#ბს-309(2კს-20) 29 ივლისი, 2020 წელი
ბს-309(კს-20) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - 1. კ. ლ-ე; 2. საქართველოს გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
დავის საგანი - გადაწყვეტილების განმარტება
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 23 დეკემბერს კ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2016 წლის 2 დეკემბრის №... ბრძანების ბათილად ცნობის, კ. ლ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით კ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ბრძანების გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს კ. ლ-ემ და საქართველოს გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით კ. ლ-ის და საქართველოს გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
2020 წლის 8 იანვარს კ. ლ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების განმარტება, იწვევდა თუ არა კ. ლ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინებით კ. ლ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი - კ. ლ-ე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და გამოიწვიოს შესაბამისი სამართლებრივი შედეგები. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 2015 წლის 27 ოქტომბერს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებს, რომლებიც ადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ შედეგებს.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით აღსანიშნავია, რომ ეს არის კანონმდებლის ნება და მას ვერ ჩაანაცვლებს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმები არ აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს იმის დისკრეციას, აღადგინოს თუ არა მოხელე სამსახურში და აუნაზღაუროს თუ არა მას განაცდური. ამ კუთხით, კანონის მოთხოვნა ცალსახა და იმპერატიულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ საკითხზე მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა, არღვევს კანონის მოთხოვნებს.
ადმინისტრაციულმა ორგანომ კ. ლ-ის დისციპლინური გადაცდომის საკითხი უნდა განიხილოს და ახალი ბრძანება გამოსცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეასრულებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს – სასახურში აღადგენს მოხელეს და აუნაზღაურებს მას განაცდურს. საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით შეუძლებელია, რადგანაც დისციპლინური წარმოება ვერ განხორციელდება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე ანუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესრულების გარეშე. თვალსაჩინოებისთვის კერძო საჩივრის ავტორი მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 თავზე მიუთითებს, რომელშიც პირდაპირაა მოწესრიგებული „მოხელის“ მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, მის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელების და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე.
კერძო საჩივრის ავტორის - კ. ლ-ის მითითებით, რატომაა პრიორიტეტული სააპელაციო სასამართლოსათვის გადაწყვეტილების შინაარსის ხელშეუხებლობა და არა მოხელის დარღვეული უფლებების აღდგენა და კანონის მოთხონების შესრულება, ამის შესახებ პასუხს სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს.
2020 წლის 17 თებერვალს საქართველოს გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუდოვანია, ვინაიდან დეპარტამენტისთვის გაუგებარია საქმის გარემოებების დამატებით რა ჭრილში გამოკვლევას გულისხმობს და ავალებს სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი სასამართლოდან განმარტებას ურთიერთგამომრიცხავი ნორმებთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს დღეს მოქმედი „საჯარო სამისახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მოთხოვნები და სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული დებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინებებით კ. ლ-ის და სსიპ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კერძო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კ. ლ-ის და საქართველოს გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამავე ნორმის თანახმად, განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. მითითებული ნორმის შინაარსი ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ განმარტების გაცემა ხდება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე იმ სასამართლოს მიერ, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების ინსტიტუტი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაურკვევლობა ქმნის მისი რეალიზაციის სირთულეს და წარმოშობს აღსრულების გაურკვევლობას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის არაბუნდოვანებასთან მიმართებაში, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, კ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით კ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 დეკემბრის ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ბრძანების გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული კი წარმოადგენს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოტივაციაში ასახული სამართლებრივი შეფასებების შედეგს, ხოლო გადაწყვეტილების მოტივაცია ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა გამოკვლევა და შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, ხოლო ის მნიშვნელოვანი გარემოებები თუ რისი დამატებით გამოკვლევა იყო საჭირო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მითითებულია და ვრცლად ასახულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები სავალდებულოა აღსასრულებლად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებისა, ძველი წარმოების ფარგლებში კონკრეტულ საკითხზე ყოველმხრივი და სრულყოფილი მოკვლევის ჩატარების შესახებ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული მითითებების გათვალისწინებით, სადავო საკითხზე კვლავ ჩაატაროს ყოველმხრივი და სრულყოფილი წარმოება და აღნიშნულის შემდგომ გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოთხოვნები - მოხელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, პირდაპირ და უშუალო კავშირშია და გამომდინარეობს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განმეორებითი გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებიდან.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კ. ლ-ის და საქართველოს გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კერძო საჩივრების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ლ-ის და საქართველოს გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე