Facebook Twitter

ბს-1027(კ-18) 24 სექტემბერი, 2020წ.

ბს-1027(კ-18) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2018წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. კ-მა 01.12.2016წ. სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის მიმართ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 15015 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 19.05.2017წ. გადაწყვეტილებით ქ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს მოსარჩელე ქ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 15000 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 19.05.2017წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა, რომ ა. ც-ის და დ. ხ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების ან მათ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერებასთან დაკავშირებით მოსარჩელეს ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში არ უდავია. ოზურგეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 3199 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით კვლავ აღრიცხულია ქ. კ-ის საკუთრებად. პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ქ. კ-ის მიერ კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა ა. ც-ისა და დ. ხ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები ან უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, ანუ მოსარჩელეს არ უცდია სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, პირდაპირ ადმინისტრაციულ ორგანოზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა. გასათვალისწინებელია, რომ მხარეები მიუთითებენ აზომვითი ნახაზის არასწორ შედგენაზე, მის სისწორეზე პასუხისმგებლობა კი ქონების მესაკუთრის მხარესაა. საქმის მასალებით დგინდება, რომ რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება გამოიწვია მხოლოდ ა. ც-ის უფლების დამდგენ დოკუმენტებთან ერთად საჯარო რეესტრში წარდგენილმა საკადასტრო აზომვითმა ნახაზმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული დავა უნდა აწარმოოს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაშიც მოსარჩელე იქნება უფლებამოსილი წამოიწყოს დავა ადმინისტრაციული ორგანოსა და ფიზიკური პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. კ-ის მიერ. კასატორი თვლის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას არ ქმნის ა. ც-ისა და დ. ხ-ის რეგისტრაციების გაუსაჩივრებლობა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ საჯარო რეესტრი არ აპირებს აღნიშნული რეგისტრაციების გაუქმებას, ამასთანავე, დ. ხ-ე უთითებს, რომ იგი კეთილისინდისიერი შემძენია. ცალკე დავის წარმოება ზედმეტ გაუმართლებელ ხარჯს გამოიწვევს, რისი საჭიროებაც არ დგას, რადგან საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ ა. ც-ის სახელზე ნაკვეთის დარეგისტრირებისას საჯარო რეესტრმა სრულად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები. სწორედ სარეგისტრაციო წარმოების არასათანადოდ ჩატარებას მოჰყვა ა. ც-ის სახელზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის დარეგისტრირება, აღნიშნული ადასტურებს მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედების შედეგად ქ. კ-თვის 15015 ლარის ოდენობით ზიანის მიყენებას. პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელდა მოწმეთა დაკითხვა, მოხდა ადგილზე დათვარიელება და დადგინდა, რომ ა. ც-მა სწორედ ქ. კ-ის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ თავის ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ქ. კ-თვის ზიანის მიყენება აღარ მოხდებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობებია ბრალი, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი, ამდენად, ზიანის ანაზღაურების აუცილებელი წინაპირობაა მართლასწინააღმდეგო ქმედების/უმოქმედობის დადასტურება. კასატორი მიიჩნევს, რომ ზიანი მიადგა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების, მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ნაკვეთის სხვა პირებზე რეგისტრაციის შედეგად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რეგისტრაციები, რომელთა არამართლზომიერებაზეც ქ. კ-ი უთითებს, საქმის მასალების მიხედვით სათანადო წესით სადავოდ არ ყოფილა გამხდარი და ძალაშია. სკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში ა. ც-ისა და დ. ხ-ის რეგისტრაციები არ გასაჩივრებულა, მათი უზუსტობა სათნადო წესით არ დადგენილა. მართალია საქმეში დაცულია რიგი მტკიცებულებები, რომლებიც ა. ც-ისა და დ. ხ-ის რეგისტრაციების მართლზომიერებასთან დაკავშირებით მსჯელობის საშუალებას იძლევა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო დავას იხილავს წარდგენილი სარჩელის ფარგლებში, სასამართლოს უფლება არა აქვს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სსკ-ის 248-ე მუხ.). მოსარჩელე იღებს გადაწყვეტილებას არა მხოლოდ სარჩელის აღძვრის შესახებ, არამედ თავადვე განსაზღვრავს დავის საგანს (სსკ-ის მე-3 მუხ.). სასარჩელო განცხადების მიხედვით, ქ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნაა მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, მესამე პირთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა არ შეადგენს განსახილველი დავის საგანს. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საჯარო რეესტრის მიერ კონკრეტული რეგისტრაციების განხორციელებისას თავისი ნორმატიული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების, რეგისტრაციების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერების შესახებ. ამასთანავე, სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით მოსარჩელე ამჟამადაც ითვლება ოზურგეთის რაიონის, სოფ. ...ში მდებარე 3199 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთი მხრივ შეუძლებელია ზიანის ნატურით ანაზღაურება ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის სხვა პირების სახელზე რეგისტრაციის საფუძვლით, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის ამ პირების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობის, მოსარჩელის მიერ თავისი უფლების შენარჩუნებისა და სათანადოდ განხორციელების შეუძლებლობა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ც-ისა და დ. ხ-ის რეგისტრაციების მართლზომიერების შეფასება შესაძლებელია ცალკე ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, რომლის წარუმატებლად დამთავრების, დ. ხ-ის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის, ა. ც-ის დაზუსტებული რეგისტრაციის არამართლზომიერების სათანადო წესით დადასტურების შემთხვევაში, ქ. კ-ის და ა. ც-ის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციით რიცხულ ნაკვეთებს შორის ზედდების კონკრეტული ფარგლების გათვალისწინებით ქ. კ-ს მიეცემა ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა. ვინაიდან სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით მოსარჩელე ითვლება მის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთის მესაკუთრედ, ა. ც-ის დაზუსტებული რეგისტრაციის და დ. ხ-ის სახელზე ნაკვეთის რეისტრაციის მიმართ პრეტენზია ხანდაზმულად არ ჩაითვლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ქ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2018წ. განჩინება;

3.ქ. კ-ს (პ.ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.08.2018წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 751 ლარის 70%, - 525,7 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე