Facebook Twitter

საქმე №ბს-3-353-2(ა-20) 30 სექტემბერი, 2020 წელი

ბს-3-353-2 (ა-20) - თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ბ-ის, ე. წ-ის, ზ. ბ-ისა და სხვათა განცხადების მიღების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ბ-ემ, ე. წ-მა, ზ. ბ-ემ და სხვებმა 2020 წლის 12 მარტს განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმების და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რამდენადაც განცხადებას არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი, განცხადება არ შეიცავდა მითითებას თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვდნენ განმცხადებლები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. ასევე, განცხადებაში დაკონკრეტებული არ იყო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. გარდა ამისა, ვინაიდან წარმოდგენილი განცხადება არ იყო შედგენილი ნაბეჭდი სახით, განმცხადებლებს დაევალათ გარკვევით ნაწერი ან დაბეჭდილი განცხადების წარმოდგენა.

2020 წლის 7 მაისს განმცხადებლებმა მომართეს საკასაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 მაისის განჩინებით გ. ბ-ის, ე. წ-ის, ზ. ბ-ისა და სხვათა შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და მათ საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 5 დღით.

2020 წლის 3 ივნისს მხარეებმა კვლავ მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი წარმოადგინეს. ამასთან, მხარეებმა მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 მაისის განჩინების განმარტება იმ მოტივით, რომ მითითებული განჩინება ბუნდოვანი იყო. ამავე განცხადებით მხარეებმა მოსამართლე ალექსანდრე წულაძის აცილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა განცხადება მოსამართლე ალექსანდრე წულაძის აცილების თაობაზე, ხოლო 2020 წლის 12 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 მაისის განჩინების განმარტების შესახებ. საკასაციო სასამართლომ მითითებულ განჩინებაში აღნიშნა, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, არ დასტურდებოდა ყველა განმცხადებლის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განმცხადებლები გაეთავისუფლებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე განჩინებით მხარეებს გაუგრძელდათ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადა 7 დღით და განემარტათ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისისა და 2020 წლის 12 ივნისის განჩინებები მხარეებს გაეგზავნათ განცხადებებში მითითებულ მისამართებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის, ე. წ-ის, ზ. ბ-ისა და სხვათა განცხადება უნდა იქნეს დატოვებული განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სასამართლოს 2020 წლის 11 და 12 ივნისის განჩინებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე (ჭიათურა, სოფელი ...). გზავნილები 2020 წლის 13 აგვისტოს ჩაბარდა ერთ-ერთ მხარეს - გ. ბ-ეს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2020 წლის 14 აგვისტოდან დაიწყო და 2020 წლის 20 აგვისტოს (ხუთშაბათს) ამოიწურა. განმცხადებლებმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორეს და მათ არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის, რაც ქმნის საფუძველს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით, 425-ე, 427-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ბ-ის, ე. წ-ის, ზ. ბ-ისა და სხვათა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე