#ბს-1335(კ-19) 24 სექტემბერი, 2020 წელი ბს-1335(კ-19) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 19 დეკემბერს ზ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის #... ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის ზ. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ...ის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფი ზ. მ-ე 2018 წლის 2 დეკემბრიდან უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნა დათხოვნილი სამსახურიდან. მანამდე კი, ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ...ის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ...ის მოვალეობისაგან, საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ლიკვიდაციის მოტივით მაშინ, როდესაც რეალურად განხორციელდა სამსახურის სტატუსის სახელწოდებისა და დაქვემდებარების შეცვლა. მოსარჩელის მითითებით, სამსახურებრივ-თანამდებობრივი პოზიციები, მათ შორის, მის მიერ დაკავებული პოზიცია პრაქტიკულად არ შეცვლილა და არ შემცირებულა შტატები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზ. მ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის #... ბრძანება; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელე - ზ. მ-ის ქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ...ის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ზ. მ-თვის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია სადავო აქტის უკანონობა, რადგან რეორგანიზაციას არ მოყოლია იმ თანამდებობის არც გაუქმება და არც სხვა სტრუქტურულ ერთეულთან გაერთიანება, რაც შეუძლებელს გახდიდა მოსარჩელის, მის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დანიშვნას. აღნიშნული გარემოება კი, პალატის მოსაზრებით, მართებულად გახდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის #... სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. მოცემულ პირობებში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შედეგი - მოსარჩელის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ...ის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე და 71-ე მუხლები არეგულირებს მოცემული რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის პროცესს, მათ შორის, რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის დროს კადრებში აყვანილი მოსამსახურეთათვის სამსახურის შეთავაზების საკითხს. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წერილით გაეგზავნა შეთავაზება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს ...ის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს ...ის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ...ის პოზიციაზე დანიშვნის თაობაზე. ამასთან, მოსარჩელეს განესაზღვრა ვადა შეთავაზებაზე წერილობითი ფორმის თანხმობის წარდგენისათვის და მისი წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსალოდნელ შედეგზეც იქნა გაფრთხილებული. კასატორის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზ. მ-ეს დადგენილ ვადაში შეთავაზებაზე წერილობითი თანხმობა არ განუცხადებია, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იგი დარჩა კადრების განკარგულებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის #... ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში მყოფი სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი - ზ. მ-ე დათხოვნილ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან 2018 წლის 2 დეკემბრიდან. მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძველი გახდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია, ხოლო მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი - კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა.
აღსანიშნავია, რომ ზ. მ-ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეკავა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ...ის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ...ის თანამდებობა.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით დადგინდა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოდან ლიკვიდირებული უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებული უნდა ყოფილიყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის #8 ბრძანების 39-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურე (გარდა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს #... ბრძანებით, „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის #387 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა. აღნიშნული საშტატო ნუსხით კვლავ გათვალისწინებულ იქნა ...ის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ...ის 1 საშტატო ერთეული, იმავე ფუნქცია-მოვალეობებით. ამდენად, არ მომხდარა ...ის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის შტატის შემცირება და ასევე ამ განყოფილების გაერთიანება სხვა რომელიმე სტრუქტურულ ერთეულთან, რითაც მოხდებოდა ორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელიდან ერთ-ერთის თანამდებობაზე დანიშვნა, ხოლო მეორის მიმართ - სხვადასხვა შეთავაზებების განხორციელება და მისი დასაქმების შეუძლებლობის შემთხვევაში, კადრების განკარგულებიდან მისი სისტემიდან დათხოვნა. ამდენად, სახეზეა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის #8 ბრძანების 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურე თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლების ან/და სამსახურიდან უკანონო დათხოვნის, აგრეთვე, თანამდებობიდან უკანონოდ დაქვეითების შემთხვევაში, ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას და ეძლევა იძულებით განაცდური. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დგინდება ზ. მ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების უკანონობა, ასევე მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი მოსარჩელის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ...ის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების ნაწილში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე