Facebook Twitter

#ბს-1300(კ-19) 24 სექტემბერი, 2020 წელი ბს-1300(კ-19) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 27 ივლისს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის #04/37292 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის #04/37292 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე დადგინდა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შეიცვალა სახელწოდება და მას სს „...ის“ ნაცვლად ეწოდა სს „ე..ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტალიზირებულ იქნა სს „...ში“ და მას ჩაუტარდა სათანადო მომსახურება დიაგნოზით 90.7 - ძვლის მოტეხილობა, სიმსივნური ავადმყოფობის დროს ჩატარებული მკურნალობა: ბარძაყის ძვლის დიაფიზი. აღნიშნული კლასიფიკატორები კლინიკას საყოველთაო ფარგლებში არ ჰქონდა განფასებული ანუ არ ღებულობდა სახელმწიფო ანაზღაურებას. კასატორის განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, არსებობს სამედიცინო კოდები, რომელიც კლინიკას აქვს განფასებული, ანალოგიური შემადგენლობის ჩარევების მოცემულობით, კერძოდ, შ72.3 ბარძაყის დიაფიზური (სხეულის) მოტეხილობა ჩატარებული მკურნალობით: ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ინტრამედულარული ლურსმნის გამოყენებით; ბარძაყის ძვლის დიაფიზი, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოქალაქე რ. ჭ-ის 2018 წლის 15 თებერვლის #15572 განცხადების საფუძველზე, შეისწავლა სს „...ის“ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის მიერ წარდგენილი მოქალაქე ლ. ს-ის სამედიცინო (#...) და ფინანსური დოკუმენტაცია.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის #04/37292 სადავო გადაწყვეტილებით სს „...ის“ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალს პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (1856.25 ლარი) სამმაგი ოდენობით, ანუ 5568.75 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით მიმწოდებელს (სს „...ის“ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალს) დაევალა პაციენტისთვის გადახდილი თანხის, 470 ლარის უკან დაბრუნება; გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, გადახდიდან 10 დღეში, სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა M90.7 კოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი, რაც პაციენტის (ლ. ს-ე) მარცხენა ბარძაყის ძვლის პათოლოგიური მოტეხილობის გამომწვევი გარემოებების გამოკვლევის საჭიროებას წარმოშობდა. დადგენილია, რომ სს „...ის“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ვინაიდან S72.3 კოდი ითვალისწინებდა ბარძაყის დიაფიზურ (სხეულის) მოტეხილობას (რომელიც არ გამორიცხავს პათოლოგიურ მოტეხილობას), მიმწოდებელს პაციენტ ლ. ს-ის შემთხვევის მართვა შეეძლო წინასწარ განფასებული კოდების (S72.3-NFSJ54) მიხედვით და არა დაწესებულების მიერ დაფიქსირებული კომბინაციით - M90.7- NFSJ54.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პაციენტ ლ. ს-ის სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა #IV-100/ა-თი და 2017 წლის 9 ოქტომბრის წინასაოპერაციო ეპიკრიზით ირკვევა, რომ პაციენტმა „სახლში, საწოლში მარცხენა ქვედა კიდურის უხერხული მოძრაობის შემდეგ იგრძნო მარცხენა ბარძაყის დიაფიზის ძლიერი ტკივილი“. ამასთან, სს „...ის“ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით დადგინდა: „მიღებულ ტომოგრამებზე მენჯის სარტყელში შემავალი ძვლების დიფუზიური ოსტეოსკლეროზული დაზიანების ფონზე ვლინდება მრავლობითი, სხვადასხვა ზომის ლიტიური დაზიანება, მაქსიმალური მათ შორის მარცხენა ბარძაყის ძვლის პროქსიმალური დიაფიზის დონეზე 2,3/1,7.“, ხოლო ბარძაყის ძვლის რენტგენოგრაფიაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: მარცხენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის პათოლოგიური მოტეხილობა დამაკმაყოფილებელი დგომით.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „...თვის“ მიმართვისას პაციენტ ლ. ს-ის დიაგნოზი იყო - ავთვისებიანი სიმსივნე, რაც M90.7 კოდის გამოყენების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. რაც შეეხება მარცხენა ბარძაყის მოტეხილობის გამომწვევ ფაქტორს, აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით მოტეხილობის რაიმე სახის გარეგანი ფაქტორით, გარეგანი ძალის მოქმედებით გამოწვევა არ დასტურდება. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს „...ში“ ჩატარებული გამოკვლევებით პაციენტს მარცხენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის პათოლოგიური მოტეხილობა დაუდგინდა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „...ის“ მიერ M90.7 კოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია დადგინდეს პაციენტის (ლ. ს-ე) მარცხენა ბარძაყის ძვლის პათოლოგიური მოტეხილობის გამომწვევი გარემოებები, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვისას სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლ. ს-ის სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხელახლა უნდა იმსჯელოს სს „...თვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 21.02.2020წ. #05072 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.02.2020წ. #05072 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე