#ბს-317(3კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ნ-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 10 დეკემბერს ნ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - დ. ნ-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ დ. ნ-ისთვის 140 ჰა საძოვრის მიყიდვის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს #978 ოქმის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის პირველადი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების (საკადასტრო კოდი ...), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 3 ნოემბრის #... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 1997 წელს მან, ოთხ პირთან ერთად, იჯარით აიღო 360 ჰა საძოვარი, რასაც ისინი 2004 წლამდე ერთობლივად ფლობდნენ. 2004 წელს კი, მისმა ოთხივე პარტნიორმა განცხადებით მიმართა მიწების იჯარით გამცემ კომისიას იმისათვის, რომ მათთვის ჩამოეწერათ 80 ჰა საძოვარი. აღნიშნული 80 ჰა საძოვარი მათ ჩამოეწერათ და დაიტოვა მხოლოდ მოსარჩელემ, რომელიც 2008 წლის 10 იანვრიდან შეიძინა საკუთრებაში. მოსარჩელემ ნაკვეთის დაზუსტებული სახით რეგისტრაციისთვის სსიპ საჯარო რეესტრს მიმართა 2014 წლის 30 ოქტომბერს, თუმცა წარმოება შეჩერებულ იქნა, ვინაიდან დადგინდა გადაფარვა ვინმე დ. ნ-ის ნაკვეთთან. მოსარჩელის მითითებით, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მისი კუთვნილი 80 ჰა მიწის ნაკვეთი 2013 წლის 12 აპრილს მიუყიდია დ. ნ-ისთვის.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის სხდომაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური - კახეთის რეგიონული ოფისი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...ი ბანკი“.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #978 ოქმი (იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის ნ. ლ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი - ..., საერთო ფართობით - 80 ჰექტარი, გადაეცა დ. ნ-ს); ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის პირველადი რეგისტრაცია (განცხადების რეგისტრაციის ნომერი - ..., თარიღი - 12.04.2013) საკადასტრო კოდზე ..., მიწის ნაკვეთის წინა ნომერი - ..., დ. ნ-ის სახელზე (იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის ნ. ლ-ის კუთვნილი 80 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ნომრით ..., მდებარე: სიღნაღის რაიონი, სოფელი ...ე (იხ. ექსპერტიზის დასკვნა #..., 15.02.2016) დარეგისტრირდა დ. ნ-ის სახელზე); ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 3 ნოემბრის #... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის #... გადაწყვეტილება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა ოფისმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და დ. ნ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დ. ნ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ნ-მა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ნ. ლ-ის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი იდენტურია დ. ნ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთისა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო განმარტავს, რომ ნ. ლ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის (...) მისამართად უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულია სიღნაღის რაიონი, სოფელი ...ე, ხოლო მესამე პირის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი (...), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად, მდებარეობს სიღნაღის რაიონის სოფელ ...ოში. კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შეუსაბამობა დგინდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და მის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართებს შორის.
კასატორის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის #... წერილით დადგინდა, რომ ინფორმაცია სოფლის ადმინისტრაციული საზღვრების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული არ არის, შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რას დაეყრდნო სასამართლო და ექსპერტი მოსარჩელის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენისას. სააგენტო თვლის, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში სასამართლოს უნდა შეეფასებინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის #... წერილი, მოსარჩელე ნ. ლ-ის და მესამე პირის - დ. ნ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტები და შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, სსიპ ლევან სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 15 თებერვლის დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის ამავე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 20 ივლისის დასკვნასთან. სამინისტროს მოსაზრებით, ჯერ უნდა დადგენილიყო მოსარჩელის სახელზე განხორციელებული პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციისა და ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა იდენტურობა, რის შედეგადაც უნდა დადგენილიყო დ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების იდენტურობა დაუზუსტებელ სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან.
კასატორის მითითებით, მიწის ნაკვეთების იდენტურობა არ დგინდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ვინაიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას მინიჭებული აქვს სხვა საკადასტრო კოდი და მდებარეობს სიღნაღის რაიონის სოფელ ...ეში, ხოლო სადავო უძრავ ნივთს - სხვა საკადასტრო კოდი, რომელიც განთავსებულია სიღნაღის რაიონის სოფელ ...ოში. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ქონების დ. ნ-ის სახელზე რეგისტრაციისას ზედდება არ დაფიქსირებულა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთან, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია უკვე არსებობდა.
კასატორის - დ. ნ-ის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი 1999 წლიდან, 10-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით ფლობდა 430 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. კასატორის მითითებით, მან 2008 წლის ივლისში გამოისყიდა 140 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილი, 80 ჰა წარმოადგენს დავის საგანს იმ საფუძვლით, რომ 2004 წელს ნ. ლ-მა ის მიიღო იჯარით, თუმცა კასატორის მითითებით, იჯარის ხელშეკრულება რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა. კასატორის მითითებით, კომისიის 2004 წლის 28 ივნისის #77 ოქმის მითითებების გარეშე შეუძლებელია 2008 წლის იანვარში ნ. ლ-ს გამოესყიდა მიწის ნაკვეთი და დაერეგისტრირებინა ის საკუთრებაში, ვინაიდან კასატორს არ მიუტოვებია მიწის ნაკვეთი და არც საიჯარო ხელშეკრულება გაუქმებულა. მოცემულ პირობებში კი, კასატორის სახელზე იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთს სხვა პირს ვერ გადასცემდნენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტისა და 16 აპრილის განჩინებებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ნ-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ნ-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #... ოქმით მოსარჩელე ნ. ლ-მა 2007 წლის 19 დეკემბერს შეიძინა მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება, სარეგისტრაციო ნომრით ..., რომელიც მდებარეობს სიღნაღის რაიონის, სოფელ ...ეში, მიწის ნაკვეთის ფართობია 80 ჰა (საძოვარი). ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით 80 ჰა, საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღრიცხულია ნ. ლ-ზე (უფლების რეგისტრაციის თარიღი 11.01.2008წ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი #...).
დადგენილია, რომ მოსარჩელემ 30.10.2014წ. განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 3 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 15 თებერვლის დასკვნით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2008 წლის 16 იანვარს მომზადებული საკადასტრო გეგმის თანახმად, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს სიღნაღის რაიონის სოფელი ...ის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. „...ის“ და „...ის“ ჩრდილოეთით და მიმდებარედ არსებული ცენტრალური გზის დასავლეთით. აღნიშნული საკადასტრო გეგმის გაორიენტირების შედეგად მიღებულ მიწის ნაკვეთსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს შორის ფიქსირდება გადაფარვა, სადაც გაორიენტირების შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთი #... თითქმის მთლიანად ექცევა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ელექტრონულად რეგისტრირებული #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, გადაფარვის საერთო ფართი შეადგენს 80 ჰექტარს.
დადგენილია, რომ მოპასუხე დ. ნ-ი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, ფლობდა 430 ჰა მიწის ნაკვეთს (საძოვარს), მდებარე: სიღნაღის რაიონი, სოფელი ...ო. 2008 წლის 7 ივლისს დ. ნ-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს, სიღნაღის რაიონის სოფელ ...ოში მდებარე 140 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის (საძოვრის) პრივატიზების მოთხოვნით. საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიწის და სხვა უძრავი ქონების დამადასტურებელი #978 ოქმით დგინდება, რომ დ. ნ-მა შეიძინა სიღნაღის რაიონის სოფელ ...ოში, „...მა“ მდებარე მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი #..., მიწის ნაკვეთის ფართობი: 140 ჰა საძოვარი). აღნიშნული ოქმის საფუძველზე, საჯარო რეესტრის 12.04.2013წ. გადაწყვეტილებით, სიღნაღის რაიონის სოფელ ...ოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ქონებაზე (საძოვარი), დაზუსტებული ფართობით: 140000.00 კვ.მ (ს/კ ...) დარეგისტრირდა დ. ნ-ის საკუთრების უფლება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდაა ქცეული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს #978 ოქმი, პირველადი რეგისტრაციის შესახებ (საკადასტრო კოდი ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 3 ნოემბრის #... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის #... გადაწყვეტილება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ #978 ოქმით განკარგა სადავო ქონება და შემდგომ, მის საფუძველზე, სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ...) იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილზე (მიწის სარეგისტრაციო #..., 80 ჰა) უკვე არსებობდა მოსარჩელე ნ. ლ-ის საკუთრების უფლება, დაუზუსტებელი სახით (უფლების რეგისტრაციის თარიღი 11.01.2008წ.), პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას კი არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, რის გამოც, დაუშვებელია ამ ტიპის რეგისტრაციის მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე დაყვანა, ასევე დაუშვებელია იმაზე მითითება, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაცია აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ჰქონდათ უფლება, ერთი მხრივ, სადავო ქონების განკარგვისა და მეორე მხრივ, მესამე პირის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს არ გამოუკვლევია, დ. ნ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მონაცემები ხომ არ იყო წინააღმდეგობაში არა მხოლოდ ელექტრონული სისტემით აღრიცხულ მონაცემებთან, არამედ მატერიალური სახით არსებულ და აღრიცხულ მონაცემებთან, რამაც გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდება და გამოვლინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრებზე დ. ნ-ს 25.02.2019წ. საგადახდო დავალებით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს - 15.04.2019წ. #09421 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ნ-ს (პ/ნ ...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ნ-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინება;
3. დ. ნ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.02.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.04.2019წ. #09421 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე