საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-271(კს-20) 17 სექტემბერი, 2020 წელი
ბს-271(კს-20) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე; ნუგზარ სხირტლაძე,
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - უ. ძ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ იუსტიციის სახლი; ვ. ბ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 22 ნოემბერს ვ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ იუსტიციის სახლის მიმართ, რომლითაც სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №... ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებლი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №... ბრძანების საფუძველზე, სსიპ იუსტიციის სახლმა 2018 წლის 2 ოქტომბერს სსიპ ფინანასთა სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი, რომელიც ითვალისწინებდა თბილისის იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობის ნულოვან სართულზე (ს.კ ...) არსებული 116.4 კვ.მ. ფართის იჯარით გადაცემას მასზე კვების ობიექტის მოწყობის მიზნით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა პირმა, მათ შორის, ვ. ბ-ამ, რომელმაც გაიმარჯვა. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე 2018 წლის 18 ოქტომბერს სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №... ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №... ბრძანება და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №... ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული №... აუქციონის შედეგები, ხოლო სსიპ იუსტიციის სახლის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს გამოცხადებულ №... აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტს დაუბრუნდა მის მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა 10 000 ლარი.
მოსარჩელის მითითებით, უ. ძ-ი არ წარმოადგენს კონკურსით დაინტერესებულ პირს, მას არ მიუღია აუქციონში მონაწილეობა, მისი არც რაიმე სხვა ინტერესი დასტურდება ამ კონკურსის მიმართ. ის წარმოადგენს ამ კონკურსის ერთ-ერთ მონაწილესთან - გ. ფ-თან დაახლოებულ პირს, რომელიც კონკურსის შემდეგ, 8 ოქტომბერს საკუთარი ინიციატივით შეხვდა ვ. ბ-ას, გაეცნო როგორც ,,ს..-ის“ წარმომადგენელი და შესთავაზა ქონების მისთვის გადაცემა მოიჯარე საწარმოს 10%-იან წილში დატოვებით, რაზედაც მიიღო უარი. აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა სადავო ბრძანების გამოცემა. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბრძანების მიღებით ადგილი აქვს რიგი საჯარო მოხელეების უკანონო ქმედებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-1 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება უ. ძ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №... ბრძანება ,,სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №... ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების, აღნიშული ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და აუქციონში გამარჯვებულისთვის საბანკო გარანტიის/ბეს თანხის დაბრუნების თაობაზე“; მოპასუხეს - სსიპ იუსტიციის სახლს, მოსარჩელე ვ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ იუსტიციის სახლმა და მესამე პირმა - უ. ძ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით სსიპ იუსტიციის სახლის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით უ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს მოახდინონ თავიანთი ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.
მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველი რეგლამენტირებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაშია, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა (სასკ-ის 16.1 მუხლი) საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა (სასკ-ის 16.2 მუხლი) კი, ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას.
ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მესამე პირები არ სარგებლობენ იმავე უფლებებითა და მოვალეობებით, როგორც სავალდებულო, აუცილებელი ფორმით ჩაბმული მესამე პირები. რაც შეეხება, მესამე პირად აუცილებელი ფორმით ჩაბმული პირების საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის საკითხს, ასკ მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ, იმ მესამე პირს, რომელიც წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი ანუ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე ჩაბმულ მესამე პირს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით დასტურდება, რომ დავაში მესამე პირი უ. ძ-ი ჩაბმულ იქნა და მონაწილეობას იღებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის საფუძველზე, ამდენად, იგი არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა უ. ძ-მა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გამოტანისას არ შეუმოწმებია ის საკითხი, საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის შესაბამისად, რამდენად სწორად იქნა ჩაბმული უ. ძ-ი მესამე პირად. სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია და შეაფასა არსებული გარემოებები და მესამე პირს უფლება წაართვა ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ უგულვებელყოფილია მესამე პირის ინტერესები.
საქართველოს კანონმდებლობით მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა დაკავშირებულნი არიან სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივ განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.
ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ჩაბმის ხსენებულ ფორმებს შორის შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო სავალდებულო (აუცილებელი) ჩაბმა - ვალდებულება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებითაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ტერმინი „სამართალურთიერთობა“ არ უნდა იქნეს ფორმალურად განმარტებული. სამართალურთიერთობაში მონაწილეობასთან ერთად მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს კანონით დაცული უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესებისადმი რეალური შემხებლობის არსებობა, ამასთან, სასამართლოს მიერ შეფასდეს პირის მიერ დავის გაგრძელების და ამ დავის ფარგლებში საკუთარი კანონით დაცული, რეალურ ინტერესთა დაცვის სამართლებრივი პერსპექტივები. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო გადაწყვეტილება გავლენას ახდენს უ. ძ-ის უფლებაზე, ამდენად იგი იმ სამართალურთიერთობის მონაწილე ხდება, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას აღნიშნული დავის ფარგლებში უნდა მიეცეს შესაძლებლობა პროცესში აქტიური მონაწილეობით, ერთი მხრივ, გავლენა მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით დაიცვას საკუთარი უფლებები და კანონით დაცული ინტერესები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უ. ძ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მესამე პირის, უ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ავტორი საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, ე.ი. იმ საფუძვლით, რომ სასამართლო აქტი შეიძლება შეხებოდა მის ინტერესებს, იგი არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
აღნიშნული განჩინება უ. ძ-მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მიაჩნია, რომ იგი საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად უნდა ყოფილიყო მოწვეული, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილება გავლენას ახდენს მის უფლებაზე, იგი იმ სამართალურთიერთობის მონაწილე ხდება, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული დავის ფარგლებში უნდა მიეცეს შესაძლებლობა პროცესში აქტიური მონაწილეობით, ერთი მხრივ, გავლენა მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით დაიცვას საკუთარი უფლებები და კანონით დაცული ინტერესები.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის მოტივებს და თვლის, რომ არ არსებობს უ. ძ-ის სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის მატერიალური და პროცესუალური წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. იგი არის სპეციფიკური პროცესუალური საშუალება, რომელიც მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც მართალია არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის უშუალო მხარეებს (მოსარჩელე/მოპასუხე), თუმცა შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები.
ზემოთმითითებულ პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს ორი სახის მესამე პირს - ,,ჩვეულებრივი“ მიწვევის და ,,აუცილებელი (სავალდებულო)“ მიწვევის მესამე პირს. სასამართლოში მესამე პირების ,,ჩვეულებრივი“ მიწვევის წინაპირობაა ის, რომ სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება შესაძლებელია, შეეხოს მიწვეული მესამე პირის სამართლებრივ ინტერესებს. ამასთან, არ არის სავალდებულო, რომ მესამე პირის უფლებებს ნამდვილად შეეხოს გადაწყვეტილება, საკმარისია, მესამე პირის მიწვევის დროს იყოს იმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მის სამართლებრივ ინტერესებზე. რაც შეეხება, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის ,,სავალდებულო“ ჩაბმას, ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე არსებობს მესამე პირთა არამხოლოდ სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედების შესაძლებლობა, არამედ მათთვის გარკვეული სამართლებრივი უფლებებისა და მოვალეობების დაკისრების ალბათობა. შესაბამისად, მესამე პირებთან მიმართებაში არსებობს საერთო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. სწორად აღნიშნული განაპირობებს იმას, რომ საქმეში მესამე პირების სავალდებულო მოწვევა სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც არ არის მახასიათებელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ჩაბმული მესამე პირებისთვის და ამასთან, მისი საქმეში მოწვევა არ ატარებს იმპერატიულ ხასიათს.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირის სტატუსი განისაზღვრება იმ პირების მიმართ, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ეს პირები იმგვარად არიან დაკავშირებული სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ და არა ირიბ (არაპირდაპირ) გავლენას მოახდენს კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესზე.
დადგენილია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №... ბრძანების კანონიერება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №... ბრძანება.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №... ბრძანებით გადაწყდა სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის, თბილისის იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობის ნულოვან სართულზე (ს/კ: №...) არსებული 116,4 კვ.მ. ფართის იჯარით გაცემა ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 ხუთი წლის ვადით, მასზე კვების ობიექტის მოწყობის მიზნით. ამავე ბრძანებით, დამტკიცდა ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის განთავსებასთან ერთად ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებელი ხელშეკრულების პროექტი დანართი №2-ის შესაბამისად.
ელექტრონული აუქციონების ვებ. გვერდზე 2018 წლის 02 ოქტომბერს გამოცხადდა №... (დასრულდა 07 ოქტომბერს) აუქციონი. 2018 წლის 07 ოქტომბერს №... აუქციონის გამარჯვებული გახდა მოსარჩელე - ვ. ბ-ა.
2018 წლის 10 ოქტომბერს უ. ძ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ იუსტიციის სახლს და მოითხოვა აუქციონის შედეგების გაუქმება და ხელახალი აუქციონის გამოცხადება. 2018 წლის 12 ოქტომბერს უ. ძ-მა კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ იუსტიციის სახლს და განცხადებას დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (საქმე №3/6338-18). აღიშნული განჩინების თანახმად, უ. ძ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და სსიპ იუსტიციის სახლს აეკრძალა 2018 წლის 2 ოქტომბრის №... ბრძანებით გამოცხადებული №... აუქციონის გამარჯვებულთან თბილისის იუსტიციის სახლის ნულოვან სართულზე არსებული 116,4 კვ.მ. ფართის (ს/კ: №...) იჯარის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება.
სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №... ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის, თბილისის იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობის ნულოვან სართულზე არსებული 116,4 კვ.მ. ფართის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით იჯარის გაცემის შესახებ’’ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №... ბრძანება და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №... ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული №... აუქციონის შედეგები, ხოლო სსიპ იუსტიციის სახლის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს გამოცხადებულ №... აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტს დაუბრუნდა მის მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა 10 000 ლარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 18 ოქტომბრის №... ბრძანების გამოცემა მოხდა უ. ძ-ის განცხადების საფუძველზე და აუქციონის საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე ის უდავოდ წარმოადგენს იმ პირს, რომლის ინტერესსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, რომელიც სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სტატუსს უკავშირებს სასამართლოს მხრიდან მასთან მიმართებაში საერთო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საგულისხმოა, რომ უ. ძ-მა საკუთარი პროცესუალური სტატუსი თავადვე განსაზღვრა, მან შუამდგომლობის საფუძველზე მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ჩაბმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა უ. ძ-ის შუამდგომლობა და ის სადავო სამართალურთიერთობაში ჩაება სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჩივრის ავტორის მხრიდან სწორად მოხდა საკუთარი საპროცესო სტატუსის დადგენა, რის საფუძველზეც მას ენიჭება ის საპროცესო უფლებები, რაც ხელს შეუწყობს საქმის ყოველმხრივ გამოკვლევას.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, მისი უფლებრივი საკითხის თაობაზე, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უ. ძ-ს სარჩელი აქვს წარდგენილი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2 ოქტომბრის №... ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული №... აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და თბილისის იუსტიციის სახლის ნულოვან სართულზე არსებული 116,4 კვ.მ. ფართის იჯარის გასაცემად მოპასუხისათვის ახალი აუქციონის ჩატარების დავალების თაობაზე. მას წარდგენილი სარჩელის ფარგლები შესაძლებლობა ენიჭება სრულად მოახდინოს საკუთარი უფლების სამართლებრივი გზით დაცვა, ხოლო წინამდებარე სარჩელი არ ქმნის მისი უფლებებში აღდგენისა თუ დაცვის შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულმა განჩინებამ არ შეიძლება რაიმე უარყოფითი გავლენა იქონიოს უ. ძ-ზე, როგორც მესამე პირის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესზე, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების, უ. ძ-ის საპროცესო სტატუსის ტრანსფორმირებისა და სააპელაციო საჩივრის დაშვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უ. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე