საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-130(კ-20) 30 სექტემბერი, 2020 წელი
ბს-130(კ-20) თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი/მ გ. ყ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ი/მ გ. ყ-ემ 2018 წლის 12 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 8 დეკემბრის №32892 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ი/მ გ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ყ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით ი/მ გ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ყ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №16010 ბრძანებით მისი ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა ამავე ბრძანების საფუძველზე გამოცემული 2017 წლის 29 აგვისტოს ბრძანებითა და საგადასახადო მოთხოვნით დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირებულა. ამდენად, კასატორისთვის გაუგებარია, რას ნიშნავდა საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, საკითხის დამატებითი შემოწმების დროს მან წარადგინა შპს „...თან“ ურთიერთშედარების აქტი და მოსახლეობისგან შესყიდული თხილის ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტების ნაწილი, ნაწილი კი - წარდგენილი იყო პირველადი შემოწმების დროს. მიუხედავად ამისა, შემმოწმებელი დაეყრდნო მხოლოდ შედარების აქტს, რომლის მიხედვითაც, შპს „...ზე“ რეალიზებულ იქნა 252 700 ლარის თხილი მაშინ, როდესაც მოსახლეობისაგან შეძენილი იყო 264 980 ლარის თხილი. სხვაობა ნაშთად დარჩა და შემდგომში იქნა რეალიზებული, რაც შემმოწმებელმა ერთობლივ შემოსავალში არ ჩათვალა. კასატორის მოსაზრებით, უნდა მომხდარიყო ერთობლივი შემოსავლების გადაანგარიშება და დარიცხული თანხების მნიშვნელოვნად შემცირება. შემმოწმებლებმა არ გამოიყენეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე და 105-ე მუხლებით მათზე მინიჭებული უფლებები, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით დადგენილიყო შემოსავლებთან დაკავშირებული რეალური ხარჯები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, გასაჩივრებული აქტის დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცემის საფუძვლით, გ. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №16010 ბრძანებით გ. ყ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, განეხორციელებინა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №16010 ბრძანების აღსრულების საკითხის შესწავლა გულისხმობს იმ გარემოების დადგენას, წარადგინა თუ არა გ. ყ-ემ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რამდენად შეისწავლა აუდიტის დეპარტამენტმა ეს მტკიცებულებები და იძლეოდა თუ არა წარდგენილი ინფორმაცია დარიცხული თანხის შემცირების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ურთიერთშედარების აქტი და ცნობა შპს „...დან“, რომლებიც შესაბამისობაშია საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ მონაცემებთან. რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ მან ასევე წარადგინა თხილის შესყიდვის დამადასტურებელი, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის შემოწმების აქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტები, რაც გათვალისწინებულ იქნა გამოქვითვებში. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილ ნოტარიულად დადასტურებულ დოკუმენტებში არსებული ყველა მონაცემი უკვე გათვალისწინებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №16010 ბრძანების საფუძველზე გამოცემული აქტების ამავე ბრძანებასთან შეუსაბამობა. სწორედ ამიტომ, არსებობდა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნისა და ბრძანების გაუქმების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
რაც შეეხება მხარის მითითებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლებისა და ხარჯების დადგენაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №16010 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა კონკრეტული საკითხის შესწავლა. აღნიშნული აქტით გათვალისწინებული მოწესრიგება არ ეხებოდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას. თუკი გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა ძირითად დარიცხვას თანხების გამოანგარიშების მეთოდის გამოყენებაში, მას დროულად და სათანადო წესით უნდა მოეხდინა დარიცხვის გასაჩივრება აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით. იმ პირობებში კი, როდესაც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №16010 ბრძანება შესულია კანონიერ ძალაში და სასამართლო შემოიფარგლება ამავე ბრძანებით გათვალისწინებულ მოწესრიგებასთან მის აღსასრულებლად გამოცემული აქტების შესაბამისობის შესწავლით, სასამართლო ვერ იმსჯელებს არაპირდაპირი მეთოდის გამოუყენებლობის კანონიერებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ დასტურდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - გ. ყ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 2 მარტის №9137881400 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე