#ბს-591(3კ-19) 24 სექტემბერი, 2020 წელი ბს-591(3კ-19) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 20 ივნისს ბ. ხ-ემ და მ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელეებმა ლ. კ-თვის 245 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარების ნაწილში ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის #169 საოქმო გადაწყვეტილების (დღის წესრიგის მე-7 საკითხი), 2010 წლის 13 იანვრის #3324 საკუთრების უფლების მოწმობის, „რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 28 იანვრის #... გადაწყვეტილების და „რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეებს 2009 წლის 10 ივნისიდან საკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ...-ის II-ში, შესახვევი #7-ის მიმდებარედ (ს/კ ...). საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი შეადგენს 506,00 კვ.მ-ს, მშენებარე შენობა-ნაგებობის ჩათვლით. მოსარჩელეების მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა მათი და მეზობელი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლის გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამავე ადგილას, ზედდებით რეგისტრირებულია დ. გ-ის საკუთრების უფლება (რომელმაც უძრავი ქონება ლ. კ-გან შეიძინა). სარჩელის მიხედვით, ზედდების ფართი იმდენად დიდია, რომ თითქმის მთლიანად ფარავს მ და ბ. ხ-ეების საკუთრებაში არსებულ ფართს.
მოსარჩელეთა განმარტებით, საკრებულომ არაერთხელ მოსთხოვა ლ. კ-ს მიწის ნაკვეთის შესწორებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თუმცა საბოლოოდ მაინც არასწორად დაუდგინა ფართი. საჯარო რეესტრმა კი, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა ზედდებას, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა ლ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, უპრობლემოდ დაურეგისტრირა მას საკუთრების უფლება, რითაც დაირღვა საჯარო რეესტრის კანონის მოთხოვნები. ამასთან, მოსარჩელეთა მითითებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლის 24 ივლისს დ. გ-ემ შეიძინა ლ. კ-გან უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...-ის 1-ლი შესახვევი, I ჩიხი, #7 (ს/კ ...). მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ლახავენ მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. კ-ი და დ. გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ხ-ემ და მ. ხ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ისა და მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ხ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლ. კ-თვის 245 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარების ნაწილში ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის #169 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის მე-7 საკითხი), 2010 წლის 13 იანვრის #3324 საკუთრების უფლების მოწმობა და „რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარეო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 28 იანვრის #... გადაწყვეტილება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში და წესით, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალათ; ბ. ხ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი - „რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ. კ-თვის 245 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარების შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის #169 საოქმო გადაწყვეტილება ეფუძნება არაზუსტ მონაცემებს, რაც მოსარჩელეებს აყენებს არსებითი სახის ზიანს, კერძოდ, ხელყოფს მათ საკუთრების უფლებას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოცემული 2010 წლის 13 იანვრის #... საკუთრების უფლების მოწმობა კანონშეუსაბამოა. ასევე, სასამართლოს მითითებით, კანონსაწინააღმდეგო ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 28 იანვრის #... გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა რეგისტრაციის შესახებ ლ. კ-ის მოთხოვნა.
რაც შეეხება დ. გ-ის სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დ. გ-ე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, რაც ქმნის მისი საკუთრების უფლების დაცვის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ლ. კ-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ლ. კ-ის განმარტებით, მის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ქ. თბილისში, ...-ის #1 შესახვევის, #2 ჩიხის, #7-ში აღრიცხულია (სამი სხვადასხვა, ჯამში) 1705 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთაგან 1032 კვ.მ წარმოადგენს კანონიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...), ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1985 წელს აღრიცხულია 330 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 2003 წელს კი, 343 კვ.მ მიწის ნაკვეთი. კასატორის მითითებით, სწორედ ეს უკანასკნელი ჩანაწერი გახდა კომისიის მხრიდან საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი, ვინაიდან „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის არქივში 1994 წლის შემდგომ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე) აღრიცხული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება (კომისიის მხრიდან) საკუთრების აღიარებას. ამასთან, კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია შემოწმდეს თავდაპირველად მ. ხ-ის, ხოლო შემდგომში - ბ. ხ-ის და მ. ხ-ის #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის სისწორე.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მითითებით, ლ. კ-ის განცხადებას თან ერთოდა ორთოფოტო, მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი, ფოტოსურათები, საინვენტარიზაციო გეგმა, ცნობა-დახასიათება. ამასთან, საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი 2009 წლის 4 ნოემბრის სიტუაციური ნახაზით დგინდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა რომელიმე სუბიექტის უფლების საგანს და იყო დაურეგისტრირებელი ტერიტორია, ხოლო ლ. კ-ისა და მოსარჩელეთა საკუთრება არ წარმოადგენდა მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებს. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ლ. კ-ის მიერ წარდგენილ იქნა სრულყოფილი დოკუმენტაცია, რაც ადასტურებდა მის მიერ სადავო ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის და 3 ივნისის განჩინებებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...-ის ქუჩის მე-2 შესახვევის, #7-ის მიმდებარედ არსებული 506 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ..., 25.02.2000წ.-დან წარმოადგენდა მ. ხ-ის საკუთრების ობიექტს, ხოლო 16.06.2009წ.-დან მოსარჩელეების - მ. ხ-ისა და ბ. ხ-ის თანასაკუთრებას.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის #169 ოქმი, რომლის თანახმად, ...-ის პირველი შესახვევის, პირველი ჩიხის, #7-ში მდებარე 245 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი. დადგინდა შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ საკუთრების უფლების აღიარება ლ. კ-თვის. ამასთანავე, ლ. კ-ის სახელზე გაიცა ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 13 იანვრის #... სადავო საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც, საჯარო რეესტრის მიერ 2010 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა ლ. კ-ის საკუთრების უფლება 245 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...-ის პირველი შესახვევი, პირველი ჩიხი, #7, საკადასტრო კოდი: ....
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია 03.11.2009წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ლ. კ-ის საკუთრების უფლება აღრიცხულია ქ. თბილისში, ...-ის პირველი შესახვევის, პირველი ჩიხის, #7-ში მდებარე 1032 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ..... ამავე წარმოების მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.11.2009წ. სიტუაციური ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: ... და ... მდებარეობს ერთმანეთისგან მოშორებით. ამდენად, სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რომელსაც აღიარების კომისია გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, ლ. კ-ისა და მ და ბ. ხ-ეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთს არ ემიჯნებოდა, ისინი მდებარეობდა სხვადასხვა ტერიტორიაზე. აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით კი, ლ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ, რომლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციით ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი - #....
ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული 2016 წლის 25 მაისით დათარიღებული საკადასტრო რუკის თანახმად, ლ. კ-ის საკუთრებაში არსებული #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ რეგისტრირებულია ბ და ხ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი. ამასთან, ლ. კ-ზე აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე 28.01.2010წ. რეგისტრირებული უფლება #... საკადასტრო კოდის მქონე 245 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ასევე ფიქსირდება მისივე საკუთრებაში არსებული #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, თუმცა კვეთს ბ. ხ-ისა და მ. ხ-ის #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, ლ. კ-ზე 28.01.2010წ. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდების პირობებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომლის თანახმად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ უფლების რეგისტრაციის საფუძველი - აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება იმგვარ მტკიცებულებას (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 04.11.2009წ. გაცემული ინფორმაცია უძრავ ნივთებზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ), რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ამავე ორგანოს მიერ 25.05.2016წ. გაცემულ საკადასტრო რუკასთან. მითითებულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობრივი გარემოებები კი, განსახილველი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობისაა, ვინაიდან 2009 წლის 4 ნოემბერს #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის დაფიქსირება #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, გამორიცხავდა კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის #169 ოქმისა და როგორც მისი თანმდევი შედეგის, ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 13 იანვრის #... საკუთრების უფლების მოწმობისა და „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 28 იანვრის #... გადაწყვეტილების გამოცემისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
ამასთან, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 ივლისის N... გადაწყვეტილებით, ლ. კ-თან 24.07.2012წ. გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის #1 შესახვევის, #1 ჩიხის, #7-ში მდებარე 245 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) აღირიცხა დ. გ-ის საკუთრების უფლება. საქმეში არსებული მტკიცებულებები კი, არ მიუთითებს დ. გ-ის არაკეთილსინდისიერებაზე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის გათვალისწინებით, მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ძალაში დატოვების წინაპირობას ქმნის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. კ-ის საკასაციო საჩივარზე ი. ა-ეს 16.04.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. კ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ლ. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. ა-ის მიერ 16.04.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე