Facebook Twitter

საქმე #ბს-504(კ-19) 24 სექტემბერი, 2020 წელი ბს-504(კ-19) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 30 მაისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის #... ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის #... საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე შპს „...ის“ საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, შპს „...მა“ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე მის მიმართ შედგენილ საგადასახადო მოთხოვნაზე. შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 30-დღიანი ვადა. მოსარჩელის მითითებით, მან წარადგინა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ვადის გაშვება მოხდა მისი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კერძოდ, 2015 წლის აგვისტოში შპს „...ის“ წარმომადგენელმა გაიკეთა ურთულესი ოპერაცია, რასაც მოჰყვა გართულებები, რის გამოც 2015 წლის 15 სექტემბერს მას მოუწია კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება. სარჩელის მიხედვით, ყოველივე აღნიშნულს წინ უსწრებდა სამედიცინო გამოკვლევები და იმის გათვალისწინებით, რომ წინა დღეებში წარმომადგენელი იმყოფებოდა საავადმყოფოში, საჩივრის წარდგენა მოხდა 2015 წლის 15 სექტემბერს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები უკანონოა და მის მიერ გასაჩივრების ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ნ. დ-ე, როგორც კომპანიის წარმომდგენელი, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოქმედებდა მარტო, ადვოკატის დახმარების გარეშე, რის გამოც მის მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა და გაშვებულ იქნა საჩივრის წარდგენის ვადა. კასატორის მითითებით, გასაჩივრების ვადა დარღვეულ იქნა მხოლოდ ერთი დღით და მისი გაშვება მოხდა საპატიო მიზეზის, კერძოდ, წარმომდგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პირობებში. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში, მეწარმისთვის დარიცხული ფულადი ვალდებულება შედეგობრივად გამოიწვევს როგორც მისი საქმიანობის სრულ პარალიზებას, ისე მის მიმართ სხვა მძიმე სამართლებრივ შედეგებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის #... ბრძანება, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრები საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის გამო დარჩა განუხილველი. ასევე, გასაჩივრებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის #... საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე შპს „...ის“ საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო (44.3 მუხლი). პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი (44.4 მუხლი).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2015 წლის 14 აგვისტოს - საფოსტო გზავნილით მოხდა მოსარჩელისათვის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 23 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2015 წლის 29 ივლისის #... ბრძანებისა და #... საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარება. ასევე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ საჩივრის წარდგენა მოხდა გასაჩივრების 30-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ - 2015 წლის 15 სექტემბერს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებებით, რომლებიც დაადასტურებს, რომ საპატიო მიზეზის არსებობის პირობებში შეუძლებელი ან განსაკუთრებით გართულებული იყო საჩივრის წარდგენა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „...ის“ მითითებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ გასაჩივრების ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად შპს „...ის“ მიერ წარმოდგენილია მისი წარმომადგენლის, ნ. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრისა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ცნობები, რომელში ასახული გარემოებებიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ცალსახად არ მიუთითებს საჩივრის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობაზე, ვინაიდან ერთ შემთხვევაში პაციენტი სტაციონარში მოთავსდა - 2015 წლის 6 აგვისტოს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო მხარისათვის ბრძანება ჩაბარებული, ხოლო მეორე შემთხვევაში - 2015 წლის 15 სექტემბერს მაშინ, როდესაც უკვე ამოწურული იყო ბრძანების კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების 30-დღიანი ვადა.

ამდენად, მოსარჩელის მიერ საგადასახადო ორგანოში საჩივრის წარდგენა მოხდა გასაჩივრების 30-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ და მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, ვერ იქნა დადასტურებული კონკრეტულ - 2015 წლის 14 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ნ. დ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოებები. ამასთან საყურადღებოა, რომ მოსარჩელე არის იურიდიული პირი, რომლის სახელითაც მოქმედებებს, ჩვეულებრივ, დირექტორი ახორციელებს და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, სწორედ ეს უკანასკნელია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი სუბიექტი, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში საჩივრის შეტანის თავად დირექტორის ან სხვა უფლებამოსილი პირისათვის გადანდობის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე ნ. დ-ეს 08.05.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...სს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

3. შპს „...სს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. დ-ის მიერ 08.05.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე