Facebook Twitter

ბს-825 (კ-18) 22 ოქტომბერი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. წ-მა 15.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სს „...ის“ ელექტროგადამცემი ხაზის „...“ რეკონსტრუქციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 05.01.2016წ. Nი-11 ბრძანების ბათილად ცნობა, სს „...ის“ 110 კილოვატიანი (220 კილოვატიან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის „...ის“ რეკონსტრუქციაზე, მშენებლობაზე და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ეკსპერტიზის დასკვნის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 19.02.2016წ. Nი-91 ბრძანების ბათილად ცნობა, სს „...ის“ 110 კილოვატიანი (220 კილოვატიან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის „...ის“ რეკონსტრუქციაზე, მშენებლობაზე და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ეკსპერტიზის დასკვნის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 19.02.2016წ. Nი-91 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 28.07.2016წ. Nი-391 ბრძანების ბათილად ცნობა, ზ. წ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N1555 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.2016წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „...ა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. გადაწყვეტილებით ზ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. წ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2018წ. განჩინებით ზ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებითა და შესაძლებლობებით. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს მის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადაო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოებების არსებობა. პალატა აღნიშნავს, რომ „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაზე მითითებისას მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს თუ რა მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს „...“ ეგხ-ის რეკონსტრუქციამ გარემოზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. წ-ის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რაც გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლო შემადგენლობამ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან. გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუქტით ხელმძღვანელობის სტანდარტთან დაკავშირებით (სუსგ 25.03.2008წ. Nბს-52-52(კ-08)). სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეზე განახორციელა ფორმალური მართლმსაჯულება. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად გამოტანილია არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ექვემდებარება გაუქმებას.

სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, ხოლო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას - ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცების ტვირთი არასწორად არის გადაკისრებული საჩივრის ავტორზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას არ გამოიკვლია და არ შეაფასა თუ რა გავლენას ახდენდა „...“ ეგხ-ის რეკონსტრუქცია გარემოზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენცია. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ კონვენციის დებულებები სრულ შესაბამისობაშია სადავო აქტების გამოცემის დროისთვის მოქმედ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონთან და მიუთითა, რომ დასახელებული საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულია ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს (მუხ. 11), დასახელებული ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ასევე შესაბამისობაშია კონვენციის მე-6 მუხლთან. სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა დაგეგმილ საქმიანობას ჰქონდა თუ არა კავშირი საერთო ეროვნულ თავდაცვასთან, საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესებთან და კონკრეტულად რომელი მტკიცებულებებით არის დადასტურებული აღნიშნული გარემოება, რომლის არსებობის პირობებშიც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

სააპელაციო პალატა ერთის მხრივ მიუთითებს, რომ „გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის N38 ბრძანების 6.10 მუხლის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლება არ გულისხმობს საქმიანობის ეკოლოგიური ექსპერტიზისაგან გათავისუფლებას, თუმცა მეორეს მხრივ, მიუთითებს, რომ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით დადგენილია გამონაკლისი და როდესაც საქმიანობის განმახორციელებელი განთავისუფლებულია გზშ-გან, მას არ შეიძლება მოეთხოვოს იმ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვა, რომელიც გაწერილია ზოგადი პროცედურების მიხედვით. შესაბამისად, დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონის 4.3, 4.4, მე-6, მე-7 და 8.4 მუხლების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებიც ადგენენ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისთვის საჭირო წარსადგენი დოკუმენტაციის ამომწურავ ჩამონათვალს. სასამართლომ არ შეაფასა ეკოლოგიური ექპერტიზისას ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები იყო თუ არა საკმარისი და საჭირო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად.

კასატორი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევით არ შეამოწმა სადავო აქტები კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულის შეფასებისას სასამართლომ არ გამოიყენა სზაკ-ის 201.3 მუხლი. ამდენად, საქმე განხილულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით და არსებობს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით სს „...ამ“ 04.12.2015წ. N5384/07 წერილით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ელექტროგადამცემი ხაზი „...-ის“ რეკონსტრუქციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან (გზშ) გათავისუფლების მოთხოვნით. განმცხადებელმა განმარტა, რომ ეგხ-ის რეკონსტრუქციის აუცილებლობა გამოწვეული იყო მოცემულ რეგიონში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ გამომუშავებული ელ.ენერგიის ელექტროსისტემაში ჩართვით. სს „...ა“ განმარტავდა, რომ „...ი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად მოხდებოდა ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგიის ჩართვა ერთიან სისტემაში, რაც მნიშვნელოვანი იყო ზამთრის პერიოდში ქვეყნის ენერგეტიკული მდგრადობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონზე, რომლის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება არის დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამოკვლევის პროცედურა, რომლის მიზანია გარემოს ცალკეული კომპონენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. გზშ შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს საქმიანობის პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე წყალზე, კლიმატზე, ლანდშაპტზე, ეკოსისტემებსა და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის ერთიანობაზე, მათ შორის, ამ ფაქტორების ზეგავლენას კულტურულ ფასეულობებსა (კულტურულ მემკვიდრეობასა) და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე. ამავე კანონის მე-11 მუხლი ითვალისწინებს საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას, შესაბამისი პირობების არსებობისას, კერძოდ საქმიანობა შეიძლება გათავისუფლდეს გზშ-გან თუ საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს საქმიანობის დაწყებას და ამის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღებას, ხოლო გზშ-გან გათავისუფლების თაობაზე განცხადებას განიხილავს და წინადადებებს შეიმუშავებს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭო, რომლის მიერ შემუშავებულ წინადადებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სს „...ის“ მიერ წარდგენილი გაცხადება გარემოზე ზემოქმედების სპეციალურმა საბჭომ განიხილა ორი სხდომის ფარგლებში, პირველი სხდომის გადაიდო საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გასარკვევად და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით, ხოლო მეორე სხდომაზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის პირობებში მიღებულ იქნა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების რეკომენდაცია. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 03.06.2013წ. N38 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის“ 6.10 მუხლის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან გათავისუფლება არ გულისხმობს საქმიანობის ეკოლოგიური ექსპერტიზისგან გათავისუფლებას. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკოლოგიურ ექსპერტიზას ექვემდებარება მაღალი ძაბვის (35 კვტ და მეტი) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამემი ხაზების გაყვანა და ქვესადგურის (110 კვტ-სა და მეტი ძაბვის) განთავსება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „...ის“ ელექტროგადამცემი ხაზი „...-ის“ რეკონსტრუქციის პროექტის გზშ-გან გათავისუფლების შემდგომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად და წარადგინა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში როდესაც სს „...ის“ მიერ წარდგენილი პროექტი გათავისუფლებული იყო გზშ-გან ანუ სახეზე იყო „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა, შესაბამისად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა ამავე კანონის ზოგადი დებულებების მოცემულ შემთხვევაზე გავრცელება.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის მოთხოვნების დარღვევაზეც, რადგან კასატორს არ წარმოუდგენია „...“ ელექტროგადამცემი ხაზის რეკონსტრუქციის პროექტის გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის გამომწვევი სათანადო მტკიცებულებები. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოსთვის მტკიცების ტვირთის დაკისრება არ ათავისუფლებს დაინტერესებულ პირს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვერ მიუთითა კანონის მოთხოვნათა ისეთ არსებით დარღვევასა და მისი უფლებების იმგვარ შეზღუდვაზე, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი გახდებოდა. ამასთანავე, ადგილი არ აქვს მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებას, მიღებული აქტების მართლზომიერება დასტურდება სპეციალური საბჭოს დასკვნით, ეკოლოგიური ექპერტიზით, რომლის უარყოფა საჭიროებს სათანადო დასაბუთებას.

საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ განახორციელა ფორმალური მართლმსაჯულება. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენით, სადაც მხარეებს ჰქონდათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. მართალია სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს სააპელაციო საჩივარში დასმულ საკითხებთან მიმართებით შესაბამის არგუმენტაციას, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებულია სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2018წ. განჩინება;

3. ი. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.07.2018წ. N48 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ა. წულაძე