Facebook Twitter

#ბს-1066(კ-19) 24 სექტემბერი, 2020 წელი ბს-1066(კ-19) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 19 ოქტომბერს ნ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 სექტემბრის #01-757/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ნ. ბ-ას სასარგებლოდ საცხოვრებელი ფართის შესყიდვის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი და დევნილობის პერიოდში ცხოვრობს სენაკის რაიონის სოფელ ...ში. მოსარჩელეს 1996 წელს გარდაეცვალა მეუღლე. სარჩელის თანახმად, 2008 წელს ნ. ბ-ამ შეიძინა სახლი ...ში და მესაკუთრესთან გააფორმა სიტყვიერი შეთანხმება საფასურის განწილვადებაზე. თუმცა იმის გამო, რომ 2008 წლის 13 სექტემბერს მოყვა ავარიაში და მიიღო მრავლობითი დაზიანება, ვერ გადაიხადა სახლის საფასური და იძულებული გახდა სახლი მიეყიდა მოვალისთვის.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2015 წელს გადაიტანა თავის ტვინის ინსულტი, 2016 წელს ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. ამჟამად ცხოვრობს ზემოაღნიშნულ სახლში ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იქ მისთვის საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობებია და სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, მიმართა სამინისტროს, რომელმაც უარი უთხრა საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელე ცხოვრობს მამა-პაპისეულ საკუთრებაში, რასაც არ იზიარებს ნ. ბ-ა. სარჩელის თანახმად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ნ. ბ-ას სახელმწიფოსგან არ მიუღია არანაირი დახმარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 სექტემბრის #01-757/ო ბრძანება; მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნ. ბ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე (საცხოვრებელი ფართის შესყიდვა) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოებისას განხორციელებული მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ ნ. ბ-ა ცხოვრობს სენაკში, სოფელ ...ში 1995 წლიდან, ქირის გარეშე. ფართი წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, რომელიც გაასხვისა მეუღლის დაზე. მოსარჩელეს ჰყავს შვილი, რომელიც დაოჯახებულია და ცხოვრობს ქ. თბილისში. ნ. ბ-ას ერთსულიანი დევნილი ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიქსირდება 64 380 ქულით. მისი განმარტებით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი შეიძინა 2008 წელს, ხოლო თანხის გადაუხდელობის გამო (ავტოავარიაში დაშავების გამო) გაასხვისა. კასატორის მითითებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს მის მიერ გასხვისებულ ფართში. რაც შეეხება ქირის გადახდის ფაქტს, სასამართლო დაეყრდნო მხარის მიერ წარმოდგენილ 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც დადებული იყო 2 წლის ვადით.

კასატორის მითითებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის #240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია აქტის გამოცემისა და მომზადების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. ბ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ასევე დადგენილია, რომ ნ. ბ-ას საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს სენაკის რაიონი, სოფელი ...ი. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ დანართი #1-ის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას წარმოადგენს ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ #6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ #7 დანართის შესაბამისად. მოცემული წესის #6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო #7 დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით – 2,5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით – 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით – 1,5 ქულა; ე) 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 1 ქულა. ამასთანავე, „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთი კომპონენტია დევნილ ოჯახში ასაკით პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო ან ოჯახი, რომელის წევრთა ნახევარზე მეტი არის ასაკით პენსიონერია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 15 მაისს განხილულ იქნა ნ. ბ-ას განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას მიენიჭა 4 ქულა და სადავო ბრძანებით უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ეტაპზე განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას მულზე გასხვისებულ მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო (სენაკის რაიონი, სოფელი ...ი).

დადგენილია, რომ ნ. ბ-ა არის ოჯახის ერთადერთი წევრი, დაავადებულია მრავალკვანძოვანი ჩიყვით, აქვს საფეთქლის ძვლის მოტეხილობა, პენსიონერია და საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, მისი შემოსავალი თვეში 225 ლარს შეადგენს (დევნილის შემწეობა - 45 ლარი, სახელმწიფო პენსია - 180 ლარი), ოჯახის სარეიტინგო ქულა კი, 100001-ზე ნაკლებია, მარტო ცხოვრობს ნაქირავებ სახლში და იხდის ყოველთვიურად 45 ლარს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით. უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ არ არსებობს მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროება. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარს, რომელიც ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მეუღლის დაზე გაასხვისა ბინა და ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, რაც არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე