Facebook Twitter

საქმე №ბს-542(კს-20) 21 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – თ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - დ. ხ-ი; კერძო აღმასრულებელი ნ. ღ-ე; სს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ხ-მა 2019 წლის 15 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, მე-...მ/რ. კორპ. №..., ბინა №...-ზე (ს.კ....) გამოცემული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 19 აპრილის №A19005645-013/001 განკარგულებისა და ქ. თბილისში, ...ის მე-... ...ის, №...-ზე (ს.კ. ...) გამოცემული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 19 აპრილის №A19005645-013/002 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ დ. ხ-ი და კერძო აღმასრულებელი ნ. ღ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით აპელანტ თ. ხ-ს მიეცა ვადა - განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე, განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით წარდგენა ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან განთავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა; მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინება, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, აპელანტს ჩაბარდა 2020 წლის 26 მარტს, რაც ნიშნავს იმას, რომ აპელანტს შეეძლო შეევსო ხარვეზი 2020 წლის 2 აპრილის ოცდაოთხ საათამდე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, აპელანტის მხრიდან, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (7 დღის ვადაში) არ გამოსწორებულა, რაც წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველად იქნა მიჩნეული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ხ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა სადავო განკარგულებების კანონიერების შემოწმებისთვის მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელზეც იგი მიუთითებდა სარჩელში. კერძოდ, თ. ხ-ის განმარტებით, აღმასრულებლის გაფრთხილება ჩაბარდა მის შვილს, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მოსარჩელისთვის შეტყობინება არ გადაუცია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ხ-მა კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად იქნა გამოტანილი. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ აღნიშნულით დაირღვა საჯაროობის პრინციპი და სააპელაციო სასამართლო არ გაცნობია მის სააპელაციო საჩივარს.

კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მოითხოვა მისი ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით თ. ხ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში; კერძო საჩივრის განხილვის წესი განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინება, ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს სარჩელის საფუძვლიანობისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს, მხოლოდ ხარვეზის შეუვსებლობის გამო თ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხზე იმსჯელოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამასთან, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება გამოტანილ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, რითაც დაირღვა საჯაროობის პრინციპი და არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის წარმოების წესი სააპელაციო სასამართლოში დადგენილია XLVI თავით, რომელში შემავალი 374-ე მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების წესს, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებები შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. ამდენად, განჩინება, რომლის მიღების წესს საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ზეპირი განხილვის გარეშე და მხარეთა შეუტყობინებლად, შეიძლება მიღებულ იქნეს მხარეთა შეტყობინებითა და ზეპირი განხილვის შედეგად, თუ ეს სასამართლოს მიზანშეწონილად და საჭიროდ მიაჩნია.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინებით აპელანტს ნათლად განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7 - დღიან ვადაში, მას სასამართლოსთვის უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის ქვითრის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების/გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარეს ასევე ნათლად განემარტა, რომ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-73-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, გაეგზავნა თ. ხ-ს, მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი წესით, 2019 წლის 26 მარტს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს - ქ. გ-ს (რძალი), რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით (ტ. 2. ს.ფ. 8). შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2019 წლის 27 მარტიდან დაიწყო და 2019 წლის 2 აპრილს, ხუთშაბათს 24:00 საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აპელანტმა - თ. ხ-მა განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსათვის და არც სხვა სახის შუამდგომლობა ან განცხადება წარუდგენია სასამართლოში. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობას და საპატიო მიზეზის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას.

საგულისხმოა, რომ კერძო საჩივარს ერთვის 2020 წლის 17 ივნისს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი. ამონაწერის თანახმად, №... ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელია დ. ხ-ი, რომლის ოჯახის წევრად მითითებულია თ. ხ-ი. ოჯახს 2020 წლის 11 მარტს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე, 2020 წლის 24 აპრილს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა - 20840, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტით წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს. თუმცა, მითითებული გარემოებით თ. ხ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი წარმოიშვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადის გასვლის (2020 წლის 2 აპრილის) შემდეგ და საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ კერძო საჩივარზე 2020 წლის 17 ივნისს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი ვერ შეცვლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინების შედეგს, რამდენადაც გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სასამართლო ვერ გაითვალისწინებდა ისეთი სახის მტკიცებულების არსებობას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებული მხარის ვალდებულების სათანადოდ შესრულების შედეგად არ ყოფილა სასამართლოში წარდგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ობიექტური გარემოების გამო მის მიერ ხარვეზის შევსების ან საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის შეუძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს თ. ხ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 368-ე, 374-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე