Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-816(კ-20) 17 სექტემბერი, 2020 წელი

ბს-816(კ-20) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“, შპს „ქ..ისა“ და ე. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის ბრძანების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური).

2017 წლის 12 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „...ის“, შპს „ქ...ისა“ და ე. ხ-ის მიმართ.

მოსარჩელემ შპს „ქ…ის“ (ს/ნ ...), შპს „...ისა“ (ს/ნ ...) და ე. ხ-ის (პ/ნ ...) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს წინაშე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იშუამდგომლა, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, ყადაღა დადებოდა მოპასუხის - ე. ხ-ის (პ/ნ ...) სახელზე რიცხულ შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს: 1. MERCEDES-BENZ 815 D, სახელმწიფო ნომერი - … და 2. LAND ROVER FREELANDER, სახელმწიფო ნომერი - ...; ასევე, ე. ხ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში რიცხულ, ქობულეთში, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, საკადასტრო კოდით #...; ე. ხ-ის (პ/ნ …) საბანკო ანგარიშს - 1) სს „...ში“; ქობულეთში, სოფელ …ში მდებარე, შპს „ქ...ის“ (ს/ნ …) იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე არსებული საწარმოების ძირითად საშუალებებსა და სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს; აგრეთვე, შპს „ქ...ის“ (ს/ნ …) სს „...სა“ და სს „თ…ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ე. ხ-ის (პ/ნ …) სახელზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებს: 1) MERCEDES-BENZ 815 D, სახელმწიფო ნომერი - …; 2) LAND ROVER FREELANDER, სახელმწიფო ნომერი - …; ყადაღა დაედო ე. ხ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში რიცხულ, ქობულეთში, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, საკადასტრო კოდი #...; ყადაღა დაედო ე. ხ-ის (პ/ნ ...) საბანკო ანგარიშს სს „თ..ში“; ყადაღა დაედო ქობულეთში, სოფელ ...ში მდებარე, შპს „ქ...ის“ (ს/ნ ...) იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართ(ებ)ზე არსებული საწარმოების ძირითად საშუალებებსა და სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს; ყადაღა დაედო შპს „ქ...ის“ (ს/ნ ...) საბანკო ანგარიშებს, სს „...ში“ და სს „თ..ში“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა; ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად იქნენ აღიარებული შპს „...ი“, შპს „ქ...ი“ და ე. ხ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ქ...მა“, შპს „...მა“ და ე. ხ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შპს „ქ...ის“, შპს „...ისა“ და ე. ხ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ქ...მა“, შპს „...მა“ და ე. ხ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ქ...ის“, შპს „...ისა“ და ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის - პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად სასამართლოს მიერ აღიარების სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ითვალისწინებს, რომლის დადგენაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელისთვის ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების საერთო წესის შესაბამისად ხორციელდებოდა, რაც თავის მხრივ, საერთო წესიდან გამომდინარე მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას იძლეოდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2019 წლის 28 ივნისის #4906-IIს საქართველოს კანონით (გამოქვეყნებული 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

ამასთან, პარალელურად, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2019 წლის 28 ივნისს #4908-IIს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, (გამოქვეყნებული 04.07.2019წ.), ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა VII16 თავი - „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“, რომლის 2163 მუხლის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. ამავე თავის 2165 მუხლით განისაზღვრა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი, რომლის მე-9 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას და ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივარი აღარ დაიშვება. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი შეიცავს ცალსახა მითითებას სააპელაციო სასამართლოს ბრძანების საბოლოოობის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“, შპს „ქ...ისა“ და ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს აღარ გააჩნია კომპეტენცია შეაფასოს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (ბრძანების) კანონიერების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით და 2165 მუხლის მე-9 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შპს „ქ...ის“, შპს „...ისა“ და ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე