24 ოქტომბრის ამონაწერით ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ზონა - ლანჩხუთი, კოდი - ..., სექტორი - ..., კოდი - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., დაუზუსტებელი ფართობი - 200 კვ.მ, მისამართი: სოფელი ..., უფლება - საკუთრება, ნაკვეთის წინა ნომერი - ..., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ი.გ- ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია #... ხელშეკრულება (01.08.2000წ. ნოტარიუსი გ-ა).
დადგენილია, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 4 მაისის #01111 ოქმის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის - ე. ჩ-ის მიერ დათვალიერდა ს. კ-ის (გვარი ასეა მითითებული ოქმის პირველ გვერდზე) (პ/ნ #...) საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთი, ს/კ #ხ. მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მფლობელი არიან ბ და ლ. ჩ-ეები. ამავე ოქმში მითითებულია, რომ 2000 წლის 14 აგვისტოს გაცემული უძრავი ქონების #... სააღრიცხვო ბარათით დადგინდა წარმოდგენილი მიწის აზომვით ნახაზთან და ადგილმდებარეობასთან იდენტურობა, მიწის ნაკვეთის ფართობი - 100 კვ.მ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 5 მაისის #2766 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 21 აპრილის #... წერილის პასუხად სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ადგილზე დათვალიერების #01111 ოქმი გაეგზავნა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ში) მდებარე თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი) ს/კ #... (ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების), შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 204 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - #..., 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ირიცხება დ. კ-ისა და გ. გ-ას სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 13.10.2010.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 ივნისის #... წერილით გ. გ-ას ეცნობა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ნაკვეთზე (საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 6000.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: #...; ს/კ #...) ი. გ-ის (პ/ნ #...) საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2000 წლის 14 აგვისტოს. რეგისტრაციის ნომერი: ... საფუძველი: ნასყიდობის ხელშეკრულება #..., გაფორმების თარიღი: 01.08.2000, ნოტარიუსი მ.გ-ა. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული საკადასტრო კოდი გაუქმებულია, უძრავი ნივთი დაიყო ოცდასამ უძრავ ნივთად.
2018 წლის 9 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ს. კ-ის მიწის ნაკვეთი იწყება გ. გ-ას სახლის კიბიდან 70 სმ-ში, საცხოვრებელი სახლის პირდაპირ, რომლის სიგანე არის 12 მეტრი, სიგრძე - 8 მეტრი. მიწის ნაკვეთს ორივე მხრიდან აქვს (სამანქანე) შემოსასვლელი გზა. ადგილზე დათვალიერებას ესწრებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი - ე. ჩ-ი, რომლის განმარტებით, ს. კ-ის მიწის ნაკვეთის იდენტურობა ადგილზე დაადგინა, საჯარო რეესტრის მონაცემებით იგი სხვა მიწის ნაკვეთთან ზედდებაში არ ყოფილა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში 100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ს. კ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია არა მხოლოდ სამკვიდრო მოწმობები, არამედ, აგრეთვე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #01111 ოქმიც. აღნიშნული განაპირობა სამკვიდრო მოწმობის განზოგადებულმა შინაარსმა, რომელშიც ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე იქნა მითითებული ს. კ-ის მიერ მისი გარდაცვლილი მეუღლის - ი. გ-ის დანაშთი ქონების საკუთრებაში მიღების ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა კი შექმნა ი. გ-ის სახელზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაზუსტების საჭიროება. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის იდენტურობის დამდგენი #01111 ოქმი წარმოადგენს იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელმაც განსაზღვრა გარდაცვლილი ი. გ-ის სამკვიდრო დანაშთ ქონებას მიკუთვნებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა. აღნიშნულმა კი შემდგომში შექმნა სადავო უძრავ ქონებაზე ს. კ-ისა და თ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, იდენტურობის დამდგენი ოქმის გარეშე, მარტოოდენ სამკვიდრო მოწმობა ვერ გახდებოდა უშუალოდ კასატორთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წინ მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ს. კ-ისა და შემდგომში მის ნაწილზე თ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს წარმოდგენილ სარჩელთან მიმართებით მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესის არსებობის საკითხს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა მოსარჩელეთა კანონიერი უფლების ან/და ინტერესის დარღვევის ფაქტი, რაც სარჩელის უარყოფის საფუძვლად იქცა.
საგულისხმოა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესის არარსებობა დაადგინა იმ პირობებში, როდესაც გ. გ-ასა და დ. კ-ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წინ მდებარე სადავო მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრების ობიექტად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის იდენტურობის დამდგენი #01111 ოქმის მართებულობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი კონკრეტულად კასატორთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების წინ მდებარეობდა. სააპელაციო პალატას ყურადღება არ გაუმახვილებია მოსარჩელეთა არგუმენტაციაზე, კერძოდ, კასატორები მიუთითებდნენ, რომ მათი ინფორმაციით, მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წინ მდებარე მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც არ ექვემდებარებოდა გასხვისებას. ამდენად, გ. გ-სა და დ. კ-ს არ გააჩნდათ იმის განჭვრეტის შესაძლებლობა, რომ მათ წინ არსებული ზღვისპირა ტერიტორია კერძო საკუთრების ობიექტად იქცეოდა. ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოსათვის ცხადყოფს იმას, თუ რატომ იქნა განთავსებული საცხოვრებელი სახლი მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზუსტად მიჯნაზე - „წითელ ხაზზე“. ცხადია, კასატორებს გააჩნდათ საცხოვრებელი სახლის ზღვასთან მაქსიმალურად ახლოს განთავსების ინტერესი და მათ არ ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ მათ წინ მდებარე აუთვისებელი ტერიტორია სამომავლოდ კერძო საკუთრება და პოტენციურად სამშენებლოდ განვითარებადი ტერიტორია გახდებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ როგორც კასატორები განმარტავენ, გ. გ-ამ თავად ს. კ-ის გარდაცვლილი მეუღლის - ი. გ-გან შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომელიც გამყიდველის განმარტებით, იმყოფებოდა ე.წ. „პირველ ზოლში“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესის არარსებობასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გ. გ-სა და დ. კ-ის მხრიდან ს. კ-ისა და თ. ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციები სადავოდ არის გამხდარი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის იდენტურობის დამდგენი #01111 ოქმის უკანონობის საფუძვლით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა იდენტურობის დამდგენი ოქმის შინაარსს, კონკრეტულად იმას, რომ მის წინ მდებარე ტერიტორია არ წარმოადგენდა ს. კ-ისა და თ. ბ-ის საკუთრების ობიექტს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა სადავო მიწის ნაკვეთზე ს. კ-ისა და თ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სააპელაციო პალატას სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა კანონიერი ინტერესის არსებობა-არარსებობის საკითხი ზემოხსენებული იმ ძირითადი მოტივის შეფასების შედეგად უნდა ეკვლია, რომელსაც ეფუძნებოდა მათი მოთხოვნა. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორები არ ადასტურებდნენ, რომ მათ თანასაკუთრებაში არსებული ტერიტორიის წინ მდებარე მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრების ობიექტს წარმოადგენდა. განსახილველი დავის ყველა ეტაპზე, ისინი განმარტავდნენ, რომ მათ წინ მდებარე სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრება იყო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი კანონსაწინააღმდეგოდ შედგენილი იდენტურობის დამდგენი ოქმის საფუძველზე მის წინ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ტერიტორიის კერძო საკუთრების ობიექტად გადაქცევის პრევენციას უკავშირდება, რომელსაც იგი სხვადასხვა დანიშნულებით აქტიურად იყენებდა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი სადავო ტერიტორია გაუსხვისებელ ტერიტორიათა რიგს განეკუთვნება, კასატორებს გააჩნიათ მათ წინ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაუსხვისებელი ზღვისპირა ტერიტორიის კანონსაწინააღმდეგოდ კერძო პირზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის ხელშეშლის იურიდიული ინტერესი. საგულისხმოა ისიც, რომ გ. გ-ა და დ. კ-ი დავის მიმდინარეობისას გამოთქვამდნენ სადავო მიწის ნაკვეთის შეძენის სურვილს, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან თანამესაკუთრეთა სუბიექტური დაინტერესების წარმოსაჩენად იქნა გამოყენებული, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს. კ-ისა და თ. ბ-ის რეგისტრაციის გაუქმება მოსარჩელეებს სადავო მიწის ნაკვეთის თავიანთ საკუთრებაში მოქცევის მიზნით სურდათ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მომიჯნავე ტერიტორია გასხვისებად სახელმწიფო საკუთრებად ჩაითვლება, გ. გ-ასა და დ. კ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე პრივატიზებადი სახელმწიფო საკუთრების (მიწის ნაკვეთის) კანონსაწინააღმდეგოდ, უფრო კონკრეტულად კი, დაუსაბუთებელი იდენტურობის დამდგენი ოქმის საფუძველზე ფიზიკური პირის საკუთრებაში მოქცევით იზღუდება კასატორთა უფლება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე პრივატიზაციის გზით მოიპოვონ საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ ს. კ-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაციით კასატორთა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი კარგავს ზღვისპირა ტერიტორიასთან პირდაპირ კავშირს, კერძოდ, ს. კ-ისა და თ. ბ-ის საკუთრებაში პოტენციურად სამშენებლოდ განვითარებადი მიწის ნაკვეთის მოქცევით გ. გ-სა და დ. კ-ის თანასაკუთრება ე.წ. „პირველი ზოლიდან“ გადაინაცვლებს ე.წ. „მეორე ზოლში“. ამასთან, ს. კ-ისა და თ. ბ-ის მიერ სამომავლოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, კასატორები დაკარგავენ ზღვის ხედს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, მნიშვნელოვნად ამცირებს მათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულებასა და მიმზიდველობას. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით განხორციელებული რეგისტრაციების გაუქმების მიმართ მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესი განსახილველი დავის ყველა ეტაპზე ამ კუთხითაც იყო გამოკვეთილი.
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის მართებული გადაწყვეტისათვის პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ საკითხის გამორკვევას, საქმეში წარმოდგენილ სამკვიდრო მოწმობაში მოაზრებული ი. გ-ის დანაშთ საკუთრებად მიჩნეული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი ნამდვილად მდებარეობდა თუ არა გ. გ-სა და დ. კ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #01111 ოქმი. მასში მითითებულია, რომ უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათით (#... 14.08.2000წ.) წარმოდგენილ მიწის აზომვით ნახაზთან და ადგილმდებარეობასთან იდენტურობა დგინდება, თუმცა უცნობია, რას ეფუძნება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის ზემოხსენებული დასკვნა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იდენტურობის დამდგენი ოქმის შედგენისას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ არ ჩატარებულა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება. წარმომადგენელი - ე. ჩ-ი მხარესთან ერთად გავიდა ადგილზე და დაადასტურა ის დოკუმენტი, რომელიც მხარის მიერ იყო წარდგენილი საჯარო რეესტრში, თუმცა რა გახდა აღნიშნულის საფუძველი, გაურკვეველია. ამასთან, გაურკვეველია ისიც, თუ რა სახის სპეციალური ცოდნა გააჩნდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს - ე. ჩ-ს მოცემული საკითხის შესაფასებლად, რა მეთოდის გამოყენებით, რა კვლევის საფუძველზე მიიღო მან სადავო გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ საჯარო რეესტრის 2008 წლის 24 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, სარეგისტრაციო ზონა - ლანჩხუთი, კოდი - ..., სექტორი - ..., კოდი - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., დაუზუსტებელი ფართობი - 200 კვ.მ, მისამართი: სოფელი ..., უფლება - საკუთრება, ნაკვეთის წინა ნომერი - 003, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ი. გ-ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია #... ხელშეკრულება (01.08.2000წ. ნოტარიუსი გ-ა). შესაბამისად, გაურკვეველია, თუ როგორ დადგინდა 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის სადავოდ ქცეულ 100 კვ.მ მიწის ნაკვეთთან იდენტურობა.
ამასთან, ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ დოკუმენტით წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის - ე. ჩ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთხელ არ ყოფილა დათვალიერებული. კერძოდ, 2017 წლის 7 აპრილის #01013 ოქმის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის - ე. ჩ-ის მიერ დათვალიერდა ს. კ-ის (პ/ნ #...) საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ #...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია 2000 წლის 14 აგვისტოს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი #.... ამავე ოქმში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის დამადასტრურებელი დოკუმენტით (ს/კ #...) მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით - (#... გაც. 14.08.2000წ.) დგინდება, რომ საკუთრებაში დარჩენილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 100 კვ.მ. საკადასატრო აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი შეადენს 200 კვ.მ. აქედან გამომდინარე, დოკუმენტით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #01111 სადავო ოქმი შედგენილია ზემოხსენებული ოქმის შედგენიდან დაახლოებით ერთ თვეში, თუმცა სადავო ოქმიდან გაურკვეველია, რამ განაპირობა ამგვარი ცდომილების მიუხედავად დოკუმენტით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #01111 ოქმში სადავო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მფლობელებად ფიქსირდებიან ბ და ლ. ჩ-ეები, თუმცა მასში მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად არ არიან მოხსენებული კასატორები, რომელთა უძრავი ქონება ზუსტად სადავო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარეობს. აღნიშნული ფაქტი კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #01111 იდენტურობის დამდგენ ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოებების მართებულობაში ეჭვის შეტანის დამატებით საფუძველს წარმოშობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-სა და დ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის - გ. გ-ს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის - დ. კ-ის სარჩელები უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ბათილად იქნეს ცნობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #01111 ოქმი; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება #...; გაუქმდეს ს. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ..., ს/კ #...); ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება #...; გაუქმდეს თ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ..., ს/კ #...).
ამასთან, მოპასუხეს - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას გ. გ-სა და დ. კ-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელებსა და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 (100+100+300) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ. გ-სა და დ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მოსარჩელის - გ. გ-ას და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის - დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #01111 ოქმი;
5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება #...; გაუქმდეს ს. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ..., ს/კ #...);
6. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება #...; გაუქმდეს თ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ..., ს/კ #...);
7. მოპასუხეს - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას გ. გ-სა და დ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელებსა და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 (100+100+300) ლარის ანაზღაურება;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე