გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 46-კოლ 26 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),
მ. გოგელია
განიხილა ადვოკატების _ ხ. ხ-სა და ა. ტ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 1 თებერვლის განაჩენზე გ. ს-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 1 თებერვლის განაჩენით გ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2003წ. 20 ივნისიდან.
განაჩენით გ. ს-ს მსჯავრი დაედო კ. ი-ს განზრახ მკვლელობაში, რომელიც ჩაიდინა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. ს. იცნობდა გარდაცვლილ კ. იო-ს, ვინაიდან ეს უკანასკნელი არარეგისტრირებულ ცოლქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მის ცოლის დასთან _ მ. კ.-ჯ-სთან. მათ შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა გამწვავდა იმასთან დაკავშირებით, რომ მარინა კ.-ჯ-მ მის სახელზე ყალბად გადააფორმა დედის _ ლ. ყ-სა და ძმის _ გ. კ-ს სახელზე რიცხული ბინა და იგი დატვირთა იპოთეკის წესით. კ. ი. გ. ს-ს სთხოვდა მათ შორის ურთიერთობის გარკვევას და იმას, რომ ზეგავლენა მოეხდინა სიდედრ ლ. ყ-ზე, რათა ამ უკანასკნელს გამოძიებისათვის მიეცა მისთვის სასურველი ჩვენება.
2003წ. 21 აპრილს, დაახლოებით 13 საათსა და 15 წუთზე, გ. ს.E თავის მცირეწლოვან შვილებს აცილებდა სკოლიდან, რა დროსაც ... ქუჩაზე, სამების ეკლესიასთან, შეხვდა კ. ი-ს, რომელმაც დამამცირებელი სიტყვებით მიმართა, თუ რატომ არ ესალმებოდა. გ. ს-ს პასუხზე, რომ მასთან საქმე არ ჰქონდა, კ. ი-მ მას დაუწყო ლანძღვა-გინება და რევოლვერის ტიპის აირის ტაბელური იარაღის დემონსტრირება. საპასუხოდ გ. ს-აც ამოიღო თავისი ტაბელური იარაღი და ცდილობდა თავის დაცვას. ამ დღეს იქ მყოფი მოქალაქეების ჩარევით მათ შორის კონფლიქტი ამოიწურა. მეორე დღეს, 2003წ. 22 აპრილს, დაახლოებით 18 საათზე, კ. ი. კვლავ შეხვდა გ. ს-ს ე.წ. მრგვალ ბაღთან. მან აგდებითა და დამცინავი ტონით მოსთხოვა მას მის სიდედრთან ურთიერთობის მოწესრიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ანგარიშსწორებით. ამის შემდეგ გ. ს. მივიდა სიდედრის ბინაში, სადაც ელოდებოდა მეუღლე ქ. კ.Eდა მცირეწლოვანი შვილი. ამ დროს აქ იმყოფებოდა გამომძიებელი ა. ჩ., რომელიც მ. კ.-ჯ-ს მიერ ლ. ყ-სა და გ. კ-ს ბინის ყადაღად მის სახელზე გადაფორმების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით აწარმოებდა ლ. ყ-ს დაკითხვას. გამომძიებლის წასვლის შემდეგ გ. ს.E თავის ცოლ-შვილთან ერთად წამოვიდა სიდედრის ბინიდან. 19 საათსა და 45 წუთზე ... ქ. ¹9 სახლის წინ მას კვლავ დახვდა კ. ი., რომელმაც აბუჩად აგდებით გამოჰკითხა, თუ როგორ შეასრულა მისი დავალება. მათი საუბარი თანდათან გადაიზარდა ურთიერთშელაპარაკებაში, რა დროსაც კ. ი-მ გ. ს-ს საყელოში ჩაავლო ხელი და მოქაჩა. სიტუაციის განსამუხტავად მათ შუაში ჩადგა ქ. კ., რომელმაც კ. ი-ს მოუწოდა წესრიგისაკენ. ამ დროს კ. ი-მ ხელი გაარტყა ქ. კ-ს და მიანარცხა კედელს, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. კ. ი-ს საქციელზე შეეშინდა გ. ს-ს მცირეწლოვან შვილ ვ. ს-ს და ატირდა. გ. ს-მ, რომელიც იმყოფებოდა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო კ. ი-ს არაერთგზის მძიმე შეურაცხყოფითა და ძალადობით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი ტაბელური იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კ. ი-ს, რომელიც გარდაიცვალა.
საკასაციო საჩივრით დაზარალებულ კ. ი-ს წარმომადგენელი, ადვოკატი რ. ხ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში დაბრუნებას. ადვოკატი თვლის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა. იგი ეფუძნება გაყალბებულ და პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, ხ. მ-ს, ს. ს-ს, გ. ს-სა და მისი მეუღლის ცრუ ჩვენებებს, მოსამართლე გ. ტ-ს უკანონო დადგენილების საფუძველზე ჩატარებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას. ადვოკატის აზრით, წინასწარი გამოძიების დროს გ. ს-ს ქმედება უკანონოდ გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლიდან 111-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ის, რომ გ. ს-მ მკვლელობა თითქოს ჩაიდინა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, მოგონილია; შემთხვევის მომენტში კ. ი-ს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა გ. ს-სათვის არ მიუყენებია, იარაღი არ ამოუღია. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ მას იგი ქამარში აღმოაჩნდა საავადმყოფოში მიყვანისას. ამ ნაწილში ხ. მ-სა და ს. ს-ს ჩვენებები ყალბია, პირიქით, გ. ს-მ ხელი გაარტყა კ. ი-ს და იგი წააქცია, წაქცეულს კი ესროლა და მოკლა. გ. ს. მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ მოქმედებდა გააზრებულად, რაც გამორიცხავს უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენას და ა. შ.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ტ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას. ადვოკატი თვლის, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები და უკანონოდ ცნო გ. ს.Eდამნაშავედ სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რაც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებაა. ამდენად, მისი აზრით, განაჩენი გ. ს-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და, სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს.
პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ რ. ხ-მ და ა. ტ-მ მოითხოვეს თავიანთი საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება.
მსჯავრდებული გ. ს. დაეთანხმა ადვოკატ ა. ტ-ს მოთხოვნას.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ჯ. კ-მ მოითხოვა გ. ს-ს მიმართ განაჩენის გაუქმება და მისი სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში დაბრუნება. პროკურორმა აღნიშნა, რომ წინასწარი გამოძიების მიერ კ. ი-ს მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 108-ე მუხლით. ამავე ბრალდებით გ. ს. მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამომძიებელმა ქ. ფ-მ ორჯერ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. გამომძიებლის დადგენილებები ადვოკატმა გაასაჩივრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში. მოსამართლე გ. ტ-მ, მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, გამომძიებლის დადგენილებები სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით განიხილა ადვოკატის საჩივარი და დააკმაყოფილა _ გააუქმა გამომძიებლის დადგენილებები და დაავალა მას, დაენიშნა სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ კი მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა მკვლელობა ჩაიდინა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც საფუძველი გახდა გ. ს-ს ქმედების სსკ-ის 111-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებისა. პროკურორს მიაჩნია, რომ ვინაიდან წინასწარი გამოძიების დროს მსჯავრდებულის დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლას საფუძვლად დაედო მოსამართლე გ. ტ-ს უკანონო დადგენილების შესაბამისად ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გაიზიარა სასამართლომ, საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს ამ გარემოებას და იმსჯელოს განმეორებით სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. პროკურორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დაეფუძნა მოწმეების _ ხ. მ-სა და ს. ს-ს ჩვენებებს, რომლებიც სასამართლომ მიიჩნია დაუშვებელ მტკიცებულებად. პროკურორი თვლის, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას, მოითხოვოს განაჩენის გაუქმება და ბრალდების დამძიმების მოტივით გ. ს-ს სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება, ამიტომ სასამართლომ სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. საყვარელიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ს საკასაციო საჩივარი, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებას და გ. ს-ს მიმართ საქმის შეწყვეტას, არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან ერთად, პალატა ეთანხმება დაზარალებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ს საკასაციო საჩივარს, ასევე პროკურორ ჯ. კ-ს მოთხოვნას და თვლის, რომ განაჩენი გ. ს-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიას შემდეგი გარემოებების გამო: პალატა თვლის, რომ საქმის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გ. ს-ს მიმართ დადგენილ განაჩენს, დამატებით გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. სასამართლომ უნდა დაკითხოს მკვლელობის თვითმხილველი მოწმეები _ ქ. კ., ე. სა., ს. ს., ხ. მ., მ. ი., ზ. ი. და დ. ო. სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რამდენად საფუძვლიანია ქ. კ-ს, ე. ს-ს, ს. ს-ს, ხ. მ-ს ჩვენებები განაჩენით დადგენილ ვითარებაში გ. ს-ს მიერ მკვლელობის ჩადენის შესახებ. სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს მოწმეების _ მ. ი-ს, ხ. ი-სა და დ. ო-ს ჩვენებებს, რომლებიც უარყოფენ კ. ი-ს მხრიდან მსჯავრდებულისა და მისი ახლობლების მიმართ ძალადობისა და იარაღის გამოყენების მცდელობის ფაქტს. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ამ მოწმეთა დაპირისპირება. სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს კ. ი-ს მკვლელობის მოტივი, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს გ. ს-ს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის. როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი და სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად სადავოდ მიიჩნევენ სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც, მათი აზრით, ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიების დროს საფუძვლად დაედო გ. ს-ს ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 111-ე მუხლის პირველ ნაწილზე არასწორად გადაკვალიფიცირებას. ისინი თვლიან, რომ აღნიშნული ექსპერტიზა, გარდა იმისა, რომ ეფუძნება დაინტერესებულ პირთა, ასევე მოწმეების _ ხ. მ-სა და ს. ს-ს არასწორ ჩვენებებს, რომლებიც სასამართლომ ცნო დაუშვებელ მტკიცებულებად, დანიშნულ იქნა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, რამდენადაც საპროცესო კანონმდებლობით გამომძიებლის დადგენილება სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
პალატა თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან ერთად შეფასება უნდა მისცეს ამ გარემოებებს და იმსჯელოს განმეორებით სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და კვლავ დადგინდება, რომ მსჯავრდებულმა ქმდება ჩაიდინა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, სასამართლომ საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მას უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება. საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლო კოლეგიამ უნდა გამოიკვლიოს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის მოსაზრება გ. ს-ს ქმედების აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენის შესახებ; უნდა გაარკვიოს, რამდენად საფუძვლიანია მსჯავრდებულის განცხადება იმის თაობაზე, რომ მკვლელობა ჩაიდინა ძლიერი, სულიერი აღელვების მდგომარეობაში და იმის გამო, რომ თავი დაიცვა გარდაცვლილის მიერ განხორციელებული ძალადობის აღკვეთისა და მისი სიცოცხლის ხელყოფის დასაცავად.
ამდენად, პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლო კოლეგიამ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმესა და საკასაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება გ. ს-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაარკვიოს მისი, როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. თუ სასამართლო კოლეგია სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად დაასკვნის, რომ გ. ს-მ ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაუნიშნოს იმ ზომითა და სახით, რომელიც შეესაბამება ჩადენილ მართლასაწინააღმდეგო ქმედებასა და ბრალის ხარისხს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ ა. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ადვოკატ რ. ხ-ს საკასაციო საჩივარი და პროკურორ ჯ. კ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 1 თებერვლის განაჩენი გ. ს-ს მიმართ გაუქმდეს და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიას.
აღკვეთი ღონისძიება _ დაპატიმრება _ გ. ს-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.