Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-523(კ-20) 03 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა კ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2020წ. გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2020წ. გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 28.02.2019წ. გადაწყვეტილება და საბჭოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა კ. ნ-ის მიერ.

საკასაციო სასამართლოს 17.07.2020წ. განჩინებით კ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის, ასევე სსკ-ის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რომელშიც ასახული იქნებოდა საკასაციო მოთხოვნა და კასატორის დასაბუთებული პოზიცია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. საკასაციო პალატის 08.09.2020წ. განჩინებით კ. ნ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა 10 დღით და განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული განჩინება კასატორს პირადად ჩაბარდა 23.09.2020წ., რაც დასტურდება კ. ნ-ის ხელწერილით.

ხარვეზის გამოსწორებისთვის განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2020 წლის 05 ოქტომბერს 24 საათზე - ორშაბათს (ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის ბოლო დღე 03.10.2020წ. იყო შაბათი). კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, კ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2020წ. გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველი.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე