საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-203(კ-20) 30 სექტემბერი, 2020 წელი
ბს-203(კ-20) თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. ე-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ე-მა 2017 წლის 19 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და დაზუსტებული სარჩელით სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის №11328 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ე-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით ა. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ე-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ თანამშრომლის მიერ თანხის გაფლანგვის ფაქტზე მიმართა საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე - ჯავახეთის სამმართველოს. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, 2014 წლის 1 მარტისთვის გამყიდველთან არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგები შეადგენდა 60500 ლარს, რეალურად, ბუღალტრული მონაცემებით კი - შეადგენდა 111122 ლარს. კასატორის განმარტებით, სხვაობა - 50622 ლარის საქონელი განთავსებული იყო სხვა საცავში. აღნიშნულ პერიოდში მის მიერ შეძენილი იქნა დღგ-ს ჩათვლით 1050252 ლარის საქონელი, საიდანაც 980050 ლარის საქონელი ეტაპობრივად, საცავებიდან გადაეცა გამყიდველს მაღაზიაში სარეალიზაციოდ და შესაბამისმა ნაშთებმა ბუღალტრული აღრიცხვით 31 დეკემბრისათვის შეადგინა დღგ-ს ჩათვლით 273768 ლარი, საიდანაც 89931 ლარის საქონელი განთავსებული იყო მაღაზიაში, 120835 ლარის საქონელი - საცავებში, ხოლო დანაკლისი - 63000 ლარის საქონელი - წარმოადგენდა გამყიდველთან სადავო თანხას. კასატორი მიიჩნევს, რომ აუდიტმა უსაფუძვლოდ განიხილა სხვაობა რეალიზაციად და მეწარმეს უკანონოდ დაარიცხა 61384 ლარის ძირითადი თანხა, 20109 ლარი - ჯარიმა და 4341 ლარი - საურავი.
კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ არ ფლობს სამართალწარმოების ენას. მისი მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა დასახელებული გარემოება და საქმის განხილვისას მეწარმის უფლებები უპირატესად განეხილა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ა. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხებს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ა. ე-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება გასაჩივრებული აქტის დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცემაზე მითითებით; ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის კანონიერების შემოწმებისას, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამრიგად, მოცემული საფუძვლით საჩივრის განუხილველად დატოვებისთვის უნდა დადასტურდეს, რომ სადავო აქტი წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემულ აქტს, რომლითაც სრულად იქნა გათვალისწინებული აღსასრულებელ აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის №20880 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან გამოეთხოვა ინფორმაცია ი/მ ა. ე-ის სასაქონლო - მატერილური ფასეულობების ნაშთებისა და საწყობების ადგილმდებარეობის შესახებ, ხოლო სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით შეესწავლა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები, ასევე სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განეხორციელებინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საგასადასახადო ორგანომ მოცემული ბრძანების საფუძველზე გამოსცა რა დასკვნა, საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება, მიიჩნია, რომ არ არსებობდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის №20880 ბრძანების საფუძველზე გამოცემული კორექტირებული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებამდე, საჩივრის განმხილველ ორგანოს უნდა გამოეკვლია, სათანადოდ აღსრულდა თუ არა №20880 ბრძანება. დასახელებული ბრძანების ჯეროვნად აღსრულებისთვის კი უნდა შეფასებულიყო: 1. რა გარემოებების გამოკვლევა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს; 2. გამოითხოვა თუ არა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოსგან; 3. სრულყოფილად შეისწავლა თუ არა აუდიტის დეპარტამენტმა მიღებული ინფორმაცია; 4. წარდგენილი ინფორმაცია იძლეოდა თუ არა დარიცხული თანხის შემცირების შესაძლებლობას.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან, №20880 ბრძანების შესაბამისად, გამოითხოვა ინფორმაცია. მიღებული წერილის თანახმად კი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს თავად ა. ე-მა წარუდგინა; ამასთან, საქმის მასალების (ა. ე-ისა და ი. კ-ის მოწმეთა სახით დაკითხვის ოქმები) მიხედვით, ა. ე-ის მიერ 2015 წლის იანვრის თვეში ჩატარებული ინვენტარიზაცია მოიცავდა საწყობში განთავსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებსაც; ასევე დადასტურდა, რომ ა. ე-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შემნახველი საწყობი მდებარეობს ახალქალაქში, ...ის ქ. №2-ში, იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია ა. ე-ის კუთვნილი სასურსათო მაღაზია.
შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა გამოითხოვა დავალებული ინფორმაცია, სრულად შეისწავლა იგი და არ გამოიკვეთა დარიცხული თანხების შემცირების საფუძვლები, რამეთუ დადგინდა, რომ საგამოძიებო ორგანოს დასკვნები ეფუძნებოდა სწორედ მოსარჩელის განმარტებებს და რაც მთავარია, მიღებული ინფორმაციით არ დადასტურდა ა. ე-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სხვადასხვა ადგილას განთავსების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის №20880 ბრძანების საფუძველზე გამოცემული აქტები სრულ შესაბამისობაში იყო დასახელებულ ბრძანებასთან. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო, მათი გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ მიუხედავად საგადასახადო ორგანოთა მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადასახადის გადამხდელისთვის საჩივრის ორჯერ ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა, სადავო საკითხის არაერთხელ თავიდან შესწავლისა, მეწარმემ ვერ წარადგინა რაიმე სათანადო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც მისი პოზიციის სისწორეს დაადასტურებდა და დარიცხვის შემცირების საფუძველს შექმნიდა.
რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებას, ადმინისტრაციული საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის გამო, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. იმავე კოდექსის 305-ე მუხლიდან გამომდინარე კი, მომჩივანს შეუძლია შემოსავლების სამსახურის არასასურველი გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. თავის მხრივ, წერილობითი დოკუმენტი, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დოკუმენტი ჩაბარდა უფლებამოსილ პირს.
დადგენილია, რომ ა. ე-მა 2016 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის №20880 ბრძანება და სადავოდ გახადა სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობის რეალიზებულად ჩათვლა. ამრიგად, საჩივრის ავტორი ფაქტობრივად ასაჩივრებდა ძირითად, თავდაპირველ დარიცხვას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის №20880 ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2016 წლის 21 ივლისს და ჩაბარდა პირადად ა. ე-ს 2016 წლის 23 ივლისს. შესაბამისად, 2016 წლის 6 ოქტომბერს, საჩივრის წარდგენის მომენტისთვის გასული იყო 2016 წლის 20 ივლისის №20880 ბრძანების გასაჩივრების ვადა. სწორედ ამიტომ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა გაუშვა 2016 წლის 20 ივლისის ბრძანების გასაჩივრების ვადა, დასახელებული აქტისა და სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობის რეალიზებულად ჩათვლის კანონიერებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვეღარ იმსჯელებდა.
რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების მხარისთვის ქართულ ენაზე ჩაბარებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსით არ არის გათვალისწინებული აქტის თარგმნის ვალდებულება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სადავო შემთხვევაში გასაჩივრების ვადის დარღვევის პერიოდი, გადამხდელის საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის ხანგრძლივი პრაქტიკა, რაც არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საგადასახადო ორგანოებმა დაარღვიეს კანონმდებლობა, ან მეწარმის უფლებები უკანონოდ შეზღუდეს, ან არსებობდა გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიო მიზეზი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ დასტურდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება;
3. კასატორს - ა. ე-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 24 მარტის №9224022759 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე