Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 101 23 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. გოგელია,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. ჩ-ს წარმომადგენელი ადვოკატების _ ი. ბ-სა და გ. -ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 ოქტომბრის დადგენილება გ. თ-ს ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. აღკვეთის ღონისძიება-დაპატიმრება დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. თ-ს ბრალი ედება იმაში, რომ მან 2003წ. 8 თებერვალს, დაახლოებით 23 საათზე, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ “საბას” უკან, ხელებითა და ფეხებით სახისა და სხეულის სხვა ნაწილებში მრავლობითი დარტყმის შედეგად სიცოცხლისათვის საშიში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ჯ. ჩ-ს, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის გ. თ-ს წარედგინა ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით.

საქმე განსახილველად გადაეცა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომლის 2004წ. 20 ოქტომბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. ჩ-ს ინტერესების წარმომადგენლის, ადვოკატ გ. ჩ-ს შუამდგომლობა და საქმე დაბრუნდა დამატებით გამოძიებაში. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ. კ-მ და იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების გაუქმება, სააპელაციო პალატამ 2005წ. 31 იანვრის განჩინებით დააკმაყოფილა პროკურორის კერძო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, გააუქმა სასამართლოს დადგენილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადასცა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატები _ ი. ბ. და გ. ჩ. ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გ. ჩ-ს მიერ მიღებული დადგენილების _ უცვლელად დატოვებას. ისინი მიუთითებენ, რომ საქმეზე დასადგენია მთელი რიგი გარემოებები და გადასაწყვეტია სხვა პირის ბრალეულობის საკითხიც.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ჩ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატის მოთხოვნას დაეთანხმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. ჩაყალაშვილი.

განსასჯელ გ. თ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ბ. არ დაეთანხმა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას; ამასთან, იშუამდგომლა, რომ გ. თ-ს შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება _ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

პროკურორმა დ. მ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებაში მითითებული გარემოებები შეუძლია შეამოწმოს სასამართლომ და მისცეს შეფასება. რაც შეეხება სხვა პირთა ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება, დეტალურად შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ვერსიები და ამის შემდეგ იქნეს მიღებული სათანადო გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე უნდა ჩატარდეს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება, შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ვერსიები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს გ. თ-ს და სხვა პირთა ბრალეულობის საკითხი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი. ამასთან, არ არსებობს განსასჯელ გ. თ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის განჩინება გ. თ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.