Facebook Twitter

საქმე №ბს-354(კს-20) 21 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ს. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

მესამე პირები - სს „...ი“ (სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით); ა. ქ-ი (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება

დავის საგანი - სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 3 ოქტომბერს ს. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 25 ნოემბრის №...გადაწყვეტილებისა და ს. მ-ის რეგისტრაციიდან მოხსნის ნაწილში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახურის 2012 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით ს. მ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების - 2008 წლის 20 ნოემბრის №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება; მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა - 2008 წლის 25 ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ქ-ი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „ბ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს, ს. მ-ეს მიეცეს 07 (შვიდი) დღიანი ვადა, რათა წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - 150 ლარის ოდენობით (დედნის სახით).

2016 წლის 27 ივნისს ს. მ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარედგინა განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადება და სახელმწიფო ბაჟის -150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება. ამავე განჩინების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით კასატორს - ს. მ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის შემოტანის დროისთვის მოქმედი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ამონაწერის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა საარსებო შემწეობის მიღება ან სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. კასატორს განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ს. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი.

ს. მ-ემ 2019 წლის 14 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი იყო სოციალურად დაუცველობის დოკუმენტი, რომელიც კანონის თანახმად, წარმოადგენდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს, მაგრამ მოსამართლემ მაინც გადაახდევინა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, რის გამოც განცხადებელმა მოითხოვა გადახდილი ბაჟის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით ს. მ-ის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის თაობაზე, გაშვებული კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს. მ-ის განცხადება სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებასთან დაკავშირებით, განხილული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეს მიაჩნდა, რომ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი (სსსკ 261-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი, მხარეს ჩაბარებული აქვს 2018 წლის 27 ივნისს, ხოლო განცხადება სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებასთან დაკავშირებით, წარდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ს. მ-ის მიერ დარღვეულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 7 - დღიანი ვადა, ანუ ის ვადა, რა ვადაშიც უნდა მოეთხოვა მხარეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

პალატამ განმარტა, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერაა განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსი თუ კანონის მიერ), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსთვის, ასევე მხარეებისთვის. ამასთანავე, საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. აღსანიშნავის, რომ კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლოა გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით, ან საკუთარი ინიციატივით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოითხოვოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, ასევე შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, განცხადების ავტორის, ს. მ-ის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული კანონისმიერ ვადაში, ანუ მხარემ არ წარადგინა განცხადება სასამართლო ხარჯების გადაწყვეტასთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს. მ-ის განცხადება დარჩა განუხილველი.

სასამართლომ ყურადღება დამატებით გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ს. მ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 27 მაისს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით. მხარის მიერ წარდგენილ იქნა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლის საფუძველზეც სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამასთან, აპელანტს არც სასამართლოს სხდომაზე არ დაუფიქსირებია შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ასევე, განცხადებაში, რომელსაც თან ერთვოდა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან (მიღებული თანხების აღნიშვნის გარეშე), არ იყო დაფიქსირებული მოთხოვნა ბაჟის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო საჩივარზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილ იქნა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით, რომლის შეუსრულებლობის გამო (წარდგენილი არ იქნა არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და არც იმ პერიოდის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან) საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. მ-ემ. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე იშუამდგომლა მისი კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით ს. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება ს. მ-ის მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით. სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის (სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით) შეუვსებლობის გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მისი განცხადება სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის დაბრუნების შესახებ, დატოვა განუხილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გაშვების გამო.

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ შეცდომით გადაახდევინა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, ხოლო საკასაციო პალატამ უკანონოდ მოთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საკასაციო საჩივარზე, რის გამოც სასამართლოები ამჟამად ცდილობენ დაფარონ თავიანთი ბრალი.

ს. მ-ე აღნიშნავს, რომ საქმეში დევს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტური მტკიცებულება - ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც ადასტურებს, რომ იგი საქართველოს კანონის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით ს. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში; კერძო საჩივრის ავტორის - ს. მ-ის შუამდგომლობა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კერძო საჩივრის განხილვის წესი განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის დაბრუნების შესახებ მის მიერ წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვებას. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე მის მიერ წარდგენილ იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტური მტკიცებულება - ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი საქართველოს კანონის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ს. მ-ემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 7 - დღიანი ვადის დარღვევით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ განცხადებით, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, მის მოთხოვნას სწორედ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმს, როდესაც მართალია, მხარემ მოითხოვა ხარჯების დაბრუნება სასამართლოსგან, მაგრამ სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. აღნიშნული მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი (1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ხარვეზის შევსების ერთ-ერთ საშუალებას, მაშინ, როდესაც სასამართლოს არ გადაუწყვეტია რომელიმე მოთხოვნის, უფლების ან სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი, მას აქვს შესაძლებლობა თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით აღმოფხვრას გადაწყვეტილების ხარვეზი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში, მაგრამ აღნიშნული დანაწესის თანახმად, ძირითადი გადაწყვეტილების გამოცხადებას უნდა ესწრებოდეს მხარე. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებიან მხარეები ან არ ესწრება ერთ-ერთი საპროცესო სუბიექტი, მაშინ 7 - დღიანი ვადის დენა ამ სუბიექტის მიმართ უნდა დაიწყოს იმ დღიდან, როდესაც მას ჩაბარდა მოტივირებული დასაბუთებული გადაწყვეტილება/განჩინება. კანონმდებლობით განსაზღვრული 7 - დღიანი ვადა აღმკვეთი ხასიათისაა და ამ ვადი გაგრძელება არ დაიშვება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი ვადის ათვლას უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამოცხადება გულისხმობს, როგორც დასაბუთებულ, ასევე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2017 წლის 7 ნოემბერს, რომელსაც არ ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორი, თუმცა, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რაც ნათლად ადასტურებს 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების დარღვევას.

ამგვარად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ს. მ-ის განცხადების განუხილველად დატოვების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმალური საფუძვლის არსებობის შესახებ და კერძო საჩივარში მითითებულ საფუძვლებზე დამატებით განმარტავს შემდეგს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან იმ მხარეების გათავისუფლებას, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. ს. მ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობის, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლები იყო – განისაზღვრებოდა 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა იყო 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლები იყო 57001 ქულაზე – განისაზღვრებოდა 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა იყო 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლები იყო 60001 ქულაზე – განისაზღვრებოდა 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა იყო 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლები იყო 65001 ქულაზე – განისაზღვრებოდა 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლები იყო – საარსებო შემწეობა განისაზღვრებოდა 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. იმავე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობა ინიშნებოდა უფლების წარმოშობის თვიდან, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ამავე დროს, მე-9 მუხლის 11 თანახმად, სააგენტოს მიერ საარსებო შემწეობის ოდენობის გადაანგარიშება განხორციელდებოდა ავტომატურად კანონმდებლობით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ს. მ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2016 წლის 13 მაისს, რომელზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადასახდელად. 2016 წლის 27 ივნისს ს. მ-ემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადება და 2016 წლის 24 ივნისის სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე 2017 წლის 6 ივნისს ს. მ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივარზე დართვის მიზნით წარადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი და მინდობილობა. საქმეში დაცული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ 2016 წლის 10 ოქტომბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ ს. მ-ის ოჯახი - საიდენტიფიკაციო №..., შედგება ერთი წევრისგან და 2016 წლის 12 ივლისს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე 2016 წლის 16 აგვისტოს ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 76720, რაც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული რეგულაციის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე არ წარმოადგენდა ს. მ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს (მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი 100001–ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახისთვის, შემწეობის მიღების შესაძლებლობას ოჯახში 16 წლამდე ასაკის ოჯახის წევრის არსებობას უკავშირებს), შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინებით მართებულად დაევალა სააპელაციო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

რაც შეეხება სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ 2017 წლის 15 მაისს მომზადებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერს, აღნიშნული ამონაწერის თანახმად, ს. მ-ის ოჯახი - საიდენთიფიკაციო №..., შედგება ერთი წევრისგან და 2017 წლის 31 მარტს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე ოჯახს 2017 წლის 30 აპრილს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 33430, შესაბამისად, ს. მ-ე საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იმავე წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობით (50 ლარი), საარსებო შემწეობის მიმღები გახდა 2017 წლის აპრილიდან, რაც არ ქმნის სამართალწარმოების მონაწილე მხარის მიერ 2017 წლის აპრილამდე შესრულებული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაბრუნების საფუძველს. ამასთან, საგულისხმოა, რომ აღნიშნული ამონაწერი არც 2018 წლის 18 ივლისის საკასაციო საჩივრის წარდგენისას ასახავდა ს. მ-ის საკასაციო საჩივრის წარდგენის მომენტში არსებულ რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რის გამოც აღნიშნული ცნობები საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნა მიჩნეული საკასაციო პალატაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლად.

ამდენად, ს. მ-ის განცხადების არსებითად განხილვის შემთხვევაშიც, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე 2016 წლის 24 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადამხდელისთვის დაბრუნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც, ს. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე