Facebook Twitter

საქმე #ბს-577(კ-19) 24 სექტემბერი, 2020 წელი ბს-577(კ-19) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 11 ივნისს სსიპ „..მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ჯარიმის სახით 1 421,25 ლარის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის #04/26039 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამ თანხის სსიპ „...თვის“ დაბრუნება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, სსიპ „...ის“ მიერ მოხდა პაციენტ ი. ქ-თვის (პ/ნ ...) სამედიცინო მომსახურების გაწევა, რომლის ღირებულების - 473,75 ლარის გადახდაც მოხდა უშუალოდ პაციენტის ხარჯით, რამდენადაც ოპერაცია, რაც მას ჩაუტარდა, იყო გეგმიური და არ განეკუთვნებოდა გადაუდებელ ოპერაციათა კატეგორიას, ხოლო პაციენტს არ მიუმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის და არ მოუთხოვია ამ ოპერაციის დაფინანსება სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. მან წერილობით გამოხატა სურვილი, ეს ოპერაცია ჩატარებულიყო მისივე ხარჯით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რის შედეგადაც სააგენტომ გადაწყვიტა ჰოსპიტლის დაჯარიმება გადახდილი თანხის - 473,25 ლარის სამმაგი ოდენობით, ვინაიდან ჩათვალა, რომ ი. ქ-თვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურება გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, „...მა“ კი პაციენტს უარი განუცხადა პროგრამულ მომსახურებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით სსიპ „...ის“ სარჩელი გადაეგზავნა განსჯად - გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ „...ის“ სარჩელი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნების შესახებ, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „...თვის“ ჯარიმის სახით 1 421,25 ლარის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის #04/26039 გადაწყვეტილება; ამავე გადაწყვეტილებით სსიპ „...ს“ დაუბრუნდა მის მიერ 2018 წლის 1 ნოემბერს ჯარიმის სახით გადახდილი 1 421 ლარი და 25 თეთრი.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, პაციენტ ი. ქ-ს ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება, რომელიც გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, შესაბამისად, მიმწოდებელმა მოსარგებლეს უარი განუცხადა პროგრამულ მომსახურებაზე. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტი იყო საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლე და შესაბამისად, მისი მომსახურება უნდა ანაზღაურებულიყო სახელმწიფოს მხრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის სადავო გადაწყვეტილებით, სსიპ „...ი“ დაჯარიმდა ი. ქ-ის მიერ გადახდილი თანხის - 473,25 ლარის სამმაგი ოდენობით - 1 421,25 ლარით, ვინაიდან ჩაითვალა, რომ ი. ქ-თვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურება გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, „...მა“ კი პაციენტს უარი განუცხადა პროგრამულ მომსახურებაზე. ამასთან დადგენილია, რომ სსიპ „...ის“ მიერ გადახდილ იქნა 1 421,25 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების „დანართი #1.3-ის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილების დანართი #1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს) პროგრამა ითვალისწინებს სტაციონარული მომსახურების - გეგმური ქირურგიული ოპერაციების ხარჯების ანაზღაურებას წლიური ლიმიტის – 15 000 ლარის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ი. ქ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულაა 41440. ამასთან, 2018 წლის 6 მარტს თავად მიმართა სსიპ ,,..ს“ მარცხენამხრივი კრიპტორქიზმის დიაგნოზით და მას ჩაუტარდა გეგმიური სტაციონარული მომსახურება - ქირურგიული ოპერაცია (ორქექტომია) და მეორე დღეს გაეწერა კლინიკიდან.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ი. ქ-ის შემთხვევა წარმოადგენდა სასწრაფო დაყოვნებულ გეგმიურ ქირურგიას და იმ პირობებში, როდესაც პაციენტმა თავად გამოთქვა სურვილი დაეფინანსებინა საკუთარი ხარჯებით ოპერაცია, სახეზე არ არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების 19.9 მუხლის შემადგენლობა, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ ი. ქ-ს შეეძლო მიემართა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის და წარედგინა ფორმა 100, კალკულაცია და მოეთხოვა საყოველთაო ჯანდაცვით განსაზღვრული პროგრამული მომსახურება, რაც არ მოუთხოვია, შესაბამისად, სახეზე არ არის „...ის“ მხრიდან მომსახურებაზე უარის თქმა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 13.05.2019წ. #15529 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.05.2019წ. #15529 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე