საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-997(კ-19) 30 სექტემბერი, 2020 წელიბს-997(კ-19) თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ა-ე
მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის წარმომადგენლობა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ა. ა-ემ 2017 წლის 26 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და ამავე სამინისტროს2017 წლის 3 აგვისტოს №1613 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ა. ა-თვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის აღდგენის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 3 აგვისტოს №1613 ბრძანება; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს - ა. ა-ეს აღუდგება იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსი. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით კი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო).
კასატორის განმარტებით, ა. ა-ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 03 აგვისტოს №1613 ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 21 ივლისის №01-01/06-7543 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, კანონიერად ეთქვა უარი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე, რადგან ის ვერ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირათა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ - მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების სავალდებულო წინაპირობას.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სწორედ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ გარემოების გამოკვლევა დაევალა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც ა. ა-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სამინისტრომ ჩაატარა ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება, მოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობისგან სამინისტრომ გამოითხოვა ინფორმაცია ა. ა-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით. გამოთხოვილი ინფორმაციით, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისგან მიღებული 2015 წლის 8 მაისის წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ ა. ა-ის 1992 წლამდე ქ. გაგრაში მუდმივად ცხოვრება არ დასტურდება. გარდა ამისა, 2017 წლის 16 ივნისის №28540/01 წერილით სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ ა. ა-ის მონაცემები გადამოწმდა საქართველოს სამისამართო-საინფორმაციო ბიუროშიც ქორწინების შემდგომ მინიჭებულ გვარზე - ა. ვ-ზე, რომლის მიხედვით ის 1989 წლიდან ჩაწერილია დმანისში, ხოლო 1998 წელს ა. ა-ე (ვ-ი) გადამისამართდა ქ. გაგრაში. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე (ქ. გაგრაში) მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის ქ. გაგრაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით, დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც იმავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
განსახილველ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 დეკემბრის №3/3306-15 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საკითხის ხელახალი განხილვისას დაედგინა მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, უნდა გამოეკვლია და დაედგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავდა ან ადასტურებდა ა. ა-ის ცხოვრებას ქ. გაგრაში, … №19-ში, 1992 წლის ოქტომბრამდე (ს.ფ. 128-169); სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრებისას ა. ა-ემ განმარტა, რომ იძულებით გადაადგილებამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. გაგრაში და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 1992 წელს (ს.ფ.44), ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მისი ქორწინება 1987 წელს რეგისტრირებულია ქ. გაგრაში, იმავე წელს ასევე, ქ. გაგრაშია დაბადებული მისი შვილი ო. ვ-ი (ს.ფ. 53), გარდა ამისა, 2004 წლის 16 ივნისს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დმანისის ფილიალის უფროსის მიერ ა. ა-ის სახელზე გაცემულია ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ა. ა-ეს არ დაენიშნა ბავშვებზე მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია იმ მიზეზით, რომ იგი იყო დევნილი და აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა დმანისის რაიონში (ს.ფ. 30).
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო 2015 წლის 07 დეკემბრის №3/3306-15 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება, კერძოდ, ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც საერთოდ გამორიცხავდა ა. ა-ის ცხოვრებას ქ. გაგრაში, …ის №19-ში, 1992 წლის ოქტომბრამდე, საქმეში არსებული მასალებით კი, დადასტურებულია ქ. გაგრაში 1992 წლამდე ა. ა-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რაც იძულებით გადაადგილებულად - დევნილად მიჩნევისათვის აუცილებელი კანონისმიერი პირობაა. ამრიგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 3 აგვისტოს №1613 ბრძანებით მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე