Facebook Twitter

#ბს-340(კს-20) 29 ივლისი, 2020 წელი ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბს-340(კს-20) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. გ-ე

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 4 აპრილს გ. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №380 დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 6 მარტის №02/54 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2017 წლის 18 ივლისს გ. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №377 დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 27 ივნისის №02/173 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე №3-237/17 (გ. გ-ის სარჩელისა გამო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე) და ადმინისტრაციული საქმე №3-544/17 (გ. გ-ის სარჩელისა გამო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე) და გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა ნომერი - №3-237/17.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №377 დადგენილება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 30 სექტემბრის №443 დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში არ შესრულების გამო დაკისრებული ჯარიმის დაკისრების, მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №380 დადგენილება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 30 სექტემბრის №443 დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში არ შესრულების გამო დაკისრებული ჯარიმის დაკისრების შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 6 მარტის №02/54 და 2017 წლის 27 ივნისის №02/173 ბრძანებები, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ (ქალაქ ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფლებამონაცვლე), რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში აპელანტი უთითებდა, რომ ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის მუნციპალური ინსპექცია დაფუძნდა 2019 წლის 25 დეკემბერს და ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობის კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს. ინსპექცია, მისი წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, წარმოადგენს ინსპექციის დაფუძნებამდე ამ უფლებამოსილებების განმხორციელებელი ორგანოების უფლებამონაცვლეს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, სამშენებლო დავებზე სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ინსპეციას გადაეცა 2020 წლის 5 თებერვალს, რომელთა შორისაა აღნიშნული საქმე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა 2020 წლის 23 იანვარს, ხოლო ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ჩაბარდა 2020 წლის 5 თებერვალს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 დეკემბრის №1710 ბრძანებით უკვე ჰქონდა ზემოაღნიშნული უფლებამოსილებები. შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 23 იანვრიდან და ამოიწურა 2020 წლის 6 თებერვალს. სააპელაციო საჩივარი კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2020 წლის 19 თებერვალს, რითაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარემ გაუშვა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად არ დაიშვება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება 2020 წლის 23 იანვარს ჩაბარდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 დეკემბრის №1710 ბრძანებით დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, რომელსაც დაეკისრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტზე კანონმდებლობით დელეგირებული ყველა საზედამხედველო ფუნქცია. მოხდა ინსპექციის საშტატო განრიგის დამტკიცება და სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. შეიქმნა ინსპექციის დამოუკიდებელი კანცელარია. ის თანამშრომლები, რომლებიც მუშაობდნენ მუნიციპალიტეტის მერიასა და მერიის დაფუძნებულ ორგანიზაციებში, მათ საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument) გაეთიშათ 2020 წლის 1 იანვრიდან და ისინი იანვრის თვეში პერიოდულად ჩაერთნენ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საქმიწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში (eDocument). აღნიშნული სისტემით ხდება ინსპექციაში ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, კორესპოდენციის მიღება-გაგზავნა მასში ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერიებიდან.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო დავებზე სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას, როგორც უფლებამონაცვლეს გადაეცა 2020 წლის 5 თებერვალს, მათ შორის გ. გ-ის საქმეც. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა 2020 წლის 19 თებერვალს, კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება ჩააბაროს ადრესატს დაუყოვნებლივ.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას (რაზეც კერძო საჩივრის ავტორიც მიუთითებს), რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებას ჩაბარდა 2020 წლის 23 იანვარს (ს.ფ. 185-186).

ამასთან, დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია დაფუძნდა და შესაბამისი უფლებამოსილებები (ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობის კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლის კუთხით) გადაეცა 2019 წლის 25 დეკემბრიდან - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 დეკემბრის №1710 ბრძანების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების თარიღად მიჩნეული უნდა იყოს შესაბამისი საქმეების ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციისთვის გადაცემის თარიღი - 2020 წლის 5 თებერვალი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი გასაჩივრების ვადის საწყის თარიღად იმპერატიულად მიუთითებს შესაბამისი გადაწყვეტილების ადრესატისათვის (შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის) ჩაბარების ფაქტზე. ამასთან, განსხილველ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა არა მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორს, არამედ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასაც, რომელიც უფლებამოსილი იყო კანონით დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინა შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების ასლი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებას ჩაბარდა 2020 წლის 23 იანვარს, გასაჩივრების ვადის ათვლა 2020 წლის 24 იანვარს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14-დღიანი ვადა 2020 წლის 6 თებერვალს 24 საათზე იწურებოდა, ხოლო ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2020 წლის 19 თებერვალს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტრანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში ვერ იქნა რეალიზებული, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე