Facebook Twitter

#ბს-946(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თელავის მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 26 თებერვალს ზ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 ოქტომბრის #1167 ბრძანებით თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა პროფესიულ მოხელეს და მათ შორის მოსარჩელეს, ეცნობათ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლების შესახებ, თუკი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლებელი იქნებოდა მობილობა. სარჩელის თანახმად, მოცემული ბრძანების გამოცემამდე თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიამ ზ. ლ-ი შეაფასა „საუკეთესოდ“. მოსარჩელის მითითებით, სადავო ბრძანებით მობილობის შეუძლებლობის გამო გაუქმებული მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ... ...ის ...ი - ... ... ...ის ...ი ზ. ლ-ი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 3 თვის სარგოს ოდენობით.

ამდენად, მოსარჩელემ მობილობის შეუძლებლობის გამო ზ. ლ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის #66 ბრძანების ბათილად ცნობა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ზ. ლ-ის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ... ...ის ...ის ...ის - ... ... ...ის ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და ზ. ლ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე, იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მობილობის შეუძლებლობის გამო ზ. ლ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის #66 ბრძანება; თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ზ. ლ-ის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის (ამჟამად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ... ... ...ის ...ის - ... ... ...ის ...ის) ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დაევალა; თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ზ. ლ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე, იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება დაევალა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით თელავის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამრთლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, განხორციელდა თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანება და ახალი მუნიციპალიტეტის შექმნა. ორივე მუნიციპალიტეტში არსებობდა შიდა აუდიტის სამსახური, სადაც დასაქმებული იყო ორი საჯარო მოხელე. გაერთიანების შედეგად კი, ჩამოყალიბდა ერთი შიდა აუდიტის სამსახური და შესაბამისად, განხორციელდა 2 საშტატო ერთეულის დაყვანა ერთ საშტატო ერთეულზე, სადაც საჯარო მოხელის შერჩევა განხორციელდა კომპეტენციების გათვალისწინებით. მოსარჩელის შერჩევა მისი კომპეტენციების გათვალისწინებით თელავის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის - სამსახურის უფროსის, ... ... ...ის ...ის თანამდებობაზე ვერ განხორციელდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ვაკანტური თანამდებობების მოსაძიებლად გაგზავნილ იქნა მიმართვები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში. შესაბამის დაწესებულებებში ვაკანსიის არარსებობის გამო, განხორციელდა ზ. ლ-ის მიმართ მოცემული ღონისძიებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თელავის მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, თუმცა საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმ ნაწილში, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის #987-IIს დადგენილების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი თელავი. ამასთან, მითითება მასზედ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, არ შეესაბამება თავად ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომ 2017 წლის ადგილობრივ თვითმმარველობაში განხორცილებელი ცვლილებების შედეგად მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბება, რომლის თანახმად, ჩამოყალიბდა თელავის მუნიციპალიტეტი.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 26.07.2017წ. საქართველოს ორგანული კანონის 2.3 მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულმა მუნიციპალიტეტების მერებმა/საკრებულოების თავმჯდომარეებმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველყონ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილ შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში. 2.4 მუხლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის დადგენილებით შექმნილი მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი თემების) საკრებულოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოქმედებს იმ თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა გაერთიანების შედეგადაც შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103.3 მუხლის თანახმად, შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 7.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონმა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, საჯარო სამსახურის სტაბილურობისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად შემოიტანა მობილობის ინსტიტუტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლით გაწერილია მობილობის პროცედურები.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტების შერწყმის შედეგად განსახორციელებელ მობილობის წესსა და პროცედურებს, მობილობის პროცესში მოხელეთა შეფასების მნიშვნელობასა და ტოლფას ვაკანტურ პოზიციაზე საუკეთესოს შერჩევის პრინციპის დაცვით სათანადო კანდიდატურის განსაზღვრის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ივნისის №ბს-139(4კ-19) გადაწყვეტილებით გაკეთებულ შეფასებებსა და განმარტებებზე და მოცემულ საქმეზე დადგენილი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მობილობის პროცედურის დარღვევით გამოსცა 2018 წლის 30 იანვრის #66 სადავო ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო ზ. ლ-ი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და კომპენსაციის გაცემის თაობაზე.

დადგენილია, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 15 აგვისტოს #1081 ბრძანებით ზ. ლ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამავე ბრძანებით დაინიშნა გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად, ხოლო 2017 წლის 29 ივნისის #641 ბრძანებით, 2016 წლის 15 აგვისტოს #1081 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, თანამდებობის დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: სამსახურის უფროსი - ... ... ...ის ...ი. თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის #66 სადავო ბრძანებით, მობილობის შეუძლებლობის გამო, გაუქმებული მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ... ...ის ...ი - ... ... ...ის ...ი ზ. ლ-ი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ასევე დადგენილია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის #13 განკარგულებით დამტკიცდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის #28 განკარგულებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის #13 განკარგულებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ შეტანილი იქნა ცვლილება დანართის შესაბამისად. აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა ორი განყოფილებით, სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა განისაზღვრა - ... ... ...ის ...ი, პირველი რანგი, ერთი საშტატო ერთეული.

თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 21 მარტის #377 ბრძანებით დადგენილია, რომ ... ... ...ის ...ის - პირველადი სტრუქტურურლი ერთეულის ხელმძღვანელის და ამავე სამსახურის აუდიტის განყოფილების უფროსის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული იქნა ღია კონკურსი.

ამდენად, დადგენილია, რომ ის თანამდებობა, რომელიც ეკავა მოსარჩელეს, არსებობს უწყებაში და მის დასაკავებლად ღია კონკურსი იქნა გამოცხადებული, რის გამოც დაუსაბუთებელია სადავო გადაწყვეტილება მოსარჩელის მობილობის შეუძლებლობის გამო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ. ასევე დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება დაკავებულ თანამდებობაზე ზ. ლ-ის კომპეტენციის და უნარ-ჩვევების არქონასთან დაკავშირებით, რამეთუ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგად ზ. ლ-ს მიეცა შეფასება - „საუკეთესო“, რაც საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის №417 დადგენილებით დამტკიცებული „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის“ მე-7 მუხლის თანახმად შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები. ამავე წესის 8.3 მუხლი კი ადგენს, რომ 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ზ. ლ-ისთვის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტში ტოლფასი თანამდებობის შეუთავაზებლობით და მასზე ღია კონკურსის გამოცხადებით, დაარღვია მობილობის წესი და პროცედურა, რის გამოც საფუძვლიანია წარმოდგენილი სარჩელი და მოსარჩელის მოთხოვნა მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თელავის მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე