Facebook Twitter

საქმე #ბს-871(კ-20) 22 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 12 დეკემბერს გ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

სარჩელის თანახმად, 2019 წელს გ. ბ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისი ერთსულიანი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი ქულა. შესაბამისად, მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის #04-2008/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის, კანონით დადგენილი წესით, ქ. თბილისში გ. ბ-ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის #04-2008/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გ. ბ-ას ერთსულიანი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ქ. თბილისში უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქირით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, კრიტერიუმების შესაბამისად მოცემულ ეტაპზე. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია, რომ სადავო შემთხვევაში არ არსებობდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ გ. ბ-ას ჰქონდა 5 ქულა, იგი ვერ აკმაყოფილებდა პრიორიტეტულობის პრინციპს, ვინაიდან ერთოთახიანი ბინის მისაღებად საჭიროა 6 ქულა. კასატორის მითითებით, იმის მიუხედავად მოსარჩელე მართლა იხდის ქირას თუ უსასყიდლოდ ცხოვრობს სხვის ბინაში, მას მაინც ეკუთვნის 1,5 ქულა, თუმცა ორივე შემთხვევაში იგი მარტოხელა პენსიონერად ვერ ჩაითვლება.

კასატორის განმარტებით, სააგენტო ცდილობს გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და საცხოვრებლით პირველ რიგში დააკმაყოფილოს რეალურად საჭიროების მქონე ოჯახები. კასატორის მითითებით, მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, დაცულია ყველა ის მოთხოვნა, რასაც ითვალისწინებს საკითხის მომწესრიგებელი აქტები. კასატორი აღნიშნავს, რომ მიმდინარე ეტაპზე არ დაკმაყოფილდა საცხოვრებლით მოსარჩელე, რომელიც ცდილობს სხვა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებთან შედარებით უფრო ადრე მიიღოს საცხოვრებელი. ის ფაქტი, რომ ოჯახი სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელია არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა მას აქვს თმენის ვალდებულება, დაელოდოს თავის რიგს და რიგითობის გათვალისწინებით, მიიღოს საცხოვრებელი ფართი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ მოსარჩელე - გ. ბ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელესთან მიმართებით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ #6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ #7 დანართის შესაბამისად. #6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო #7 დანართის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია დევნილ ოჯახში ასაკით პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო ან ოჯახი, რომლის წევრთა ნახევარზე მეტი არის ასაკით პენსიონერი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ბ-ას ერთსულიან ოჯახს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით და გ. ბ-ას მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, წინასწარი შეფასებით, მინიჭებული ჰქონდა 6 ქულა, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 1. ცხოვრობს ქირით - 1,5 ქულა; 2. მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა; 3.შშმპ (მნიშვნელოვნად გამოხატული) - 2 ქულა; 4. ომის ვეტერანი - 1,5 ქულა.

ასევე დადგენილია, რომ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, გ. ბ-ას დააკლდა 1 ქულა, რომელიც გათვალისწინებულია მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმით, რის გამოც გ. ბ-ას ერთსულიან ოჯახს ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა არასაკმარისი ქულის გამო. ქალაქ თბილისში მდებარე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში 1-ოთახიანი საცხოვრებელი ბინებით კი, დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ 6 და მეტი ქულა.

მითითებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამდენად, იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის, როგორც ერთსულიანი ოჯახის, ქირით ცხოვრების ფაქტი, რაც მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ბ-ა დამოუკიდებლად აწარმოებს შინასამეურნეო საქმიანობას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს, რომ მოსარჩელე სხვა პირთან ერთად ეწეოდა შინასამეურნეო საქმიანობას. შესაბამისად, გ. ბ-ა წარმოადგენს მარტოხელა პენსიონერს და არ არსებობს მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმის მიხედვით, შესაბამისი ქულის დაკლების სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე