Facebook Twitter

#ბს-631(კ-19) 24 სექტემბერი, 2020 წელი ბს-631(კ-19) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 14 ივნისს ე. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის გურიის რეგიონალური ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 19 მარტის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის #... გადაწყვეტილების, (ს/კ ...) სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის #1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 21 ივნისის #59 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის #... საკადასტრო კოდის მქონე ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებისა და მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე #... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.

სარჩელის თანახმად, 2007 წლის 15 აგვისტოს ე. კ-სა და გ. თ-ეს შორის სანოტარო ბიუროში დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ე. კ-ემ შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე: ლანჩხუთის რაიონი, სოფ. ...ი, ფართი - 500 კვ.მ, ს/კ - .... 2007 წლის 16 აგვისტოს მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც ფიქსირდება, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე. კ-ის სახელზე. სარჩელის თანახმად, ამონაწერს ერთვის საკადასტრო რუკა, სადაც მითითებულია უძრავი ქონების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია. მოსარჩელის მითითებით 2007 წელს გაცემულ მიწის ნაკვეთის გეგმაზე ნათლად ჩანს მიწის ადგილმდებარეობა. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოცემული პერიოდიდან დღემდე მიწის ნაკვეთს ფლობს და სარგებლობს.

მოსარჩელის მითითებით, მან 2016 წელს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ლანჩხუთს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ი. რეესტრმა მიიჩნია, რომ მოთხოვნილ საკითხზე უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რეესტრმა გამოითხოვა ინფორმაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. ამასთან, საჯარო რეესტრმა მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ ...) კორექტირების მიზნით, თუმცა სააგენტომ უარი განაცხადა, რის შემდგომაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სახელმწიფოს მიერ მოხდა მისთვის ქონების ჩამორთმევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით ე. კ-ის სარჩელი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ე. კ-ის მიწის ნაკვეთთან (2007 წელს რეგისტრირებული საკადასტრო კოდი #...) არსებული გადაფარვის ნაწილში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება აეკრძალა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სარჩელზე დართული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, 443.28 კვ.მ რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისის 2016 წლის 20 იანვრის #... გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ …ში 460 კვ.მ მიწის ნაკვეთი, (საკადასტრო კოდით …); ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 19 მარტის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გადაფარვის ნაწილში, უძრავ ქონებაზე (ს/კ …) სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და 2016 წლის 18 აგვისტოს #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, უძრავ ქონებაზე (ლანჩხუთის რაიონი, სოფელი …ი) მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება დაევალა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის #1/1-2586 ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე. კ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდებოდა. სწორედ ამიტომაც მოეთხოვა დაინტერესებულ პირს წარედგინა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი არ ყოფილი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების სახელმწიფოს საზღვრებში არსებობის ფაქტი.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის #1/1-90 ბრძანებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.

საქმეზე წარმოდგენილი 16.08.2007წ. მომზადებული მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრეა ე. კ-ე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ სანოტარო აქტი, დამოწმებული ლანჩხუთის სანოტარო ბიუროს მიერ 15.08.2007წ., რეგისტრაციის ნომრით - .... 2016 წლის 18 აგვისტოს ე. კ-ემ #... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის გურიის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრისა და ფართობის დაზუსტება, განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ე. კ-ემ განცხადებას დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის საფუძველზე მომზადებული სიტუაციური ნახაზით დადგინდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებთან; უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (დაზუსტებული ფართობი - 460.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი - ..., საფუძველი: სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს #... მიმართვა (თარიღი: 28.10.2015წ.)) რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.10.2017წ. #... დასკვნით დადგენილია, რომ ს/კ ... მიწის ნაკვეთის ფართობსა და ე. კ-ის მიერ 18.08.2016წ. საჯარო რეესტრში #... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობს შორის სხვაობა შეადგენს 40 კვ.მ-ს. ე. კ-ის მიერ 18.08.2016წ. საჯარო რეესტრში #... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთი გადაფარვას ახდენს ს/კ ... მიწის ნაკვეთთან 443.28 კვ.მ-ზე.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული უძრავი ქონების მონაცემების დაზუსტების მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; პირიქით, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ე. კ-ის მიერ 18.08.2016წ. საჯარო რეესტრში #... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთი შეესაბამება ი/მ „ე. გ-ას“ მიერ 10.02.2016წ. მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთს. ზემოაღნიშნული გარემოება კი, საჯარო რეესტრის მიერ დაფიქსირებული ზედდების პირობებში იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ სადავო აქტებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობის გარეშე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უფლებაზე დაარეგისტრირა სხვა პირის უფლება, ანუ დაუშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა, რაც ეწინააღმდეგება კანონს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტურა მის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების დარეგისტრირება. ადმინისტრაციულ ორგანოს კი, არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო დამადასტურებელი მტკიცებულება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე