Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1225(კ-19) 29 ოქტომბერი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ვ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-ამ 2018 წლის 7 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის №MOD 9 18 00003382 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელესთან 2014 წლის 14 ივლისს დადებული №1613/14 კონტრაქტის საფუძველზე ოთხწლიანი სამხედრო სამსახურის გავლის ჩათვლის თაობაზე; მოპასუხისთვის ვ. გ-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის - 1156,80 ლარის (2018 წლის 12 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით პერიოდისთვის), ერთჯერადი დახმარების - 7000 ლარისა და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისათვის კომპენსაციის - 6940,80 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება ვ. გ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით ვ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები. კერძოდ, მოსარჩელემ სამსახურიდან დროებით გათავისუფლება ითხოვა, თუმცა, ხელმძღვანელობის ადგილზე არყოფნის გამო, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარიც არ მიუღია. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელეს კომუნიკაცია ჰქონდა ხელმძღვანელ პირებთან, სამსახურში 2018 წლის 28 მარტს, 23 საათითა და 50 წუთით დაგვიანება მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ უნდა გამხდარიყო.

საკასაციო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ სამსახურში ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით - დედის ავადმყოფობის გამო, რომელიც რამდენიმე დღით სტაციონარში ჰყავდა გადაყვანილი. ამასთანავე, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იყო ერთი თვე, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის მხრიდან სამსახურისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.

კასატორი, ასევე, განმარტავს, რომ მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ადრე გამოყენებული არ ყოფილა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი პირის სამსახურიდან გათავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს მართებულად, როდესაც პირს სხვა სახის დისციპლინური სანქცია უკვე შეფარდებული აქვს და დარღვევა მძიმე ხასიათს ატარებს. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქმეში წარდგენილი, მოსარჩელის მიერ ჯილდოს სახით მიღებული სერტიფიკატები, მათ შორის, ავღანეთის მისიის სპეცოპერაციებში მიღებული საერთაშორისო სერტიფიკატი, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის 2013 წლის 29 აპრილს და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის 2016 წლის 10 ივნისს მიღებული მედლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ვ. გ-ას გათავისუფლების კანონიერება, სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.

საკასაციო სასამართლო, სადავო საკითხის შესწავლისას, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს გამოსაყენებელ კანონმდებლობაზე. კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად აღნიშნეს, რომ ვინაიდან სადავო შემთხვევას სპეციალური კანონმდებლობა აწესრიგებს, გამოყენებულ უნდა იქნეს არა დასახელებული კანონი, არამედ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება“.

საკასაციო პალატა მიუთითებს ზემოაღნიშნული „წესდების“ 43-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა ან სამსახურის ადგილის, სასწავლებლის, მივლინების ადგილის ან სამკურნალო დაწესებულების საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. ამრიგად, მითითებული ნორმა საპატიო მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობისას სამხედრო მოსამსახურის მიმართ სამი სხვადასხვა სიმძიმის სანქციის გამოყენების შესაძლებლობას ადგენს. სწორედ ამიტომ, დამსაქმებელმა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, უნდა გადაწყვიტოს სამსახურიდან დაითხოვს პირს, დასვენების დღეებს შეუზღუდავს თუ სასწავლებლიდან გარიცხავს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სანქციის შეფარდების დისკრეციული უფლებამოსილების სათანადოდ გამოყენებისთვის, დამსაქმებელმა, ასევე, უნდა შეაფასოს იმავე „წესდებით“ განსაზღვრული, სანქციების გამოყენების სხვა წესებიც. კერძოდ, „წესდების“ მე-12 და მე-13 მუხლებიდან გამომდინარე, დასვენების უფლების შეზღუდვა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ, ხოლო სასწავლებლიდან გარიცხვა - მხოლოდ იუნკერის მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციების გამოყენებისას უნდა შეფასდეს როგორც დარღვევის არსებობის საკითხი, ისე დამრღვევის სტატუსი, რამეთუ ნორმატიულად არის განსაზღვრული გარკვეული შეზღუდვები სანქციის ადრესატის მიხედვით. მათ შორის, კონტრაქტის საფუძველზე დასაქმებული პირის მიმართ დასვენების დღეების შეზღუდვა ან სასწავლებლიდან გარიცხვა გამოყენებული ვერ იქნება. შესაბამისად, თუკი კონტრაქტის საფუძველზე დასაქმებული პირი ჩაიდენს „წესდების“ 43-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას, დამსაქმებელს მის მიმართ მხოლოდ ერთი სანქციის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება შეუძლია.

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო კონტრაქტის საფუძველზე, ამიტომ თუკი დადასტურდებოდა, რომ ის სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე არ იმყოფებოდა, თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება სანქციის შეფარდებისას.

მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზების შეფასებისას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ვ. გ-ამ შვებულება ითხოვა თბილისში ავტოფარეხის გაქირავების მიზნით და ვინაიდან მის მიერ დასახელებული მიზეზი არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას და ამასთან, ბატალიონის მეთაური არ იმყოფებოდა ადგილზე, მისი თხოვნა იმავე დღეს ვერ დაკმაყოფილდა. მას განემარტა, რომ მომდევნო დღეს უნდა გამოცხადებულიყო სამსახურში და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს შვებულებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, იგი სამსახურში არ გამოცხადდა.

რაც შეეხება მოსარჩელის დედის ავადმყოფობას, საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ვ. გ-ას დედამ - ლ. პ-ამ ექიმს მიმართა 2018 წლის 3 აპრილს და მას განესაზღვრა დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია, იშემიური ინსულტის მდგომარეობა და გულის უკმარისობა. ამრიგად, კასატორის მიერ სამსახურის მიტოვების დროს - 2018 წლის 27 მარტს, მოსარჩელის დედას სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართული არ ჰქონდა. ამასთანავე, ვ. გ-ას არც სამხედრო სამსახურის მიტოვებამდე და არც შემდეგ, ასეულის მორიგესა და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელთან საუბრისას, გამოუცხადებლობის მიზეზად დედის ავადმყოფობა არ დაუსახელებია. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ სამსახურის მიტოვების მიზეზად დედის ავადმყოფობაზე მითითება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულია, რომ მოსარჩელე სამსახურში 23 საათზე მეტი ხნის დაგვიანებით გამოცხადდა, საპატიო მიზეზის გარეშე, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას ადასტურებს. მოცემული გარემოება კი ვ. გ-ას სხვა სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებასაც გამორიცხავს. შესაბამისად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე