საქმე №ბს-301(კ-20) 29 ივლისი, 2020 წელი
ბს-301(კ-20) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 15 მარტს ლ. ტ-მა სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის - ა. ჩ-ის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის 2016 წლის 7 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ჩ-ი (პ/ნ ...).
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის 2016 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება №..., მესამე პირის ა. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ა. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, იმის შესახებ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავდა ერთი და იმავე უფლების დამდგენი (სარეგისტრაციო) დოკუმენტის საფუძველზე, განხორციელებულიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია რამდენიმე უძრავ ნივთზე. ასეთ შემთხვევაში მიღება - ჩაბარების აქტი შეიცავდა მითითებას რამდენიმე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, შესაბამისად, შეიძლება თითოეული ნივთის მიმართ განხორცილებულიყო ცალკე სარეგისტრაციო წარმოება, თუმცა უფლების დამდგენი დოკუმენტი იქნებოდა საერთო.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული №... მიღება - ჩაბარების აქტი შეიცავდა მითითებას სოფელ ...ში მდებარე მხოლოდ ერთი ქონების შესახებ, რომლის მთლიანი ფართობი იყო 0,13 ჰა (ანუ 1300 კვ.მ.). მესამე პირმა ა. ჩ-მა, რ. პ-თან 2002 წელს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, მთლიანად განკარგა აღნიშნული უძრავი ქონება. ამდენად, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით მესამე პირს სხვა ქონება არ გადასცემია, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება გამხდარიყო სადავო ქონების მესამე პირის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მისი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა გარკვეული გარემოებები, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს ქმნიდა. სააპელაციო სასამართლოს წარედგინა სამკვიდრო მოწმობა, რომელიც გაიცა ლ. ტ-ზე 2016 წლის 15 დეკემბერს. სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ ა. ჩ-ის სამკვიდრო გაიხსნა 2001 წლის 10 სექტემბერს და მემკვიდრეობა ვრცელდება მთელ სამკვიდრო ქონებაზე. ასევე მითითებულია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ა. ჩ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: გურჯაანის რაიონი, სოფ. ..., რეგისტრირებული არ არის.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართით: გურჯაანის რაიონი, სოფ. ... ა. ა-ეს ძე ჩ-ის მითითებით არ იძებნება. საქართველოს ეროვნული არქივიდან 2016 წლის 24 დეკემბერს გაცემული ცნობით დასტურდება ის ფაქტი, რომ 2004-2009 წლების საკომლო წიგნებში ა. ჩ-ის კომლის და ქონების შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება.
საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონალური არქივის 2018 წლის 2 ოქტომბერს გაცემული საარქივო ცნობის მიხედვით, გურჯაანის რაიონის სოფ. ...-ის 1964-1966 წლების წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ი. მ-ის ძე ჩ...-ი (გადახაზულია), კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. მ-ის ძე ჩ..-ი - უფროსი (გადახაზულია), ა. ნ-ის ასული ჩ..-ი - ცოლი (გადახაზულია), ტ. ი-ს ასული ჩ..-ი (იგივე ა..-) - შვილი. ამდენად, ა. ჩ..-ი იყო და არის კომლის წევრი. ასევე, წარდგენილი იყო 2016 წლის 26 დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობა, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ კომლის უფროსად რეგისტრირებულია ა. ჩ..-ი, კომლს ერიცხებოდა 80 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, მაშინ, როდესაც საცხოვრებელი სახლი 300 კვ.მ-ით მეტია. 2004-2009 წლებში ა. ჩ..-ის კომლის და ქონების შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება.
კასატორი მიუთითებს, რომ ასევე წარმოდგენილ იქნა გურჯაანის რაიონის გამგეობის 2004 წლის 23 აგვისტოს ცნობა, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ ი. მ-ის ძე ჩ..-ი ცხოვრობდა სოფ. ..-ში და მისი გარდაცვალების შემდეგ მის ქონებას ფლობს მისი შვილი - ა. ი-ას ასული ჩ..-ი. გურჯაანში მცხოვრები მეზობლების ხელმოწერით დადასტურებულია ფაქტი იმის შესახებ, რომ ი. მ-ის ძე ჩ..-ი ცხოვრობდა სოფ. ...-ში ... ქუჩა №12-ში აშენებულ სახლში ოჯახთან ერთად. გარდაცვალებამდე ი. ჩ..-ს სოფელ ...-ში სხვა ბინაში არ უცხოვრია. მეზობლების აღნიშნული ხელწერილი წარდგენილ იქნა იმის დასადასტურებლად, რომ მესამე პირს №... მიღება-ჩაბარების აქტი ორ უძრავ ნივთთან დაკავშირებულ გარიგებაში არ გამოუყენებია, კერძოდ, რ. პ..-ზე სოფ. ...-ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისებისას და 2016 წლის 17 აგვისტოს რეგისტრაციის მოთხოვნის განცხადების წარდგენისას, რასაც შედეგად მოჰყვა სადავო აქტის გამოცემა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მესამე პირმა ერთი და იმავე უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე საკუთრებაში გაიფორმა იმაზე მეტი ქონება, ვიდრე კონკრეტული დოკუმენტით შეიძლებოდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ტ (იგივე ა..) ი-ის ასული ჩ..-ი არის კომლის ბოლო წევრი და მას, როგორც კომლის წევრს უფლება აქვს გაიფორმოს ის ბინა, ან მიწის ნაკვეთი, რომელსაც იგი ფლობს და სარგებლობს მართლზომიერად. სააპელაციო სასამართლოში ასევე, წარდგენილ იქნა 2009 წლის 21 მაისის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საკადასტრო გეგმა, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1500 კვ.მ-ს (კატეგორია საკარმიდამო). ასევე, წარდგენილ იქნა 2016 წლის 7 სექტემბერს გაცემული საკადასტრო გეგმა, სადაც მიწის ნაკვეთის ფართი მოიცავს 733 კვ.მ-ს. აღნიშნული საკადასტრო გეგმები წარდგენილ იქნა იმის დასადასტურებლად, რომ მიწის ნაკვეთის ფართი არის სხვადასხვა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ჩ...-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჩ..-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ქონების კუთვნილების საკითხი, არამედ დავის საგანია - რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის 2016 წლის 7 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სადავო გადაწყვეტილებით ა. ჩ..-ის საკუთრების უფლება აღირიცხა შემდეგ ქონებაზე: გურჯაანის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე 733 კვ.მ სასოფლო - სამურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე №1 შენობა - ნაგებობაზე (ფართით 260 კვ.მ.). უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი - .... სადავო რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი გახდა ა. ჩ..-ის მიერ 2016 წლის 17 აგვისტოს რეგიონულ ოფისში წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადი, რომლითაც იგი მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციას გურჯაანში, სოფელ ...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე. განაცხადს თან ერთვოდა 1995 წლის 25 დეკემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტი, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელექტრონული ვერსია.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი გაიცა მესამე პირის (მამკვიდრებლის) სასარგებლოდ, კერძოდ, ამ დოკუმენტის თანახმად, მას გადაეცა გურჯაანში, სოფელ ...-ში არსებული 0,13 (1300 კვ.მ.) ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთან, ნოტარიუს ნ. ს-ის არქივიდან გამოთხოვილი 2002 წლის 23 სექტემბრის გურჯაანის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის №... ცნობა-დახასიათებითა და იმავე ნომრის მქონე სარეგისტრაციო მოწმობით დადასტურებულია, რომ მესამე პირს აღნიშნული ცნობა მიეცა, რათა მოეხდინა გურჯაანში, სოფელ ...-ში მდებარე 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის გასხვისება (შენობა-ნაგებობის მახასიათებლებია: განაშენიანების ფართი - 108,6 კვ.მ, სასარგებლო ფართი - 140,9 კვ.მ, ოთახების რაოდენობა - 2, საცხოვრებელი ფართი - 31,7 კვ.მ, დამხმარე ფართი-108,7კვ.მ, სამეურნეო ფართი - 36,0 კვ.მ).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გურჯაანის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებული 2002 წლის 23 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მესამე პირსა და რ. პ..-ს შორის 2002 წლის 23 სექტემბერს დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს ნ. ს-ის მიერ, რეესტრის ნომერი ..., შენობა-ნაგებობის მახასიათებლებია: განაშენიანების ფართი - 108,6 კვ.მ, სასარგებლო ფართი - 140,9 კვ.მ, ოთახების რაოდენობა - 2, საცხოვრებელი ფართი - 31,7 კვ.მ, დამხმარე ფართი - 108,7 კვ.მ, სამეურნეო ფართი - 36,0 კვ.მ, და მიწის ნაკვეთი, ფართით 1300 კვ.მ). იმავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, გამყიდველის - ა. ჩ-ის საკუთრების უფლების დასტურად ნოტარიუსთან წარდგენილ იქნა №... მიღება-ჩაბარების აქტი, ცნობა დახასიათება და სარეგისტრაციო მოწმობა. 2009 წლის 20 მაისს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაციის №...) რ. პ..-ს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი, ფართით 1500 კვ.მ და შენობა, ფართით 161,2 კვ.მ, ხოლო მისი საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 2002 წლის 23 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ნომრით ... (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდია ...).
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებებს იმის შესახებ, რომ ა. ჩ..-მა №... მიღება-ჩაბარების აქტი გამოიყენა ორ უძრავ ნივთთან დაკავშირებით, კერძოდ, რ. პ..-ზე სოფელ ...-ში მდებარე 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის გასხვისებისას და 2016 წლის 17 აგვისტოს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად. ამდენად, უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ ა. ჩ..-მა უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ ერთ ქონებაზე საკუთრების უფლები გადაცემას, სხვადასხვა დროს საკუთრების უფლება მოიპოვა ორი საკუთრების ობიექტზე, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ მითითებული არგუმენტების საპასუხოდ კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს არა უძრავი ქონების კონკრეტული პირისადმი კუთვნილების საკითხის განსაზღვრა, არამედ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს, სადავო აქტი კი რეგისტრაციის საფუძვლად იმ უფლების დამდგენ დოკუმენტზე მიუთითებს, რომლის საფუძველზეც ა. ჩ..-ს უკვე გადაეცა (განახორციელა რეალიზება) სხვა უძრავი ქონება. ამდენად, სადავო ქონების კასატორის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის საფუძვლად მითითებულია - 1995 წლის 25 დეკემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტი, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე