Facebook Twitter

ბს-658 (კ-20) 27 ოქტომბერი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ღ-ამ 08.10.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა 2013 წლის 1-ლი ნოემბრიდან სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების გადაწყვეტილების, პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების 16.11.2016წ. N2016/1 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.08.2018წ. N04/47183 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, მოსარჩელე მ. ღ-ასათვის 2013 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2018 წლის 1-ელ მაისამდე განაცდური პენსიის ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2019წ. გადაწყვეტილებით მ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 1-ლი ნოემბრიდან სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების გადაწყვეტილება, პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების 16.11.2016წ. N2016/1 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.08.2018წ. N04/47183 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე მ. ღ-ასათვის 2013 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2018 წლის 1-ელ მაისამდე განაცდური პენსიის ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოშობს კონკრეტული პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სს „...ი ბანკიდან“ 2013 წლის 25 ოქტომბერს მიღებული N648 წერილის საფუძველზე, მ. ღ-ას 2013 წლის 1 ნოემბრიდან შეუჩერდა პენსიის დარიცხვა, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ბენეფიციარის მიერ საბანკო ანგარიშიდან პენსიის თანხის გაუტანლობის საფუძვლით, ხოლო 2016 წლის 1-ლი ნოემბრიდან განხორციელდა მ. ღ-ასათვის პენსიის შეწყვეტა, მისი შეჩერებიდან სამი წლის ვადის გასვლის გამო. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16, მე-17 მუხლები, ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8, მე-9 მუხლები იმპერატიულად მიუთითებენ პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლებზე, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის წყაროსა და ვადებზე. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ განხორციელდება ადმინისტრაციული წარმოების ისეთი პირობების დაცვა, როგორიცაა დაინტერესებული პირის წინასწარი ინფორმირება, მისი ჩართვა წარმოებაში და ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი ვადების დაცვა. სზაკ-ის 51-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობით გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დაინტერესებული მხარის მოთხოვნა, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. კასატორი აღნიშნავს, რომ მ. ღ-ას მოთხოვნა პენსიის შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი სახით გამოცემის თაობაზე სააგენტოში არ ფიქსირდება. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16-17 მუხლების თანახმად, პენსიის შეჩერება და შეწყვეტა არ წარმოადგენს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების შეზღუდვას. პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი ფორმით მიღებას არ ითვალისწინებს საპენსიო კანონმდებლობა. სააგენტო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების ასახვას ახორციელებდა ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“ ინდივიდუალურად, თითოეული პენსიონერის მიმართ. „სამმართველო ინფორმაცია“ შიდა გამოყენების დოკუმენტია, სადაც ხდებოდა თითოეული პირის მიმართ მიღებული, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსის ასახვა, თუმცა ბენეფიციარის დაინტერესების შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცემას „სამმართველო ინფორმაციის“ შესაბამისად. მ. ღ-ას ნებისმიერ დროს შეეძლო გადაემოწმებინა პირადი საპენსიო ანგარიში და შემდგომ მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსთვის შეჩერებული ან შეწყვეტილი პენსიის აღდგენის თაობაზე, რაც 5 წლის განმავლობაში არ განუხორციელებია. სზაკ-ის 76.1 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონით დაკისრებული ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ადგილი ჰქონდა პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის ფაქტს, ადმინისტრაციულ ორგანოს უპირობოდ წარმოეშვა მ. ღ-ასათვის პენსიის შეჩერების, ხოლო შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ შეწყვეტის ვალდებულება. კასატორი სზაკ-ის 177.2, 180-ე მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.

02.09.2020წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ვ. გ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი დედა, მოსარჩელე - მ. ღ-ა 08.03.2020წ. გარდაიცვალა და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 14.09.2020წ. განჩინებით მ. ღ-ას უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.

01.10.2020წ. ვ. გ-ემ საკასაციო პალატაში წარმოადგინა ნოტარიუს ქ. გ-ას მიერ 22.09.2020წ. გაცემული N... სამკიდრო მოწმობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება და მ. ღ-ას უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა ვ. გ-ე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით საპენსიო პაკეტის მიმღებ პირს - მ. ღ-ას 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის საფუძვლით 2013 წლის 1 ნოემბრიდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის გაცემა, ხოლო შეჩერებიდან 3 წლიანი ვადის გასვლის გამო, სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა 2016 წლის 16 ნოემბრიდან. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ პენსიის შეჩერებას საფუძვლად დაედო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, ხოლო შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 17.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები თავისთავად არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ ინდივიდუალურ რეგულაციას, ისინი წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას. პენსიის შეჩერება-შეწყვეტა არის შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, ზღუდავს თავის დროზე აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით პენსიონერისათვის მინიჭებული სოციალური უზრუნველყოფის უფლებას, სამისდღემშიოდ დანიშნული სახელმწიფო გასაცემლის მიღებას (იხ. სუსგ 25.05.2017წ. Nბს 365-360(კ-16); 25.05.2017წ. Nბს-815-807(კ-16)). მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიზღუდა მ. ღ-ას სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, პენსიის როგორც შეჩერების, ასევე შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენა საჭიროებდა აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით და დაინტერესებული პირის მონაწილეობით, გადაწყვეტილების მიღებას წერილობითი სახით და მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობას, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.

საფუძველსაა მოკლებული კასატორის მითითება ე.წ. „სამმართველო ინფორმაციიდან გამომდინარე“ პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე მ. ღ-ას ინფორმირებულობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის მისი მოთხოვნის შემდეგ ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“ ასახული პენსიის შეჩერებისა და მისი შეწყვეტის შინაარსის გაცნობა, ვერ ჩაანაცვლებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარების ვალდებულებას და აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული ოფიციალურ გაცნობად. ის გარემოება, რომ ადრესატს შეეძლო გაცნობოდა მის შინაარსს არ ნიშნავს „სამმართველო ინფორმაციაში“ განთავსებული მასალის ადრესატისათვის ცოდნის პრეზიუმირებას. ამასთანავე, პენსიონერის მიერ საკუთარი საპენსიო ანგარიშის გადამოწმების შესაძლებლობა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, კანონით დადგენილი წესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებისა და დაინტერესებული მხარისათვის მისი ჩაბარების ვალდებულებისგან. ამდენად, სახელმწიფო პენსიის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სზაკ-ით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის პირობებში საფუძვლიანია განაცდური პენსიის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა, ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში მ. ღ-ას უფლებამონაცვლედ ჩაბმულია ვ. გ-ე, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის საფუძველზე იგი წარმოადგენს განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უფლებამოსილ სუბიექტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე