Facebook Twitter

ბს-774(კ-19) 08 სექტემბერი 2020წ.

ბს-774(კ-19) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.ხ-მა 02.04.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 28.02.2018წ. N333 განკარგულების ბათილად ცნობის და კომისიისათვის ვ. ხ-ს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 08.06.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.02.2018წ. N333 განკარგულება და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ვ. ხ-ს საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მიმდებარედ, თუმცა უშუალოდ არ ემიჯნება მას, რის გამო პალატამ უნდა შეაფასოს ასაღიარებელ მიწაზე განთავსებული არასაცხოვრებელი შენობები ქმნიდა თუ არა საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის დანაწესებიდან გამომდინარე, ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არასაცხოვრებელი შენობის არსებობის შემთხვევაში, საკუთრების უფლების ასაღიარებლად აუცილებელია ასეთი შენობა იყოს აშენებული. საქმეში დაცული ფოტოსურათების მიხედვით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ასაღიარებელ ნაკვეთზე არსებული ავტოფარეხი არის დასრულებული არასაცხოვრეებლი შენობა, რადგან აღნიშნული შენობა მისი ვიზუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვარგისია იმ მიზნისთვის, რა დანიშნულებითაც იყენებს მას ვ. ხ-ი. ამასთანავე, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს „...ს“ 17.07.2018წ. საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ავტოფარეხის ბეტონის სახურავზე შეზრდილი კაკლის ხის ქვედა ძირითადი მოჭრილი ტოტის ნიმუშის შესწავლის შედეგად, ხის წლიური რგოლების მიხედვით, დადგიდა, რომ აღნიშნული ტოტის ასაკი შეადგენს 42 წელს. პალატამ არ გაიზიარა კომისიის მოსაზრება, რომ ავტოფარეხი მოეწყო 2007 წლის შემდეგ და ყურადღება გაამახვილა მეზობელთა ნოტარიულად დამოწმებულ ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად ვ. ხ-ი 1997 წლიდან ფლობს ასაღიარებელ ნაკვეთს მასზე მდებარე ორი შენობა-ნაგებობით. ნაკვეთზე ორი შენობა-ნაგებობის არსებობა დასტურდება აგრეთვე შპს „მ...ის“ 08.02.2017წ. საკადასტრო ნახაზით, რომლის თანახმად, ერთი ნაგებობა აშენებულია, ხოლო მეორე მშენებარე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა ვ. ხ-ს მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი 2007 წლამდე. საკუთრების აღიარებისათვის საჭირო იყო იმ ფაქტის დადასტურდება, რომ ნაკვეთზე 2007 წლამდე არსებობდა არასაცხოვრებელი დანიშნულების აშენებული შენობა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ორი არასაცხოვრებელი შენობა (დამხმარე ნაგებობა), თუმცა 2005წ. და 2010 წ. ორთოფოტოებზე აღნიშნული ნაგებობები არ ჩანს, რაც ადასტურებს ნაკვეთზე ნაგებობების განთავსებას კანონის ამოქმედების შემდეგ. ამასთან, ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობა მშენებარეა. სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. საქმის მასალებით დასტურდება ნაკვეთზე ორი შენობის არსებობის ფაქტი, ამასთანავე, საქმეში დაცული 28.03.2018წ. საკადასტრო გეგმის მიხედვით, ერთი შენობა მშენებარეა, ხოლო მეორე აშენებული. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი 11.10.2017წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზიც უთითებს ნაკვეთზე ორი შენობის არსებობაზე, რომელთაგან ერთ-ერთი მშენებარეა, ხოლო მეორე ნაგებობა ნანგრევია. საქმეში დაცული მესამე საკადასტრო ნახაზი, რომელიც 08.02.2017წ. არის მომზადებული ასევე ადასტურებს ნაკვეთზე ორი ნაგებობის არსებობას, რომელთაგან ერთ-ერთი აშენებულია. კომისიის მიერ შეფასებას საჭიროებს აღნიშნული საკადასტრო ნახაზები, აგრეთვე მოწმეთა ახსნა-განმარტებები, ადგილზე არსებული ვითარება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში დაცული ფოტოსურათების მიხედვით ასაღიარებელ ნაკვეთზე არსებული ავტოფარეხი ვარგისია კონკრეტული მიზნით გამოყენებისათვის, ამდენად, საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის შესაძლებელია მის დასრულებულ არასაცხოვრებელ ნაგებობად მიჩნევა. გასათვალისწინებელია, რომ კომისია, მათ შორის საკასაციო საჩივარში მსჯელობს მხოლოდ აღნიშნულ ავტოფარეხთან დაკავშირებით და უგულებელყოფს ნაკვეთზე არსებულ მეორე ნაგებობას, არ არის გამოკვლეული მისი მდგომარეობა და ნაკვეთზე განთავსების სავარაუდო პერიოდი, სრულად უგულებელყოფილია მეზობელთა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, ვ. ხ-ი ასაღიარებელ ნაკვეთს მასზე არსებული ორი შენობა-ნაგებობით 1997 წლიდან დღემდე ფლობს, ასევე არ არის შეფასებული შპს „...ოს“ 17.07.2018წ. საექსპერტო დასკვნა და საქმეში დაცული ფოტოსურათები.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონის ამოქმედებამდე ასაღიარებელ ნაკვეთზე არასაცხოვრებელი დასრულებული ნაგებობის არსებობის ფაქტის სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში, შესაძლოა დადასტურებულიყო საკუთრების აღიარების საფუძველი.

ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის შემდგომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად განსხვავებულად მოწესრიგდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლები, განსხვავებულად ჩამოყალიბდა, გაფართოვდა, საკუთრების აღიარების წინაპირობები. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ამჟამად მოქმედი რედაქცია ადგენს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). შესაბამისად, ამჟამად საკუთრების აღიარების საფუძველს ქმნის აგრეთვე კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე მშენებარე არასაცხოვრებელი ან საცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის ფაქტის დადასტურება, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც აშენებული, ასევე მშენებარე ან დანგრეული. საკასაციო საჩივარში კომისია თავადვე ადასტურებს ნაკვეთზე არასაცხოვრებელი ნაგებობების არსებობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ.ცინცაძე