ბს-798 (2კ-19) 15 ოქტომბერი, 2020წ.
ბს-798 (2კ-19) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და კ. დ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ძ-მა 17.03.2016წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ: ...) საკადასტრო საზღვრების განსაზღვრის ნაწილში ნ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.01.2015წ. №... გადაწყვეტილების, ნ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.05.2015წ. №... გადაწყვეტილების და კ. დ-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 01.06.2015წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.03.2016წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად იქნა ჩაბმული კ. დ-ა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.04.2016წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად იქნენ ჩაბმული ნ. გ-ე, ნ. ა-ი, სასკ-ის 16.1 მუხლით ზ. მ-ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 10.08.2018წ. გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ: ...) საკადასტრო საზღვრების განსაზღვრის ნაწილში კ. დ-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 01.06.2015წ. №... გადაწყვეტილება, ნ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.05.2015წ. №... გადაწყვეტილება და ნ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.01.2015წ. №... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ძ-ის უძრავ ნივთზე (რეგ. №..., 30.07.2012წ. ს.კ....) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე, მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 10.08.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და კ. დ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ძ-ის შუამდგომლობდა და აპელანტებს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და კ. დ-ას სოლიდარულად დაეკისრათ ი. ძ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით გადახდილი თანხის - 4142.50 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა გასაჩივრებული აქტების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგად გამოცემა, კერძოდ, გამოკვლევას საჭიროებდა ზედდებაში მყოფ მიწის ნაკვეთებზე თავდაპირველ უფლების დამდგენ დოკუმენტებში, მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული მონაცემები. დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა გააჩნდა მითითებულ აქტებში მოცემულ მონაცემებს, მათ შორის, მათში აღნიშნულ განსხვავებულ ფულად ერთეულს. ამასთანავე, მნიშვნელობა გააჩნდა საქმეში დაცულ ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე ი. ძ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალაში ყოფნის ფაქტზე და აღნიშნა, რომ დაუშვებელია კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ქონების ხელყოფა და რეგისტრირებულ ქონებაზე ი. ძ-ის საკუთრების უფლების ფაქტობრივად გაუქმება. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა დავის სასკ-ის 32.4 მუხლით გადაწყვეტის საჭიროების თაობაზე. პროცესის ხარჯების თაობაზე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა ი. ძ-ის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯის გაღება 4141.50 ლარის ოდენობით, რაც სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ძ-ის მიერ საქმეზე გაღებული ხარჯის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდათ მოპასუხეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მესამე პირს კ. დ-ას, სოლიდარულად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და კ. დ-ას მიერ.
კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების სასკ-ის 32.4 მუხლით ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ნ. გ-ის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელდა კანონმდებლობის დაცვით, საჯარო რეესტრში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად. ამჟამად მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია კეთილსინდისიერი შემძენის, კ. დ-ას სახელზე. იმ პირობებში, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტების სიყალბე დადგენილი არ არის, გაუგებარია სასამართლოს მითითება მიღება-ჩაბარების აქტებში განსხვავებული ფულადი ერთეულის აღნიშვნის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს გარეშე ხარჯის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და კ. დ-თვის სოლიდარულად 4142.50 ლარის ანაზღაურების დავალების ნაწილში, ვინაიდან ამ მოთხოვნით ი. ძ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის არ მიუმართავს. პროცესის ხარჯის ოდენობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია №3კ-509-03 საქმეზე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ამგვარი ხარჯი უნდა ანაზღაურდეს გონივრულ ფარგლებში და სავალდებულო ძალა არ აქვს წარმომადგენელთან დადებულ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებულ თანხის ოდენობას. აგრეთვე მნიშვნელოვანია „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ხარჯების ანაზღაურების სტანდარტი.
კასატორი კ. დ-ა ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების სასკ-ის 32.4 მუხლით ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან კ. დ-ა უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენია, სადავო არ არის კ. დ-ას რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი, უფლების დამდგენი დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება. ი. ძ-ი არასოდეს ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა ერთი და იგივე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლებების კონკურენციის პირობებში უფლებრივ უპირატესობაზე, რომელიც აშკარად კ. დ-ას (მისი უფლებრივი წინამორბედის) მხარესაა, რადგან ი. ძ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების აქტი - უფრო გვიან გაცემული დოკუმენტია, ვიდრე კ. დ-ას უფლებრივი წინამორბედის სახელზე არსებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ქრონოლოგიურად წინ უსწრებს მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტს. კასატორი მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.10.2018წ. საქმეზე #3ბ/1163-17 მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სადაც სააპელაციო სასამართლომ სადავო რეგისტრაციების საფუძვლების, ნასყიდობის ხელშეკრულებების, ძალაში ყოფნის ფაქტზე მითითებით ბათილად არ სცნო კეთილსინდისიერი შემძენის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და კ. დ-ას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არიან დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი (იხ. სუსგ 28.02.2013წ. #ბს-367-363(კ-12); 02.11.2017წ. #ბს-231-227(კ-15); 22.11.2018წ. #ბს-718-710 (კ-15) და სხვ.).სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება ი. ძ-ის და კ. დ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, აგრეთვე დასტურდება, რომ ი. ძ-მა მოითხოვა მის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელება, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან ფიქსირდებოდა კ. დ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზედდება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნული ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.04.2018წ. №... დასკვნით დგინდება, რომ ი. ძ-ის და კ. დ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები თითქმის სრულად ფარავენ ერთმანეთს. ი. ძ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრის ზ. მ-ის სახელზე გაცემული მიღება - ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მონაცემები შეესაბამება ი. ძ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მონაცემებს, ხოლო ნ. გ-ის, შემდგომ ნ. ა-ის და შემდგომ კ. დ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრის გ. ს-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტით მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა ვერ მოხდა ამავე დოკუმენტში არასაკმარისი ინფორმაციის გამო. სახეზეა ერთ მიწის ნაკვეთზე ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული ერთი უძრავი ნივთის მიმართ ორი ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერის არსებობა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მართებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ საკითხის ხელახალი გამოკვლევისას მხედველობაში უნდა მიიღოს მიწის ნაკვეთებზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული მონაცემები, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოებები, საკუთრების უფლების ქრონოლოგია, აგრეთვე ნ. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემდგომი შემძენების კეთილსინდისიერების საკითხი, ამ საკითხზე არსებული სასამართლო პრაქტიკა.
გასაჩივრებული განჩინების უკანონობას, უძრავ ნივთზე კ. დ-ას უფლებრივ უპირატესობას არ ადასტურებს კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ი. ძ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების აქტი უფრო გვიან არის გაცემული, ვიდრე კ. დ-ას უფლებრივი წინამორბედის სახელზე არსებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ქრონოლოგიურად წინ უსწრებს მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. #503 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთი საფუძველი, მიღება-ჩაბარების აქტი გაიცემოდა მოქალაქის მიერ მომსახურე ორგანიზაციისათვის ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. ხსენებული დადგენილებით დამტკიცებული მიღება-ჩაბარების აქტის ფორმის აუცილებელ რეკვიზიტს შეადგენს მონაცემები მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კ. დ-ას უფლებრივი წინამორბედის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიცავს მონაცემებს მოსაზღვრე ნაკვეთების შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტში გადახდილი თანხა აღნიშნულია იმ ვალუტაში, რომელიც არ არსებობდა აქტის გამოცემის დროს. ამდენად, კასატორის კ. დ-ას მოსაზრება მისი უფლებრივი წინამორბედის სახელზე არსებული მიღება-ჩაბარების აქტის უპირატესობის შესახებ არ დასტურდება.
ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის თაობაზე. უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის კ. დ-ას მითითება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების უგულებელყოფის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობით არ არის უგულებელყოფილი კეთილსინდისიერი შემძენის უფლებები, აღნიშნულს ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც სადავო რეგისტრაციები სასკ-ის 32.4 მუხლით ბათილად იქნა ცნობილი საკადასტრო მიჯნების განსაზღვრის ნაწილში. მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული რეგისტრაციის კორექციას, კერძოდ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.61 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსათვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების ცვლილებას, დაინტერესებული პირის ჩართვას ითვალისწინებს აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016წ. N153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი“ (5.3 მუხ.). ამდენად, კანონმდებლობა არ გამორიცხავს კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის პარამეტრების კორექციის შესაძლებლობას, ნაკვეთის კოორდინატების დაზუსტება არ ლახავს კეთილსინდისიერი შემძენის უფლებას (სუსგ 02.11.2017წ. №ბს-231-227(კ-15)).
საქმის მასალებით დასტურდება საკადასტრო საზღვრების განსაზღვრის ნაწილში საკითხის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სრულყოფილად გამოკვლევის საჭიროება. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო რეგისტრაციების კანონიერების შემოწმებისას მართებულად მიენიჭა მნიშვნელობა მიღება-ჩაბარების აქტების რეკვიზიტების სრულყოფილებას. ამჟამად კ. დ-ას სახელზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე თავდაპირველი უფლების დამდგენი დოკუმენტი იყო გ. ს-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი. მასში არსებული რეკვიზიტები არ იყო სრულყოფილად ასახული, რაც მიწის ნაკვეთი ზუსტი ადგილმდებარეობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობას არ იძლეოდა. საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ი. ძ-ის საკუთრებად დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თავდაპირველად გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტში ასახული მონაცემებით მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის სრულყოფილად დადგენის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა არ გულისხმობს სათანადო შეფასების გარეშე მის ავტომატურ გაზიარებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო დოკუმენტად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურებისა და ფორმის დაცვით გამოცემული აქტი (სუსგ 19.04.2018წ. №ბს-617-610(2კ-15). ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარებისას მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პირობები (39-ე მუხ.), აგრეთვე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას (სუსგ 12.03.2020წ. №ბს-1367 (2კ-18)). განსახილველ შემთხვევაში საკადასტრო საზღვრების განსაზღვრის ნაწილში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები, რაზეც მართებულად იქნა მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინებით.
მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან მიმართებით საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის სირთულის, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობის, ხანგრძლივობის, ინსტანციურობის და სხვა გარემოებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად არ დასტურდება მოსარჩელისათვის ანაზღაურებული თანხის არაგონივრულობა. ამასთანავე, აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში დაცულია. მოპასუხე მხარეთათვის ხარჯების ანაზღაურების დავალება სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე მხარის სამართლიანად დაკმაყოფილების პრინციპის დაცვით განახორციელა (სუსგ 07.02.2019წ. №ბს-432-429 (2კ-17)).
დივერგენტულობას არ ადასტურებს კ. დ-ას მითითება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. კასატორის მიერ მითითებულ საქმეზე სასამართლოწარმოება არ დასრულებულა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება (სსსკ-ის 391.5 მუხ. „დ“ ქვეპ.). ამდენად, დივერგენტულობას ადგილი აქვს მაშინ, უკეთუ კასატორი დაასაბუთებს საქმეზე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამასთანავე, კასატორის მიერ მითითებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად. მითითებულ საქმეებს ძირითადად განასხვავებს ის გარემოება, რომ კასატორის მიერ მითითებულ საქმეში თავდაპირველი მესაკუთრის უფლების დამდგენი დოკუმენტის სიყალბე დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით. ამასთანავე, კასატორის მიერ მითითებულ საქმისგან განსხვავებით მოცემულ საქმეზე რეგისტრაციები ბათილად იქნა ცნობილი საკადასტრო საზღვრების განსაზღვრის ნაწილში. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული საქმის შედეგი გავლენას ვერ მოახდენს განსახილველი დავის გადაწყვეტაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და კ. დ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2019წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.06.2019წ. N№17044 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. პ. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.04.2019წ. N№0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე