გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3I 10 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ისაევი,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა ... .... პროკურატურის განყოფილების პროკურორ მ. პ-ს კერძო საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 17 დეკემბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით მ. ც-ს ბრალი დაედო იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” პუნქტით.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, მ. ც-მ 2004წ. აპრილში, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებასა და გარემოებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა უცხოური წარმოების 7,62მმ კალიბრიანი “კალაშნიკოვის” სისტემის “AKMჩ” მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ¹....., 1991 წელს გამოშვებული, თავისი მჭიდითა და 40 ცალი 7,62მმ კალიბრიანი საბრძოლო ვაზნით, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა თავისი კუთვნილი ... მარკის ა/მანქანის საბარგულსა და სალონში, საიდანაც აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა 2004წ. 23 აპრილს ქ. ..., 26 მაისის ქ. ¹10 საცხოვრებელი სახლის წინ პოლიციის მუშაკების მიერ ჩატარებული ჩხრეკის დროს.
მ. ც-მ 2004წ. 23 აპრილს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა დაუდგენელი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” და “მარიხუანა”. “ჰეროინის” ნაწილი მოიხმარა იმავე დღესვე, ხოლო დარჩენილი, რომლის წონა შენაფუთის გარეშე იყო 2,45გრ, 2,586გრ და 3,93გრ, საერთო წონით 8,966გრ, ბამბის ერთ ცალ ტენიან ტამპონზე “ჰეროინის” მიკრონალექით და გამშრალ “მარიხუანას” 0,15გრ ოდენობით ინახავდა ზემოთ ხსენებულ ა/მანქანის სალონში, ხოლო “ჰეროინის” ნაწილს _ 0,15გრ ოდენობით _ თავისი შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში, საიდანაც აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა იმავე დღესვე პოლიციის მუშაკების მიერ ჩატარებული ა/მანქანისა და პირადი ჩხრეკის დროს.
აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 17 დეკემბრის განჩინებით მ. ც-ს სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა აჭარის ა/რ-ის პროკურატურას იმ მოტივით, რომ საქმეზე წარმოებული მოკვლევა და გამოძიება ჩატარებულია არასრულად, სსსკ-ის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით.
აჭარის ა/რ-ის პროკურატურის განყოფილების პროკურორი მ. პ კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად.
პალატის სხდომაზე პროკურორმა დ. ჩ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
ადვოკატმა ე. მ-მ ითხოვა განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს განჩინება საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სავსებით კანონიერად მიუთითებს იმის თაობაზე, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება არსებითად არასრულად არის ჩატარებული, ობიექტურად გამოკვლეული არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, აღმოფხვრილი არ არის წინააღმდეგობანი მოწმეთა ჩვენებებს შორის და გამოძიების ხარვეზების შევსება სასამართლო პროცესზე შეუძლებელია. ამ ხარვეზთა აღმოფხვრის მიზნით, სასამართლოს განჩინებაში მითითებულია კონკრეტული საკითხები, რომელთა შესრულება გამოძიებას შესაძლებლობას მისცემს, ობიექტურად დაადგინოს, მართლა ჩაიდინა თუ არა დანაშაული მ. ც-მ; ან ხომ არ ჰქონდა ადგილი დანაშაულის პროვოცირებას.
პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, კერძო საკასაციო საჩივრის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სასამართლო კოლეგიამ დაარღვია სსსკ-ის მთელი რიგი მოთხოვნები, გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, ცალმხრივად და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება გამოიწვევს საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებას, სრულიად უსაფუძვლოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 17 დეკემბრის განჩინება მ. ც-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.