#ბს-728(2კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 4 აგვისტოს დ. უ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1 თებერვლის #EL043594 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 აპრილის #9239 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (#12728/2/16 საჩივართან დაკავშირებით) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. უ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1 თებერვლის #EL043594 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 აპრილის #9239 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (#12728/2/16 საჩივართან დაკავშირებით).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მოსარჩელის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონულად შევსებისას, ტექნიკური ხარვეზის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 31 ნაწილის ნაცვლად მითითებულ იქნა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, თუმცა სანქცია სწორად იქნა გათვალისწინებული. მოცემული ხარვეზის გამოსწორების შემდგომ საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევების ელექტრონულ ბაზაში დაკორექტირდა აღნიშნული ოქმი და მე-6 გრაფაში მიეთითა საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 31 ნაწილი. კასატორის მითითებით, მოსარჩელე არ უარყოფდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, სადავოდ არ ხდიდა არც ერთ ფაქტობრივ გარემოებას და განმარტავდა, რომ აღნიშნული მოხდა გაუცნობიერებლად და მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული განზრახვის გარეშე.
კასატორის მითითებით, კანონმდებელმა ერთმანეთისგან განასხვავა წერილობითი და ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმები, შესაბამისად, განსხვავებულია მათი როგორც შედგენის, ასევე გაუქმება/კორექტირების წესიც. კასატორი აღნიშნავს, რომ მხოლოდ წერილობით შედგენილი ოქმის გადახაზვა/კორექტირებაა შეუძლებელი, რა დროსაც უნდა შედგეს ახალი ოქმი. კასატორის განმარტებით, კანონმდებელს არ დაუდგენია მსგავსი მოთხოვნა/პროცედურა ელექტრონული ფორმით შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის მიმართ.
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, საგადასახადო ორგანოს მხრიდან კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა ოქმში ცვლილების შეტანა, შესაბამისად, კანონიერია სადავო აქტები და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს რომ მიეჩნია მოცემული ქმედება დარღვევად, უნდა ემსჯელა იყო თუ არა ის იმ სახის დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, 2016 წლის პირველ თებერვალს დ. უ-ს მიმართ შედგენილ იქნა #EL043591, #EL043594 და #EL043595 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და #010517 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. #EL043594 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებამ, სახელმწიფო ნომრით - ..., დანიშნულების საბაჟო ორგანოში მისვლამდე მოახდინა იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა, რითაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი და აღნიშნული მუხლის საფუძველზე, დ. უ-ს განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი 289-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საყურადღებოა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის 2016 წლის 1 თებერვლის #EL043594 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სადაც პირის დაჯარიმების საფუძვლად მითითებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი, გადახაზულია და გაკეთებულია აღნიშვნა, რომ იგი დაკორექტირდა. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დ. უ-ს მიმართ შედგენილ იქნა ახალი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ სატრანსპორტო საშუალებამ, სახელმწიფო ნომრით - ..., დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მისვლამდე მოახდინა იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის განკარგვა, რითაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 31 ნაწილი და აღნიშნული მუხლის საფუძველზე დ. უ-ს განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ახალი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თარიღად მითითებულია 2016 წლის 1 თებერვალი, ხოლო ოქმის სერიად - #EL043594.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი 289-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ თავდაპირველ ოქმში ცვლილების შეტანა უნდა მომხდარიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც, აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით. მოცემულ ვითარებაში უნდა მომხდარიყო ცვლილების შეტანის შესახებ ახალი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, რომელსაც ვერ ექნებოდა თავდაპირველი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის რეკვიზიტები. განსახილველ შემთხვევაში კი, მოხდა ოქმის გადახაზვა, რაც ვერ მიიჩნევა ოქმში ცვლილების შეტანად, რადგან შედეგად სახეზეა ორი სამართალდარღვევის ოქმი, ერთი და იმავე გამოცემის თარიღითა და ნომრის მითითებით, რის გამოც დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილი ზემოაღნიშნული წესი. ასევე საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში ახალ ოქმში შეცვლილია არა მხოლოდ შესაბამისი ნორმა, არამედ სამართალდარღვევის შინაარსიც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე