ბს-1208 (კ-19) 23 ივლისი, 2020წ.
ბს-1208 (კ-19) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 28.07.2016წ. №2556 ბრძანების ბათილად ცნობის და დ. ბ-თვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2017წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად (სასკ-ის 16.1 მუხ.) ჩაბმული იქნა ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2017წ. გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 28.07.2016წ. №2556 ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ბ-თვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა დ. ბ-ის მოთოვნის საფუძვლიანობა, კერძოდ, ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 07.09.2015წ. №037/2015 დასკვნა, ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს 28.09.2015წ. №709 ცნობა, ვ. წ-ის განმარტების თაობაზე 16.12.2015წ. სანოტარო აქტი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის მიერ 19.06.2016წ. შედგენილი ოქმი ადასტურებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე დ. ბ-ის გორის რაიოის სოფ. ...ში ცხოვრების და მეურნეობის არსებობის ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ ქ. ...ში დ. ბორცვაძის რეგისტრაციის და მისი ოჯახის ქ. ...ში ცხოვრების თაობაზე მითითება არ აქარწყლებდა საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებს და არ ქმნიდა მოთხოვნის უარყოფის საფუძველს.
განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის უარყოფის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქმის გარემოებათა არასრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, აღწერს დავის ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქმის გარემოებათა სრულად გამოკვლევის შედეგად. საქმის მასალებით დადასტურებულია დ. ბ-ის ქ. ...ში რეგისტრაციის და ოჯახთან ერთად ცხოვრების ფაქტი. არასწორია საქმეზე მოწმედ დაკითხული ვ. წ-ის ჩვენების გაზიარება, ვინაიდან იგი მოსარჩელესთან დაახლოებული პირია და მისი ჩვენების ობიექტურობა ეჭვს იწვევს. კანონმდებლობით დევნილის სტატუსის მინიჭება უკავშირდება აგრესიის გამო მუდმივი სავხოვრებელი ადგილის დატოვებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, ვინაიდან სოფ. ... დ. ბ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ იყო. აღნიშნული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან, ჩატარდა დ. ბ-თან გასაუბრება. მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად მიღებული იქნა დ. ბ-ის მოთხოვნის უარყოფის თაობაზე გადაწყვეტილება. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის და დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს 22.07.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად დადგინდა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 07.09.2015წ. №037/2015 დასკვნით დადასტურებულია, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე დ. ბ-ე მუდმივად ცხოვრობდა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, საკუთრებაში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს, ჰქონდა თავისი ფერმერული მეურნეობა. ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს 28.09.2015წ. №709 ცნობით დგინდება, რომ დ. ბ-ე 2008 წლის მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა გორის რაიონის სოფ. ...ში. 16.12.2015წ. სანოტარო აქტის დგინდება, რომ ვ. წ-ის თანხმობით მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. ...ი, ...ის ქუჩა, კორპ. №16, ბინა №36-ში (ს/კ: ...) დროებით რეგისტრაციაში გატარდა დ. ბ-ე. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებს დ. ბ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქმის გარემოებებით დ. ბ-ის გორის რაიონის სოფ. ...ში ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი (სსკ-ის მე-20 მუხ.). პირს გააჩნია უფლებამოსილება, რეგისტრაცია განახორციელოს როგორც საცხოვრებელ, ისე სხვა ადგილზე. კანონმდებლობით არ არის დადგენილი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის ვალდებულება. ამდენად, რეგისტრაციის მისამართი ცალსახად არ მიუთითებს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, რომელიც შეიძლება არ იყოს მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10)).
საქმის მასალებით უტყუარად დგინდება დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დ. ბ-ის ცხოვრების და ფერმერული მეურნეობის წარმოება. სადავო არ არის აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს მოსახლეობის მიერ იძულებით დატოვების და ამ ეტაპზე დაბრუნების შეუძლებლობის საკითხი. ამდენად, სახეზეა პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა პირობა: განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობა, საცხოვრებლის ოკუპირების, შეიარაღებული კონფლიქტის, სამხედრო აგრესიის გამო იძულებითი დატოვება და განსახილველ პერიოდში დაბრუნების შეუძლებლობა. აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში არსებობის დადასტურების პირობებში მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა დ. ბ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე