#ბს-445(2კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 24 აპრილს ი. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 20 მაისის #000675 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 21 მარტის #1-651 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა #000675 მითითება, ხოლო 2016 წლის 22 იანვარს - #000675 შემოწმების აქტი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის. 2016 წლის 7 მარტს და 20 მაისს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა საქმის განხილვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა არ გაითვალისწინა სხდომაზე დაფიქსირებული განმარტებები და 2016 წლის 20 მაისს მიიღო დადგენილება მისი 10 000 ლარით დაჯარიმებისა და კაპიტალური ღობის დემონტაჟის თაობაზე. აღნიშნული დადგენილება გასაჩივრებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 21 მარტის #1-651 ბრძანებით იგი ძალაში იქნა დატოვებული. მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „ი. თ-ის წარმომადგენლის - ი. დ-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 21 მარტის #1-651 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 20 მაისის #000675 დადგენილება და მასვე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, მოსარჩელის - ი. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯიდან 200 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და 2018 წლის 6 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და 2018 წლის 6 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ი. თ-ი დაჯარიმდა არა, როგორც მშენებლობის მწარმოებელი პირი, არამედ, როგორც მესაკუთრე. ამასთან, 2005 წლის ორთოფოტოზე ფიქსირდება მხოლოდ ერთი ღობე, ხოლო 2010 წლის ორთოფოტოზე - მეორე ღობეც, რომელიც წარმოადგენს ი. თ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემომსაზღვრელი ღობის ნაწილს და რომლის მიმართაც მას გააჩნია ინტერესი. კასატორის მითითებით, აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მხარემ 2016 წლის 2 მარტს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული ღობის ლეგალიზება, რაც ამავე სამსახურის მიერ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მითითება და შემოწმების აქტი შედგა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ღობის უნებართვო მშენებლობისთვის, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნა როგორც კერძო საკუთრებაში, ისე სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობისთვის, კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტორი არ შეიძლება გახდეს სადავო დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, 2005 წლის და 2007 წლის ორთოფოტოებს შორის დიდი განსხვავებაა. კერძოდ, 2005 წლის მდგომარეობით, ღობის მხოლოდ საძირკველი და ნანგრევებია, ხოლო 2007 წლის ორთოფოტოთი ღობის ხაზი გაცილებით მუქია. კასატორის მითითებით, მის საკასაციო საჩივარს ამყარებს არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 მარტის ბრძანება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 21 აპრილის #01/458 ბრძანებასა და 2009 წლის 21 აპრილის #ნ/452–1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაზე თანდართული დოკუმენტებით და #AR1383205 განცხადებით წარდგენილი დოკუმენტების ურთიერთშედარებისა და ანალიზის შედეგად, დადგენილია, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილი უნებართვოდ აშენებული ღობე 2009 წლის 21 აპრილს ანუ #01/458 ბრძანების და #ნ/452–1 მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისას მოწყობილი არ იყო ე.ი. არ არსებობდა და აქედან გამომდინარე, მისი ლეგალიზება ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის #660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში ასახულ ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, „წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ“ ანუ ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებისათვის აუცილებელი პირობაა, მშენებლობის უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყება, მშენებლობის 2007 წლის 1 იანვრამდე დასრულება და დადასტურება, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ი. თ-ის მიმართ 2015 წლის 22 ოქტომბერს შედგენილ იქნა #000675 მითითება, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, სოფ. ...ში, ნაკვ. #..., მოქალაქე ი. თ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია კაპიტალური ღობე, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 იანვარს შედგენილ იქნა #000675 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ი. თ-ის მიერ არ იქნა შესრულებული 2015 წლის 22 ოქტომბრის #000675 მითითების პირობები.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 20 მაისის #000675 დადგენილება, რომლითაც მოსარჩელე დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, სოფ. ...ში, ს/კ ...-ში უნებართვოდ აშენებული (განთავსებული) კაპიტალური ღობის მშენებლობისთვის, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებსა (ს/კ: #..., #..., #..., #...) და სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამავე დადგენილებით მასვე დაევალა უნებართვოდ აშენებული (განთავსებული) კაპიტალური ღობის დემონტაჟი. მოცემული დავის ფარგლებში ასევე გასაჩივრებულია ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 21 მარტის #1-651 ბრძანება.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლზე მითითებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომლის თანახმად, ი. თ-ის მეუღლემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთი შეიძინა 2008 წელს. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის - www.tas.ge-ს საშუალებით კი ირკვევა, რომ აღნიშნული ღობე უკვე არსებობდა ჯერ კიდევ 2005 წელს, იგი შემოსაზღვრავდა და არსებული მდგომარეობითაც შემოსაზღვრავს ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს ((იხ. 2005-2014 წლის ორთოფოტოები) როგორც სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლებმა განმარტეს, სწორედ ღობის აღნიშნული ნაწილი გადადიოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად არ დგინდება მითითებული ღობის ამშენებელი პირი და როდესაც ღობის აღნიშნული ნაწილი, მოქცეულია ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ფარგლებში, გაუგებარია, რის საფუძველზე იქნა დაჯარიმებული ი. თ-ი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული ღობისათვის.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მიერ ღობის ლეგალიზების მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სამშენებლო საქმიანობა განხორციელებულია ი. თ-ის მიერ ან/და ობიექტი სრულად განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს მოცემული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამასთან საყურადღებოა, რომ მითითება და შემოწმების აქტი შედგა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ღობის უნებართვოდ მშენებლობისათვის, ხოლო ი. თ-ის დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღება მოხდა, როგორც კერძო საკუთრებაში, ასევე სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობისათვის, რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე