Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-195(კ-20) 23 სექტემბერი, 2020 წელი

ბს-195(კ-20) თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მესამე პირი - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ბ-ემ 2017 წლის 19 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ მოითხოვა ამავე სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის №1448 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ. ბ-ის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაება ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 ივნისის №1448 ბრძანება. მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ბ-თვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, როგორც სამინისტროს უფლებამონაცვლემ სადავო საკითხში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, … №6-ში, … ქ. №17-ში და … ქ. №26-ში გ. ბ-ის რეგისტრაციის ფაქტის არსებობის გამო, ისე მიიჩნია თბილისი მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, რომ არ დაუდგენია, ჰქონდა თუ არა მას რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მისივე განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იყო სოფელი ..ი. საკასაციო საჩივრის მიხედვით, გ. ბ-ე თანასაკუთრების უფლებით სოფელ …ში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ოჯახთან ერთად ფლობდა, ამიშავებდა მიწის ნაკვეთს, ეწეოდა მეურნეობას, თუმცა სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესასრულებლად გარკვეული ვადით ტოვებდა ..ს. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. შესაბამისად, გ. ბ-ე სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ჩაერთო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც იმავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).

გ. ბ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნებისთვის საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, მათ შორის, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს … განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, პოლიციის კაპიტან - მ. ნ-ის 2016 წლის 28 ნოემბრის ზეპირი გასაუბრების ოქმზე, რომლის თანახმად, თბილისში, … ქ. №17-ში გაესაუბრა ადგილობრივ მაცხოვრებელს - ჟ. მ-ს, რომლის განმარტებით, 1969 წლიდან ცხოვრობს თბილისში, … ქ. №17- ში, დიდ საერთო იტალიურ ეზოში. მის მეზობლად მცხოვრები ლ. მ-ი დაახლოებით 1995-1997 წლებში დაოჯახდა ცხინვალის რაიონის სოფელ …ის მკვიდრ - გ. ბ-ზე, რომელიც დაქორწინების შემდგომ დასახლდა მათ ეზოში, მეუღლის კუთვნილ ბინაში და ამ პერიოდიდან, (მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომამდე), მუდმივად ცხოვრობდა სხენებულ მისამართზე, თუმცა დაახლოებით 3 წლის წინ ბინის სიმცირის გამო საცხოვრებლად გადავიდნენ თბილისში, … ქუჩაზე (ზუსტი მისამართი უცნობია). გარდა ამისა, გასაუბრებისას მოსარჩელის მიერ გაკეთებული განმარტებით დგინდება, რომ 1993 წელს იქორწინა თბილისში (ს.ფ. 66), 1992 წლით დათარიღებული ამონაწერის (ს.ფ.17) თანახმად კი, დასტურდება, რომ მილიციის უფროსი ლეიტენანტი - გ. ლ-ის ძე ბ-ე გათავისუფლდა საქართველოს რესპუბლიკის შსს დაცვის სამმართველოს … განყოფილების დაცვის ინსპექტორ-ინჟინერის თანამდებობიდან და მივლინებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის … განკარგულებაში, სამსახურის შემდგომი გავლისათვის. რაც შეეხება კასატორის განმარტებას მიწის ნაკვეთების ფლობისა და მისი დამუშავების თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 11 იანვრის №4/2 წერილით დასტურდება, რომ მოქალაქე - გ. ბ-ე იყო ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ …ის მუდმივი მაცხოვრებელი 1992 წლამდე, ხოლო 1992 წლიდან 2008 წლამდე იგი მსახურობდა შსს და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში, აქედან გამომდინარე, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა სამსახურებრივი მოვალეობისათვის გამოყოფილ თავისუფალ დროს ყოველთვის ატარებდა სოფელ …ში, სადაც უძღვებოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დამუშავებას.

ამდენად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია, რომ 1992 წლის შემდეგ, … არ იყო ის ადგილი, სადაც მოსარჩელე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწეოდა. გარდა ამისა, დგინდება, რომ გ. ბ-ემ მისივე ნებით (დაოჯახებისა და სამსახურებრივი მიზნებისათვის) დატოვა … 1992 წლის შემდეგ და მას 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შედეგად იძულებით არ დაუტოვებია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც იძულებით გადაადგილებულად - დევნილად მიჩნევისათვის აუცილებელი კანონისმიერი პირობაა. ამრიგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 ივნისის №1448 ბრძანებით მოსარჩელეს კანონიერად ეთქვა უარი დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე