გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 446-დად 15 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე), მ. გოგელია (მომხსენებელი),
დ. სულაქველიძე
განიხილა გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ ხ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული ვ. ბ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის განაჩენით ვ. ბ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 19,184-ე მუხლის II ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის III ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 27 აპრილის ¹... განკარგულების საფუძველზე ვ. ბ. შეწყალებულ იქნა, დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ვ. ბ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 3 იანვრიდან.
2005წ. 14 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹2 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ბ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილებით წარდგინება დაკმაყოფილდა და მსჯავრდებული ვ. ბ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი ხ. კ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ვ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ მას ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და შეწყალებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
პროკურორმა გ. მ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ვ. ბ-ს მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდიდა 2002წ. 3 იანვრიდან. მას დანიშნული სასჯელიდან მოსახდელი დარჩა 1 წელი, 2 თვე და 7 დღე.
ვ. ბ-ს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 3/4 მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაცია ვ. ბ-ს ახასიათებს დადებითად. იგი აღნიშნულ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2003წ. 17 მაისიდან. დახასიათების მიხედვით, ვ. ბ-ს შეგნებული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დგას გამოსწორების გზაზე, იგი წყნარი და თავაზიანია, სისტემატურად ესწრებოდა აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს, მეგობრობს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, კონფლიქტურ სიტუაციებში არ შემჩნეულა, ყველა დავალებას ასრულებდა დროულად და ხარისხიანად, სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული ან დასჯილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული გარემოებების, აგრეთვე მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებული ვ. Bბ. დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გაათავისუფლა.
პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ ვ. Bბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული ვ. ბ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.