#ბს-692(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 29 მარტს ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ...ოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ...ოს რაიონული სასამართლოს მიმართ.
მოსარჩელემ ...ოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 მარტის #28/თ ბრძანებით ნ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტზე ...ოს რაიონული სასამართლოს მხრიდან ნ. კ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და ...ოს რაიონული სასამართლოსთვის ნ. კ-ის სასარგებლოდ მისი სამსახურიდან დისკრიმინაციული გათავისუფლების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის 1 (ერთი) ლარის ოდენობით ანაზრაურების დაკისრება, ასევე ...ოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 27 თებერვლის #26/თ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (რომლითაც ნ. კ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა საყვედური), ნ. კ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის - სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების თაობაზე ...ოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 მარტის #28/თ ბრძანების ბათილად ცნობა, ...ოს რაიონული სასამართლოსთვის უკანონოდ გათავისუფლებული ნ. კ-ის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენის დავალება ...ოს რაიონული სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე, ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში - ტოლფას თანამდებობაზე და ...ოს რაიონული სასამართლოსთვის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ნ. კ-ის სასარგებლოდ 2018 წლის თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის მანძილზე თითოეულ თვეზე 680 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, ნ. კ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის დისციპლინურ გადაცდომას ან დარღვევას. მოსარჩელის მოსაზრებით, მის სამსახურიდან გათავისუფლებას აქვს ფარული დისკრიმინაციული მოტივი მისი ორსულობის გამო.
მოცემული საქმე, კანონით დადგენილი წესით, განსახილველად გადაეცა ...ის რაიონულ სასამართლოს.
...ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
...ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ...ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ დავაში მოსარჩელე აცხადებს, რომ იგი სამსახურიდან დაითხოვეს ორსულობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე ორსულობის მოტივით განსხვავებული მოპყრობა ფართო გაგებით სქესის ნიშნით დისკრიმინაციად განიხილება. ორსულობა, როგორც აღქმითი დისკრიმინაციის სახე, აშკარა გამონაკლისია, რომელსაც კომპარატორი არ სჭირდება (იხ. Dekker v. Stichting Vormingscentrum voor Jong Volwasenen plus). თუმცა, ამ შემთხვევაში, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის, რაიმე შეზღუდვა ან განსხვავებული წესი მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ასევე სააპელაციო საჩივარშიც განმარტავს, რომ ორსულობის გამო იგი იქნებოდა სასამართლოსთვის ტვირთი, შვებულებაში გასვლის შემთხვევაში სასამართლოს მოუწევდა სხვა თანამშრომლის აყვანა და შესაბამისად ხარჯის გაღება, თუმცა პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის აღნიშნული მსჯელობა წარმოადგენს კონკრეტულად მის მოსაზრებას, ვარაუდს და რაიმე ობიექტურ გარემოებაზე და შესაბამის მტკიცებულებაზე, რომელთა ინდივიდუალური ან ერთობლივი ანალიზი სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დაედგინა დისკრიმინაციის ფაქტი, მის მიერ მითითებული და წარმოდგენილი არც საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის და არც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე არ ყოფილა. მხარემ სასამართლოს ვერ მიუთითა კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც სასამართლოს სხვა თანამშრომლის ან თავმჯდომარის პირდაპირ ან ირიბ პოზიციაზე მისი ორსულობის ფაქტის მიუღებლობასთან დაკავშირებით დაარწმუნებდა. მხარემ ვერ მიუთითა რაიმე გარემოება, რომელიც მოპასუხის მხრიდან მისი ორსულობის ნეგატიურ აღქმას შეიცავდა. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის იმ განმარტებაზე, რომ მან ყოველთვის ისარგებლა შვებულებით, როცა სურდა და არავის მისთვის რაიმე დაბრკოლება არ შეუქმნია.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ...ოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 27 თებერვლის #26/თ ბრძანებით, ...ოს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტს - ... რანგის ... კატეგორიის ... ნ. კ-ეს, 2017 წლის 21 დეკემბერს გამოვლენილი მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც გამოიხატა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა საყვედური, ხოლო 2018 წლის 6 მარტის #28/თ ბრძანებით - 2017 წლის 20 ოქტომბერს შემოსულ განცხადებასთან მიმართებით, მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც გამოხატა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა - სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო საქმისწარმოების წესების დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალისა და სააღრიცხვო - სტატისტიკური ბარათების წარმოებას, როგორც მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობაში, შეეფარდა საყვედური.
პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს 16.00 საათზე კანცელარიაში შევიდა გ. მ-ის ადვოკატ შ. ბ-ის განცხადება მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ ოქმის წარმოდგენის თაობაზე. კანცელარიის სპეციალისტმა ნ. კ-ემ მიიღო განცხადება, გაატარა რეგისტრაციაში და ისე, რომ არ ყოფილა სასამართლოს თავმჯდომარისათვის გადაცემული და მისი რეზოლუციით განსაზღვრული პირი, გადასცა მოსამართლის თანაშემწე ქ. მ-ს. მას შემდეგ, რაც კანცელარიის სპეციალისტმა ნ. კ-ემ მოსამართლის თანაშემწე ქ. მ-ს გადასცა განცხადება მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ ოქმის წარმოდგენის თაობაზე, შესაბამის ჟურნალში ხელის მოწერით არ დაადასტურებინა განცხადების გადაცემის ფაქტი და ამასთან, ასეთი ხელმოწერის განუხორციელებლობის მიზეზის შესახებ შენიშვნის სახით ინფორმაცია არ შეიტანა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდებულ გ. მ-ის ადვოკატ შ. ბ-ის მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ ოქმის წარმოდგენასთან დაკავშირებით, განცხადების კანცელარიაში შემოსვლის დროს (2017 წლის 1 დეკემბერი), სისხლის სამართლის საქმე ...ოს რაიონული სასამართლოს კანცელარიაში არ იყო შემოსული. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის შემოსვლის შემდეგ, წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2017 წლის 11 დეკემბერს, საქმეში არ მოიპოვებოდა გ. მ-ის ადვოკატ შ. ბ-ის განცხადება მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ, რამაც სხდომის გადადება და შესაბამისად წინასასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საკითებისა და შუამდგომლობების განხილვის გადადება გამოიწვია. პალატის მითითებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული განცხადება მოძიებული იქნა მოგვიანებით, 2017 წლის 21 დეკემბერს თანაშემწე ქ. მ-ს მიერ, რითაც აცილებული იქნა მძიმე შედეგი, რასაც შესაძლებელია გამოეწვია ბრალდებულის ინტერესების დაზიანება.
აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით, პალატა დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის გარემოება, რომ ნ. კ-ემ განზრახ არ შეასრულა 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულებით დამტკიცებული „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესი, რაც წარმოადგენდა მძიმე დისციპლინურ გადაცდომას და შეესაბამებოდა ...ოს რაიონული სასამართლოს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დასკვნას ნ. კ-ის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად საყვედურის გამოყენებასთან დაკავშირებით.
პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი გარემოებები: 2017 წლის 20 ოქტომბერს 11 საათსა და 10 წუთზე ...ოს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტმა ნ. კ-ემ შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში დაარეგისტრირა გ. პ-ის ადვოკატ თ. დ-ის განცხადება სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოთხოვის შესახებ. ნ. კ-ემ დამატებით ინფორმაცია განცხადების განაწილების, შემსრულებელი პირის, შესრულების ან სხვა გარემოების შესახებ სარეგისტრაციო ჟურნალში არ აღნიშნა. განცხადებით მოთხოვნილი განაჩენი არ გადასცა განმცხადებელს. განცხადება ვერ იქნა მოძიებული სასამართლოში.
2017 წლის 15 ნოემბერს სასამართლოს სპეციალისტმა ნ. კ-ემ ... ინდექსით გაატარა მარნეულის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრების შეფარდების შესახებ, თუმცა ჟურნალში არ გააკეთა აღნიშვნა შუამდგომლობის შემოსვლის ფაქტიური მიღების დრო.
ნ. კ-ემ 2017 წლის 20 ნოემბერს 11 საათსა და 05 წუთზე დაარეგისტრირა შ.პ.ს. ...ის სამოქალაქო სარჩელი, ხოლო 11 საათსა და 10 წუთზე ...ის სამოქალაქო სარჩელი, შემდგომში ორივე გადახაზა და დოკუმენტის შემოსვლის თარიღის გრაფაში გააკეთა ჩანაწერი „ხარვეზი“. შესრულებული ჩანაწერიდან არ ირკვევა როდის და რა მიზნით მოხდა აღნიშნული რეგისტრაციების გადახაზვა და რა იყო ამის მიზეზი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს 16 საათსა და 40 წუთზე შემოსულ განცხადებას მინიჭებული აქვს ინდექსი .... აღნიშნულ განცხადებას, რიგითობით მოყვება ... ინდექსით რეგისტრირებული სხვა განცხადება, რომელიც შემოვიდა უფრო ადრე - 10 საათსა და 45 წუთზე. სარეგისტრაციო ჟურნალში აღნიშნული უზუსტობის გამომწვევი გარემოების შესახებ შენიშვნა არ არის მითითებული.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 5 დეკემბერს სასამართლოს სპეციალისტმა ნ. კ-ემ 18 საათსა და 52 წუთზე და 18 საათსა და 55 წუთზე ... და ... ინდექსით შემოსული ფოსტის ჟურნალში დაარეგისტრირა საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შესახებ შუამდგომლობები, თუმცა ჩანაწერი არ შეიცავს ინფორმაციას დოკუმენტის შინაარსისა და შემოსულ ფურცელთა რაოდენობის შესახებ. არ ირკვევა შუამდგომლობის შინაარსი. ასევე არ არის მითითებული ვის გადაეცა და არ არის მიმღები პირის შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული.
შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალის შემოწმებისას დადგინდა, რომ ჟურნალში რიგ შემთხვევებში არ არის მითითებული პირი, თუ ვის დაეწერა შემოსული კორესპონდენცია. არ არის მითითებული შემოსული ფოსტის შემსრულებელი პირის შესახებ და ამ პირზე გადაცემის დამადასტურებელი ჩანაწერი. არ არის დამოწმებული სათანადო ხელმოწერით მისი ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ.
საქმეთა სააღრიცხვო სტატისტიკურ ბარათებზე არ არის ასახული საქმის მიმდინარეობის ეტაპები. სამოქალაქო საქმეზე ... არ არის მითითებული საქმის ექსპერტიზაზე გაგზავნის შესახებ, ხოლო სამოქალაქო საქმის ... სტატისტიკურ ბარათზე საქმე აღრიცხულია როგორც ადმინისტრაციული კატეგორიის საქმე, მაშინ როდესაც იგი სამოქალაქოა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებების ერთობლიობით საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ნ. კ-ემ განზრახ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და დაარღვია 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულებით დამტკიცებული „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესი, დადგენილ ვადაში არ გადასცა და მოგვიანებითაც ვერ მოიძებნა მოთხოვნილი განცხადება, რამაც მოპასუხის - ...ოს რაიონული სასამართლოს რეპუტაციას შეუქმნა საფრთხე და ზიანი მიაყენა განცხადების ავტორის ინტერესებს. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, რაც შეესაბამება ...ოს რაიონული სასამართლოს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 1 მარტის დასკვნას ნ. კ-ის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად 2017 წლის 20 ოქტომბერს შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებასთან დაკავშირებით. პალატის მითითებით, ნ. კ-ე ასევე დებულების მოთხოვნათა დარღვევით აწარმოებდა საკანცელარიო საქმიანობას და ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა 2018 წლის 1 მარტის დასკვნა - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად „საყვედურის“ შეფარდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ მართალია სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, თუმცა არასწორად განმარტა იგი, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა განმარტებული და შესაბამისად გადანაწილებული მტკიცების ტვირთი დისკრიმინაციის საქმეზე. კასატორის მოსაზრებით, იგი წარმოადგენდა არასასურველ/მიუღებელ კადრს მისი ორსულობის გამო და მის მიმართ არსებობდა მტრული დამოკიდებულება დამსაქმებლის მხრიდან, რასაც ადასტურებდა საქმის მიმდინარეობა - მის მიმართ ჩატარებული დისციპლინური წარმოების პროცედურა. ამასთან, კასატორის მითითებით, საქმეში სხვა პირთა მიმართ უფრო ნაკლები ხარისხისა და ინტენსივობის დისციპლინური სახდელის დაკისრება დისკრიმინაციული მოტივის არსებობის დასაბუთებულ ვარაუდს ქმნიდა.
კასატორი ასევე არ ეთანხმება დისციპლინური წარმოების პროცესში მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილებას, რაც მისი მითითებით, სასამართლოს მხრიდან შეფასების მიღმა დარჩა.
გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, პრობლემურია, რომ მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხზე მსჯელობისას არასწორად განმარტა ბრალეულობის პრინციპი, რამდენადაც ნ. კ-ის მხრიდან დარღვევის ჩადენის უტყუარად დაუდგენლობის გარეშე კანონიერად მიიჩნია მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება. კასატორის მითითებით, მოცემული საკითხის გამოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოს უნდა შეეფასებინა მისი ბრალეულობის, ასევე პასუხისმგებლობის ადეკვატურობისა და პროპორციულობის საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის დისციპლინური გადაცდომების გამო საყვედურის გამოცხადებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ...ოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე უკავშირებს მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციას ორსულობის ნიშნით, და იმავდროულად, მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას და ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ნ. კ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას, რამეთუ აღნიშნული ფაქტის დადგენა ავტომატურად გადაწყვეტს ნ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ ბედს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლით, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მიერ მხოლოდ ორსულობის ფაქტის მითითება ვერ გამოდგება საკმარის საფუძვლად, რათა სასამართლომ ირწმუნოს და დადგენილად მიიჩნიოს ის გარემოება, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დისკრიმინაცია დაედო. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გაეზიარებინა მტკიცება მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ. მხარემ ვერ მიუთითა რაიმე გარემოება, რომელიც მოპასუხის მხრიდან მისი ორსულობის ნეგატიურ აღქმას შეიცავდა.
მოსარჩელის აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდებოდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები ადასტურებს ნ. კ-ის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაერთგზის შეუსრულებლობას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია მოსარჩელის საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება, საქმის არაჯეროვანი შესრულება, რაც ზიანს აყენებდა ...ოს რაიონული სასამართლოს მიზანს და მესამე პირთა ინტერესს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მტკიცების ტვირთის არასწორ გადანაწილებაზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით, გადაწონა და გააბათილა მოპასუხის მიერ მითითებულმა და საქმეზე დადგენილმა გარემოებებმა, რაც გამოიხატებოდა მოსარჩელის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების არაერთგზის შეუსრულებლობაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო სამსახურისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. ამასთანავე, დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს; ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას. ამავე კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, ხოლო 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახამდ, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი გარემოებების ერთობლიობით დასტურდება, რომ ნ. კ-ე არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და დარღვეულია 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულებით დამტკიცებული „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესი, რამაც მოპასუხის - ...ოს რაიონული სასამართლოს რეპუტაციას შეუქმნა საფრთხე და ზიანი მიაყენა მესამე პირთა ინტერესებს, რაც წარმოადგენდა მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, შესაბამისად, ნ. კ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაშია მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან, პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით. საქმეზე არ დასტურდება ნ. კ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შეუსაბამობა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების სიმძიმესთან.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილი გარემოებების განვითარების ქრონოლოგიაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ნ. კ-ის მიმართ დისციპლინური წარმოების უსაფუძვლოდ დაწყებას, არამედ, საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი და შესაბამისად, განვლილი პერიოდის საქმიანობის გადამოწმება გამოიწვია კონკრეტული დარღვევების გამოვლენამ.
დისციპლინური წარმოების დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მხრიდან სადავოდ არ არის ქცეული შესაბამისი ბრძანებები მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება ამ კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში; ხოლო 99-ე მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი უფლებამოსილია დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხის მიერ ნ. კ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, ხოლო მოსარჩელის დისციპლინური გადაცდომების გამო საყვედურის გამოცხადებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ...ოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე