#ბს-310(კ-19) 24 სექტემბერი, 2020 წელი ბს-310(კ-19) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 15 მაისს ო. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ „მიწის ნაკვეთზე ო. ვ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 მარტის #452 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ...ის ქ. #20-ის მიმდებარედ, 35 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ო. ვ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ქ. თბილისში, ...ის ქ. #20-ში ამხანაგობის მიერ აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, რის შემდეგაც ამხანაგობის წევრების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ყოველ ბინას გამოეყო მიწის ნაკვეთი ავტოფარეხის ასაშენებლად. ამავე კორპუსის მე-7 სართულზე მის ოჯახს საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ფართი, რომელსაც ავტოფარეხის სახით ამხანაგობის წევრთა შეთანხმებით მიემაგრა ავტოფარეხის ასაშენებლად 35 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ამჟამინდელი ს/კ ...). აღნიშნული მიწის ნაკვეთის მფლობელობას მისი ოჯახი ახორციელებდა საცხოვრებელი ფართის მიღების შემდეგ. 2004 წლის 28 აპრილს ამხანაგობის მიერ შესრულდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტი, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელ კორპუსს ეკუთვნოდა 4204 კვ.მ მიმდებარე ტერიტორია. მოსარჩელის მითითებით, მას შემდეგ, რაც 2004 წლის 9 ივლისის #78 ბრძანებით ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ დადგენილ იქნა კორპუსის წითელი ხაზები შეთანხმებული პროექტის ფარგლებში, სხვა მაცხოვრებელთა მსგავსად ამხანაგობის მიერ მისთვის გამოყოფილ 35 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მანაც ააშენა ორი კაპიტალური ავტოფარეხი. მოსარჩელემ 2010 წლის 22 დეკემბერს მიმართა ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, რომელმაც აცნობა, რომ 2004 წლის 26 აგვისტოს წითელი ხაზები კორექტირებულია და კორპუსზე მიმაგრებული ფართობი შემცირებულია 44125 კვ.მ-მდე, ხოლო ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მას უკვე აშენებული ჰქონდა ავტოფარეხი, 2003 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში დარეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებაში. მოსარჩელემ 2017 წლის 16 ოქტომბერს მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რაზეც პასუხად მიიღო, რომ არ დგინდებოდა მის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო განკარგულება გამოცემულია ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ც-ჩ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთზე ო. ვ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 მარტის #452 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ქ. თბილისში, ...ის ქ. #20-ის მიმდებარედ არსებულ 35.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ო. ვ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა ო. ვ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2003 წლის 31 ივლისის #6/702 წერილისა და ამავე სამსახურის მიერ 2003 წლის 30 ივლისს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. მითითებული რეგისტრაციის საფუძვლებით ირკვევა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ავტოფარეხის ასაშენებლად გამოეყო ლ. ც-ჩ-ეს. კასატორის განმარტებით, მითითებული დოკუმენტაცია შესაძლოა წარმოუშობდეს ლ. ც-ჩ-ეს მართლზომიერი მფლობელობის უფლებას, რაც გამორიცხავს ო. ვ-ის საკუთრების უფლების აღიარებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
კასატორის მითითებით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო ობიექტით დაკავებულ ტერიტორიას, რაც გამორიცხავდა საკუთრების უფლების აღიარებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 მარტის #452 განკარგულება, რომლითაც ო. ვ-ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქ. #20-ის მიმდებარედ 35.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. სადავო განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ავტოფარეხის ასაშენებლად გამოეყო ლ. ც-ჩ-ეს და არ დასტურდება უშუალოდ ო. ვ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, მიწის ნაკვეთზე ო. ვ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღსანიშნავია, რომ ო. ვ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის (ავტოფარეხი) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საკადასტრო გეგმა, ქალაქ თბილისის არქიტექტურის მიწის საზღვრების დადგენის და საინვესტიციო განყოფილების უფროსის პასუხი, მოქალაქეების: ბ. ვ-ის, ზ. გ-ას, ა. თ-ის 2017 წლის 14 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ ო. ვ-ემ 2004 წელს ააშენა ავტოფარეხი ფართით 35 კვ.მ, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #20-ის მიმდებარედ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის 2003 წლის 31 ივლისს გაგზავნილ #6/802 მიმართვას მოჰყვა თუ არა რაიმე სამართლებრივი შედეგი, ნამდვილად გამოეყო თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი ლ. ც-ჩ-ეს ავტოფარეხის ასაშენებლად, მოხდა თუ არა მასთან რაიმე სახის ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნულის გამოკვლევა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობისაა, რადგან ერთი მხრივ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე და მასზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე სამართლებრივი შეზღუდვა არ ფიქსირდება, ხოლო მეორე მხრივ, მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ ლ. ც-ჩ-ე არასდროს ყოფილა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და მოსარგებლე, მოცემული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებდა თავად მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან შენობა-ნაგებობის გარეშე, ხოლო 2004 წელს მასზე ააშენა ორი კაპიტალური ავტოფარეხი.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო ობიექტით დაკავებულ ტერიტორიას, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ერთი მხრივ, მოცემული არგუმენტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას, ხოლო მეორე მხრივ, სადავო განკარგულებით აღნიშნული არ გამხდარა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე