საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1269(კ-19) 23 სექტემბერი, 2020 წელი
ბს-1269(კ-19) თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჯ-ე
დავის საგანი - ქმედების უკანონოდ აღიარება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჯ-ემ 2017 წლის 16 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მ. ჯ-ემ მოითხოვა მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომრით ...) საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის უკანონოდ აღიარება, ასევე, მოპასუხისთვის მ. ჯ-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრება 115 (ას თხუთმეტი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ 2017 წლის 27 ივნისს ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ...) საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 115 (ას თხუთმეტი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი შენიშვნა, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის ერთ-ერთი წინაპირობა მძღოლის ადგილზე არყოფნაა. სადავო შემთხვევაში, მ. ჯ-იძე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილას გამოცხადდა მანქანის ავტოსადგომზე გადაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ. კასატორი მიიჩნევს, რომ მძღოლის სატრანსპორტო საშუალებასთან ყოფნა გულისხმობს მის ავტომანქანასთან იმ დრომდე მისვლას, ვიდრე მანქანის ევაკუატორით გადაყვანა დაიწყება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ. ჯ-ის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის კანონიერება. სწორედ დასახელებული ქმედების უკანონობის დადასტურებაზე არის დამოკიდებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლზე, რომლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. იმავე მუხლის პირველი შენიშვნის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე კი, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს მანქანის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის შესაძლებლობას სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ სათანადო წინაპირობების არსებობისას ენიჭება. მანქანის სადგომზე გადაყვანისთვის უნდა დადასტურდეს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ხოლო მძღოლი არ იმყოფება მანქანასთან ან უარს აცხადებს მანქანის გაყვანაზე. ამრიგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა იმავდროულად, ავტომატურად არ ადასტურებს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის კანონიერებას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, თუმცა არ ეთანხმება მანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანას. საკასაციო სასამართლო, ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანის კანონიერების შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორთა სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ავტომანქანის გადაყვანამდე იმყოფებოდა სატრანსპორტო საშუალებასთან, ადასტურებდა საკუთარი ქმედების არამართლზომიერებას და უარს არ აცხადებდა ავტომობილის აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე. ამრიგად, მ. ჯ-ე გამოთქვამდა მზაობას, თავად გაეყვანა სატრანსპორტო საშუალება და არ არსებობდა ავტომობილის ევაკუატორის დახმარებით, სპეციალურ სადგომზე გადაყვანის აუცილებლობა. შესაბამისად, მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომზე გადაყვანა უკანონოდ განხორციელდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ვინაიდან დადასტურებულია ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უკანონობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე, მ. ჯ-ეს უნდა აუნაზღაურდეს მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად გაწეული ხარჯი (ევაკუატორის მომსახურებისთვის გადახდილი საფასური) 115 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე