Facebook Twitter

ბს-664 (კ-20) 02 ნოემბერი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-მა 19.09.2017წ. სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 10.08.2017წ. N... გადაწყვეტილების, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.09.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ვ. დ-ის (დაბ. ...წ., პ/ნ ...) დაბადების აქტის ჩანაწერიდან (N...) მამის მონაცემების ამოღების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თელავის რაიონული სასამართლოს 16.11.2017წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვ. დ-ი.

თელავის რაიონული სასამართლოს 28.02.2018წ. გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.09.2017წ. N... გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 10.08.2017წ. N... გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.2019წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა განცხადების განხილვას, არ გაითვალისწინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმსჯელოს იმის შესახებ, მოცემული გარემოებები იძლევა თუ არა დაბადების აქტის ჩანაწერში მამის გრაფიდან „გ. დ-ის“ მონაცემების ამოღებასა და მამის გრაფის ჩანაწერის გარეშე დატოვების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა კანონიერების პრინციპის განხორციელების გზით, კონკრეტულად, სზაკ-ის, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონისა და „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა. ი. ა-ის არასრულწლოვანი შვილის - ვ. დ-ის დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის დროს (09.03.2007წ.) მოქმედი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 27.7 მუხლის თანახმად, როცა ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას, თუ არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, ბავშვის მამის გვარად ჩაიწერება დედის გვარი, ხოლო ბავშვის მამის სახელი ჩაიწერება დედის მითითებით“, შესაბამისად ვ. დ-ის მიმართ დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია განხორციელდა რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ვინაიდან ვ. დ-ის დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის დროს თელავის სამსახურის მიერ არ იქნა დაშვებული შეცდომა და მამის მონაცემები (სახელი და გვარი) შეივსო იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ი. ა-ის მოთხოვნა, მისი არასრულწლოვანი შვილის დაბადების აქტის ჩანაწერიდან მამის გრაფაში მითითებული მონაცემების - „გ. დ-ის“ ამოღების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 10.08.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ვ. დ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში მამის მონაცემების შესწორების/ამოღების საფუძელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2020წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით 09.03.2007წ. რეგისტრირებული N... დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ვ. დ-ის დაბადების თარიღია ...წ., მშობლებად მითითებულია: მამა - გ. დ-ი (პირადი მონაცემების გარეშე), დედა - ი. დ-ი (დაბ. ...წ., პ/ნ ...), ბავშვის მამის მონაცემების მითითების საფუძველია დედის განცხადება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 09.09.2014წ. გაცემული N... ქორწინების მოწმობის თანახმად, ი. დ-ი 27.05.2014წ. დაქორწინდა ჰ. ა-ზე და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ცოლს - ი. დ-ს მიეკუთვნა გვარი - ა-. ი. ა-მა განცხადებით, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა შვილის, ვ. დ-ის დაბადების აქტის ჩანაწერიდან მამის - გ. დ-ის მონაცემების ამოღება და მამის გრაფის ჩანაწერის გარეშე დატოვება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის მოქმედ რედაქციაზე, რომლის 26.4 მუხლის მოხედვით, თუ ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები არ მიეთითება. მოცემულ შემთხვევაში ი. ა-ის მოთხოვნა არ უკავშირდება შვილის დაბადების სააქტო ჩანაწერში შეცდომის გასწორებას, რაზედაც აპელირებენ კასატორები, არამედ მისი იურიდიული ინტერესია დაბადების სააქტო ჩანაწერი შეესაბამებოდეს რეალურ მდგომარეობას და მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევს მამის გრაფის ჩანაწერის გარეშე დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერს. საქმის მასალებით, მათ შორის ი. ა-ის სააგენტოში წარდგენილი განცხადებითა და ადმინისტრაციული საჩივრით დგინდება, რომ ი. ა-ი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო მის არასრულწლოვან შვილს თურქეთში ცხოვრების უფლების მოპოვებასა და სწავლის გაგრძელებაში ხელს სწორედ დაბადების სააქტო ჩანაწერში დაფიქსირებული მამის მონაცემები უშლის, ვინაიდან მამის, რომლის საინდენტიფიკაციო მონაცემები არ არსებობს, თანხმობის მიღება შეუძლებელია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოებები, მით უფრო, რომ ბავშვთა უფლებათა კოდექსის 81.1 მუხლის მიხედვით ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამავე კოდექსის 24.1 მუხლის მიხედვით ბავშვს უფლება აქვს ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. მოცემულ შემთხვევაში ი. ა-ის ინტერესია არასრულწლოვანი შვილის დედასთან ერთად ცხოვრების უზრუნველყოფა, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი წარმოების ფარგლებში, დაბადების აქტის ჩანაწერში მამის გრაფიდან „გ. დ-ის“ მონაცემების ამოღება და მამის გრაფის ჩანაწერის გარეშე დატოვების შესაძლებლობა უნდა დაადგინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.2019წ. განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.08.2020წ. N38947 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე