Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-87(გ-20) 6 ნოემბერი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა მ. ბ-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე ზესტაფონის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-ემ 2019 წლის 5 დეკემბერს სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, დაევალოს მოპასუხეს მ. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული სახლის „...ის“ საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ტერიტორიად ცნობა; მიწის ნაკვეთის, ნარგავებისა და შენობა-ნაგებობების აღწერა-შეფასება; კომპენსაციის გაცემა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის წესით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე და მიიჩნია, რომ სარჩელი განხილულ უნდა იქნეს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქალაქო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 და მე-20 მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ საქმე უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც უძრავი ნივთი მდებარეობს. სასამართლომ მიუთითა, რომ თავად მოსარჩელემაც სარჩელის განსჯად სასამართლოდ ზესტაფონის რაიონული სასამართლო აარჩია. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობისა და ოპერატიულობის, სასამართლოთა შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველსაყოფად, საქმე განსჯადობით განსახილველად არ უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და აცნობოს ამის შესახებ მოსარჩელეს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა განხორციელდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დავის თავისებურებების გათვალისწინებით. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულია განსჯადობის ზოგადი წესები და ამავე კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მისამართს წარმოადგენს თბილისი, ალ. ყაზბეგის №12. შესაბამისად, დავა, განსჯადობის საერთო წესის დაცვით, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი მისამართიც თბილისში მდებარეობს და დავის თბილისში გადაწყვეტა სასამართლოს უფრო ეფექტურ ხელმისაწვდომობასაც უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ნივთობრივ განსჯადობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნივთობრივი განსჯადობის წესი ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისას გამოიყენება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-715-711(გ-17), 2018 წლის 18 იანვრის განჩინება საქმეზე №ბს-629-625(გ-17), 2018 წლის 24 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-613-610(გ-17)). ამდენად, სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხის გათვალისწინებით, სადავო შემთხვევაში ნივთობრივი განსჯადობა გამოყენებული ვერ იქნება. შესაბამისად, საქმეზე რამდენიმე სასამართლოს განსჯადობა არ დასტურდება და მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლიდან გამომდინარე, განსჯადი სასამართლოს არჩევის შესაძლებლობა ამ შემთხვევაში არ აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე