Facebook Twitter

#ბს-446(2კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ბ-ისა და მ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 24 სექტემბერს ს. გ-მა სასარჩელო განცხადებებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 ოქტომბრის #328 ოქმის მე-15 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული 2008 წლის 3 ოქტომბრის #484 საკუთრების მოწმობის, 2008 წლის 10 ოქტომბრის #330 ოქმის 28-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული 2008 წლის 10 ოქტომბრის #649 საკუთრების მოწმობისა და 2008 წლის 12 ნოემბრის #333 ოქმის 24-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული #702 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.

სარჩელების თანახმად, მოსარჩელემ ქ. ...ში, ... 2005 წლის 9 სექტემბერს შეიძინა 2 საკარმიდამო მიწის ნაკვეთი; 1200 კვ.მ - ქ. გ-ისგან, 1800 კვ.მ - მ. ა-ასაგან. მოსარჩელემ 2014 წლის 19 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს და მის საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული რეგისტრაცია მოითხოვა. 2014 წლის 25 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდებოდა ზედდება ა. ბ-ის, მ. ფ-ის, გ. ბ-ისა და სამი სხვა პირის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან. სარჩელის თანახმად, ა. ბ-ის, მ. ფ-ისა და გ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მასალებით გამოირკვა, რომ მათი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობების საფუძველზე.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საკუთრების მოწმობების გაცემისას არ გამოიკვლია სრულყოფილად ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რამაც განაპირობა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის სხვის საკუთრებად რეგისტრაცია.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ბ-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ბ-ი, ა. ბ-ი და მ. ფ-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეული სარეგისტრაციო სამსახური.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ა. ბ-ის ნაწილში მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის აღიარების კომისიის 2008 წლის 3 ოქტომბრის #328 ოქმის მე-15 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება და 2008 წლის 3 ოქტომბრის #484 საკუთრების უფლების მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი მ. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის აღიარების კომისიის 2008 წლის 12 ნოემბრის #333 ოქმის 24-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება და 2008 წლის 12 ნოემბრის #702 საკუთრების უფლების მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი გ. ბ-ის ნაწილში მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის აღიარების კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის #330 ოქმის 28-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება და 2008 წლის 10 ოქტომბრის #649 საკუთრების უფლების მოწმობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ფ-მა და ა. ბ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მ. ფ-ისა და ა. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ-მა და მ. ფ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - ა. ბ-ის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი პრინციპები და ნორმები. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება სინამდვილეს და ყალბია. ისინი სინამდვილეს რომც შეესაბამებოდეს და არ არსებობდეს ეჭვი მოცემული დოკუმენტების უტყუარობაზე, სასამართლოს მაინც არ უნდა მიეღო მოცემული გადაწყვეტილება. კასატორის მითითებით, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება მის მიერ დარეგისტრირებული უძრავი ქონების იდენტური არ არის და არ დასტურდება ზედდება. კასატორის განმარტებით, მისი საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი ქრონოლოგიურად უფრო ადრეა გაცემული, ვიდრე მოსარჩელის მიერ მითითებული დოკუმენტები.

კასატორის - მ. ფ-ის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სპეციალისტის მიერ შედგენილი დასკვნა იმის თაობაზე, რომ იგი სწორედ იმ ადგილას ითხოვდა დაზუსტებული სახით საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მან დაირეგისტრირა 2005 წელს. კასატორი აღნიშნავს, რომ მას სადავო მიწის ნაკვეთში 15 წელია მოჰყავს სხვადასხვა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტები და დაახლოებით 20 წელია ფლობს მოცემულ მიწის ნაკვეთს. კასატორის მითითებით, სადავო აქტი მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილისა და 1 მაისის განჩინებებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ბ-ისა და მ. ფ-ის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ისა და მ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სადავო გახადა მესამე პირების ნაწილში მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებები და მათ საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობები იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ვერ ახორციელებდა მისი საკუთრების უფლების დაზუსტებული სახით რეგისტრაციას.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა მოსარჩელის განცხადებებთან დაკავშირებით 2014 წლის 25 აგვისტოს შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების, კერძოდ, ა. ბ-ის (ს/კ ...), მ. ფ-ისა (ს/კ ...) და გ. ბ-ის (ს/კ ...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში.

სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიჩნია მესამე პირთა სახელზე 2002 წელს გაცემული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები და მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობის რწმუნებულის მიერ 2008 წელს გაცემული ცნობები მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებად, ასევე აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ადმინისტრაციულმა ორგანომ მესამე პირთა სახელზე ისე გასცა საკუთრების უფლების მოწმობები, რომ სათანადოდ არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმეზე დადგენილი გარემოებები, მოცემული ფაქტის დასადგენად არ მოუპოვებია სხვა აუცილებელი მტკიცებულებები და დამატებით რაიმე დოკუმენტაცია. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ 2005 წლის 9 სექტემბერს ს. გ-სა და ქ. კ-ს შორის სანოტარო წესით დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ს. გ-მა ქ. გ-ისგან შეიძინა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. მარნეული, ...ის მიმდებარე ტერიტორია. ნასყიდობის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე აღირიცხა ს. გ-ი. ასევე დადგენილია, რომ 2005 წლის 9 სექტემბერს ს. გ-სა და მ. ა-ას შორის სანოტარო წესით დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ს. გ-მა მ. ა-ასგან შეიძინა 187 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. მარნეული, ...ის ქ. N.... ნასყიდობის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე აღირიცხა სამდე გუსეინოვი. თავის მხრივ, ქ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელდა 2005 წლის 7 სექტემბერს, ხოლო საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეულ იქნა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, რომლის თანახმად, ქ. კ-ს 1985 წლიდან ერიცხება 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 2003 წლის 2 თებერვლის #15 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე: მარნეული, ...თან გადაეცა გ. გ-ს. საჯარო რეესტრის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურში მ. ა-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია კი განხორციელდა 2005 წლის 7 სექტემბერს, ხოლო საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეულ იქნა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, რომლის თანახმად, ქ. კ-ს 1987 წლიდან ერიცხება 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 2003 წლის 25 თებერვლის #98 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მარნეულში, ...თან მდებარე 0,18 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა მ. ა-ას.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნული გარემოებები, რის გამოც სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა. ბ-ის საკასაციო საჩივარზე ლ. გ-ის მიერ 12.03.2019წ. საგადასახადო დავალებით, ხოლო მ. ფ-ის საკასაციო საჩივარზე 22.04.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა. ბ-სა (პ/ნ ...) და მ. ფ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ისა და მ. ფ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. ა. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. გ-ის მიერ 12.03.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. მ. ფ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.04.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე