გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 9I 7 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია (მომხსენებელი),
მ. ისაევი
განიხილა ქ. თბილისის ... რაიონული პროკურორის უფროსი თანაშემწის _ მ. ჯ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 25 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე გ. ხ-ს, კ. ს-სა და კ. ნ-ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის “ა” პუნქტით, 143-ე მუხლის I ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ზ”, “თ” პუნქტებით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. ხ-ს, კ. ნ-სა და კ. ს-ს ბრალი ედებათ იმაში, რომ ჯგუფურად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; მათვე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სხვა დანაშაულის დაფარვისა და გაადვილების მიზნით, ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; მათვე ჩაიდინეს სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გ. ხ-მ თავის მეგობრებთან _ კ. ს-სა და კ. ნ-სთან ერთად 2003წ. 30 აგვისტოს ქ. თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ ბაზართან, სასადილოში იქეიფა. მათ დალიეს ალკოჰოლური სასმელი და განიზრახეს, ჩაედინათ ყაჩაღობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. ხ-მ უთხრა კ. ს-სა და კ. ნ-ს, დალოდებოდნენ “ჩელუსკინელების” სახელობის ხიდთან, თვითონ კი წავიდა მეტროს სადგურ “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გააჩერა კერძო ტაქსი _ “მოსკვიჩი _2141”, რომელსაც მართავდა როუშან ალახვერდოვი. გაუარა მეგობრებს და გაემართნენ დიღმის მიმართულებით. დიდ დიღომთან მათ დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით მიაყენეს რ. ს-ს სხეულის დაზიანებები. შემდეგ გადმოსვეს ავტომანქანის საჭიდან. საჭესთან დაჯდა გ. ხ., ჩაისვეს მუქარით შუაში რ. ა., გვერდით მიუჯდა კ. ნ., რითაც უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლად მოძრაობის საშუალება, ამის შემდეგ ზემოაღნიშნული დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, განიზრახეს უკანონოდ აღეკვეთათ მისთვის თავისუფლება. მათ რ. ა-ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გაიტაცეს ავტომანქანასთან ერთად და წავიდნენ ქარელის რაიონის მიმართულებით. ისინი არ დაემორჩილნენ საგზაო პოლიციის III განყოფილების ნატახტრის საგუშაგოს თანამშრომლების მოთხოვნას, გაეჩერებინათ ავტომანქანა და გააგრძელეს გზა. სოფ. ქანდასთან გ. ხ-მ ვერ დაიმორჩილა საჭე და გადაკვეთა ავტომანქანის სავალი გზა, სადაც იგი დააკავა პოლიციამ. კ. ს. და კ. ნ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო კი ღონისძიებების შედეგად ისინიც დააკავეს.
გ. ხ-მ 2003წ. 2 აგვისტოს სოფ. რუისთან, ცენტრალურ ტრასაზე, სადაც იგი ვაჭრობდა სხვადასხვა დასახელების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ ქვების სროლით ინდ. მეწარმე ლ. კ-ს დაუზიანა ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტის” საქარე მინები. ლ. კ-ს მან სულ მიაყენა 640 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქმე სასამართლოში არსებითად განსახილველად გადაიგზავნა 2004წ. მარტში.
საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე კ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ა-მ სასამართლო კოლეგიის წინაშე იშუამდგომლა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება. მანვე იშუამდგომლა აგრეთვე განსასჯელისათვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიებით შეცვლა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ იმსჯელა ადვოკატ დ. ა-ს შუამდგომლობის თაობაზე და 2005წ. 25 იანვრის განჩინებით იგი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, გ. ხ-ს, კ. -სა და კ. ნა-ს სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას. რაც შეეხება შუამდგომლობას აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე, ამ ნაწილში იგი არ დააკმაყოფილა, აღკვეთი ღონისძიება _ დაპატიმრება გ. ხ-ს, კ. ნ-სა და კ. ს-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
კერძო საკასაციო საჩივრით ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის უფროსი თანაშემწე მ. ჯ. მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესზე მოწმეთა და დაზარალებულთა გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების საფუძველს, მით უმეტეს, რომ კოლეგიამ საბოლოოდ ვერ ამოწურა სასამართლოში მათი წარმოდგენის შესაძლებლობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილევლად თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის.
პროკურორმა მ. ჯ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატები _ კ. ხ. და დ. ა. დაეთანხმნენ საჩივრის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დააბრუნა რა საქმე დამატებით გამოძიებაში, სასამართლო კოლეგიამ განჩინებაში მიუთითა, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსათვის წარედგინა განსასჯელთათვის საბრალდებო დასკვნით ბრალად შერაცხული ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, ვერ უზრუნველყო სასამართლო პროცესზე დაზარალებულებისა და მოწმეების გამოცხადება. მართალია, სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, დაზარალებული რ. ა. სასამართლო პროცესზე ვერ ცხადდება, ვინაიდან მასზე ახდენენ ზეწოლას, სასამართლო პროცესზე გამოცხადების შემთხვევაში მას ემუქრებიან განადგურებით, მაგრამ ამ ზეწოლისა და მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოს არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ დამატებით გამოძიებაში დეტალურად უნდა შემოწმდეს, თუ რა მიზეზით არ ცხადდება დაზარალებული რ. ა. სასამართლოში, ხომ ახდენდნენ მასზე რაიმე ზეწოლას ან ხომ არ ემუქრებოდნენ სასამართლოში გამოცხადებასთან დაკავშირებით.
პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის განჩინებაში მითითებული გარემოებები ვერ დაედება საფუძვლად საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას და მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა დაზარალებულებისა და მოწმეთა პროცესზე გამოსაცხადებლად; საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ, სსსკ-ის 481-ე მუხლზე დაყრდნობით, მიიღოს საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 25 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას.