№ბს-429(კ-20) 28 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 30 ივნისს შპს „ყ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის ქონების მართვის სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის თანხმობის გაცემის შესახებ სსიპ ქალაქ თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 26 მარტის №QN1205513 გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 აპრილის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებული 1536 გრძივი მეტრის მქონე ხაზობრივი ნაგებობის შპს ,,ყ...ის“ საკუთრებაში რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს „ს...ი“ და შპს „დ...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ყ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ყ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით შპს „ყ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: გაკოტრების სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განჩინებისა და კრედიტორთა კომიტეტის 2006 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სს „თ...ის“ გაკოტრების მასაში შემავალ ქონებაზე გამოცხადდა კონკურსი.
კონკურსში გამარჯვების შედეგად, 2006 წლის 18 მაისს, სს „თ...ის“ და შპს „ყ...ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ყ...ს“ საკუთრებაში სრულად გადაეცა გასაყიდად გატანილი, საზოგადოების გაკოტრების მასაში შემავალი, დანართი №1 და №2-თ, განსაზღვრული ქონება (მოძრავ/უძრავი), კერძოდ:
ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის მიხედვით, სს „თ...ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (უძრავი ქონების ობიექტების ჩამონათვალი, საფასურის, რაოდენობისა და ადგილმდებარეობის მითითებით მოცემულია დანართი №1-ში „გასაყიდი ქონების ჩამონათვალი“ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს).
ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, გამსხვისებელი ვალდებული იყო ქონების გადაცემასთან ერთად მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა მყიდველისთვის ქონების საკუთვნებელი, ასევე ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ქონების კომპლექტურობას, უსაფრთხოებას, მის ხარისხსა და ექსლუატაციის წესსა და ა.შ), რაც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, გამსხვილებელმა გასცა გარანტია, რომ მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლში მითითებული ქონება წარმოადგენდა საზოგადოების საკუთრებას, უფლებრივად და ქონებრივად იყო უნაკლო, არ იყო გაყიდული ან გაჩუქებული, არ იყო ჩადებული გირაოში, დატვირთული იპოთეკით, არ წარმოადგენდა დავის საგანს, არ იყო გამოყენებული რაიმე სახის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ხელშეკრულების 6.2. მუხლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გადაცემა უნდა განხორციელებულიყო უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტით. ამასთან, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გამყიდველისაგან მყიდველზე გადადიოდა ქონების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მყიდველის სახელზე რეგისტრაციის მომენტიდან.
ხელშეკრულებაზე თანდართული დანართი №1 და №2-ით ქონების ინვენტარიზაცია განხორციელებული იყო კომპანია ,,M...ის“ მიერ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, სს ,,თ...ის“ ბალანსზე ფიქსირდებოდა მცხეთის რაიონში, ...ში 1536 გრძივი მეტრის მქონე ხაზობრივი ნაგებობა.
ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული განცხადებით მიმართა შპს „ს...მა“ და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, 1536 მეტრ სიგრძის ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის თანხმობის გაცემა.
განცხადებაზე თანდართული სამშენებლო სამუშაოების წარმოების ჟურნალით ირკვეოდა, რომ სს „თ...ის“ მიერ დამტკიცებული პროექტით შპს ,,ს...ის“ დაკვეთით გენერალურ მოიჯარეს - ,,სა...ს“ ნება დაერთო მცხეთის რაიონში, ...ში ...ის მშენებლობაზე.
2003 წლის 14 ნოემბერს, ...ში წარმოებული მშენებლობის დასრულების შემდგომ, ობიექტი მიღებული იქნა ექსპლუატაციაში.
განაცხადს ასევე ერთვოდა ...ს 2014 წლის 18 მარტის №01-7/71 -208 წერილი, სადაც განმარტებული იყო, რომ ...ში დამონტაჟებული 1536 გრძივი მეტრის ბუნებრივი აირის მილის მეიჯარეს წარმოადგენდა სს ,,სა...ი“, რომელსაც სამართლებრივი პრეტენზია არ გააჩნდა და თანახმა იყო აღნიშნული ობიექტი დარეგისტრირებულიყო შპს „ს...ის“ სახელზე.
სააქციო საზოგადოება კარკასულ-პანელოვანმა ქარხნამ 2014 წლის 10 თებერვალს გასცა №1 თანხმობა მასზედ, რომ შპს ,,ს...ის“ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი აირის მილის სს ,,...ის“ კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ..., ...) წითელი ხაზების კვეთასთან დაკავშირებით სამართლებრივი პრეტეზია არ გააჩნდა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2014 წლის 17 თებერვლის MCLA 3 14 00073382 წერილში მითითებული იყო, რომ დეპარტამენტს იმ ეტაპზე პრეტენზია არ გააჩნდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის №11 დაწესებულების მიმდებარედ ბუნებრივი აირის მილის მდებარეობასთან დაკავშირებით.
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 2014 წლის 26 მარტის №QN1205513 გადაწყვეტილებით თანხმობა გასცა ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, 1536 მეტრ სიგრძის ...ზე შპს „ს...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, №1 დანართში განსაზღვრული ტრაექტორიით, №2 დანართით განსაზღვრული პირობების და შეზღუდვების გათვალისწინებით.
№2 დანართის თანახმად: ა) სააგენტომ თანხმობა გასცა - ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში ხაზობრივი ნაგებობის გასხვისების შეზღუდვის პირობით; ბ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ხოლო ტერიტორია რომელზეც განთავსებულია ნაგებობა, რჩებოდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში; გ) საზოგადოებრივ სივრცეში ან/და ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ადგილას ინფრასტრუქტურის მოწყობის ან სხვა სამუშაოების წარმოების აუცილებლობისას, ქ. თბილისის მთავრობა ან სხვა უფლებამოსილი პირი უფლებამოსილი იყო ნაგებობის მესაკუთრე /მფლობელისათვის მოეთხოვა ნაგებობის კონფიგურაციის ცვლილება, გადატანა ან დემონტაჟი, მესაკუთრის/მფლობელობის ხარჯებით. ხაზობრივი ნაგებობის კონფიგურაციის ცვლილება, გადატანა ან დემონტაჟი უნდა ასახულიყო სააგენტოს მიერ გაცემულ თანხმობასა და საჯარო რეესტრის მონაცემებში; დ) ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემა არ ათავისუფლებდა განმცხადებელს ხაზობრივი ნაგებობისათვის გამოყენებული საზოგადოებრივი სივრცის ან/და ტერიტორიის შემდგომი მოვლა-აღდგენის ვალდებულებისაგან, თუ მოვლა/აღდგენითი სამუშაოების წარმოების აუცილებლობა განპირობებული იყო განმცხადებლის მიერ წარმოებული სამუშაოებით; ე) სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი იყო განმცხადებელი (სამუშაოს მწარმოებელი, ნაგებობის მფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი); ვ) ზემოაღნიშნული შეზღუდვების და პირობების დარღვევა წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს, რაც თავის მხრივ საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2014 წლის 27 მარტს №... განცხადებით მიმართა შპს „ს...მა“ და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების მოწმობის რეგისტრაცია ვალდებულებით, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 26 მარტის №1205513 გადაწყვეტილების საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა განმცხადებლის მხრიდან საკადასტრო აზომვითი ნახაზის მისი ელექტრონული ვერსიის წარუდგენლობიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნული ხარვეზის შევსების მიზნით, 2014 წლის 1 აპრილს შპს „ს...მა“ წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია. ხაზოვანი ნაგებობის აზომვითი ნახაზის მიხედვით, განსაზღვრული იქნა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ობიექტის ტექნიკური მაჩვენებელი, ნაგებობის სიგრძე შეადგენს 1536 მ-ს.
საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 3 აპრილს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, 1536 მ მილსადენზე (...ი) (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულია შპს „ს...ის“ საკუთრება, საფუძველი: ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 26 მარტის NQ1205513 გადაწყვეტილება. საგანზე, ასევე დარეგისტრირდა ვალდებულება, სააგენტოს ამ გადაწყვეტილების დანართი №1-ში გათვალისწინებული ტრაექტორიით და №2 დანართით განსაზღვრული პირობებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2016 წლის 5 თებერვალს №... განცხადებით მიმართა შპს „დ...მა“ და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების მოწმობის რეგისტრაცია ვალდებულებით, გარიგების საფუძველზე. განცხადებას სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით თან ერთვოდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
2016 წლის 5 თებერვალს, შპს ,,დ...სა“ და შპს ,,ს...ს“ შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, 1536 მ ...ი (საკადასტრო კოდი: ...) საკუთრების უფლებით შეიძინა შპს „დ...მა“.
საჯარო რეესტრმა 2016 წლის 9 თებერვალს მიიღო №8... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდებოდა, რომ ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, 1536 მ მილსადენზე (...ი) (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა შპს „დ...ის“ საკუთრება, 2016 წლის 5 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე საგანზე კვლავ რეგისტრირებულია ვალდებულება, სააგენტოს ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 26 მარტის №QN1205513 გადაწყვეტილების დანართი №1-ში გათვალისწინებული ტრაექტორიით და №2 დანართით განსაზღვრული პირობებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 16.02.11წ. №03.31.100 დადგენილებაზე მითითებით, აღნიშნა რომ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების რეგისტრაციისათვის სავალდებულო იყო ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან თანხმობის გაცემა. შესაბამისად, ხაზობრივი ნაგებობის საკუთრების ფორმით განკარგვის მიზნით თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. თავის მხრივ, კანონმდებელი განმცხადებელს ავალდებულებდა საკითხზე სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინა მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიჩნეულ გარემოებაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინა შპს „ს...ის“ განცხადება ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, 1536 მეტრ სიგრძის ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც ადასტურებდა მცხეთის რაიონში, ...ში შპს „ს...ის“ მხრიდან ...ის მშენებლობის წარმოებას. სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ასევე, დაინტერესებულ პირის - ...ს პოზიცია იმის შესახებ, რომ მას სამართლებრივი პრეტენზია არ გააჩნდა და თანახმა იყო აღნიშნული ობიექტი დარეგისტრირებულიყო შპს „ს...ის“ სახელზე.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მას მინიჭებული ჰქონდა აღნიშნული უფლებამოსილება. ამიტომ სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან, ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, 1536 მეტრ სიგრძის ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის შპს „ს...ისათვის“ თანხმობის გაცემა სრულად შეესაბამებოდა მითითებული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლზე, რომლითაც დადგენილია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. მითითებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. აღნიშნული საფუძვლები კი რეგლამენტირებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, და 23-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 27 მარტს წარედგინა შპს „ს...ის“ №... განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების მოწმობის რეგისტრაციის ვალდებულებით, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 26 მარტის №QN1205513 გადაწყვეტილების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 3 აპრილს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. საგანზე ასევე დარეგისტრირდა ვალდებულება, სააგენტოს ამ გადაწყვეტილების დანართი №1-ში გათვალისწინებული ტრაექტორიით და №2 დანართით განსაზღვრული პირობებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავ ქონებაზე 2016 წლის 9 თებერვალს განხორციელებული №... რეგისტრაციის საფუძველი იყო 2016 წლის 5 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, 1536 მ ...ის (საკადასტრო კოდი: ...) საკუთრების უფლებით შემძენი იყო შპს „დ...ი“. უძრავ ქონებაზე ასევე დარეგისტრირებული იყო ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 26 მარტის №QN1205513 გადაწყვეტილების №1 და №2 დანართებით განსაზღვრული პირობები და შეზღუდვები.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებით წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოშობდა ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებული 1536 გრძივი მეტრის მქონე ხაზობრივი ნაგებობაზე რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას. სადავო რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტაცია - ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 26 მარტის №QN1205513 გადაწყვეტილება და 2016 წლის 5 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება უტყუარად ადასტურებდა სადავო უძრავ ქონებაზე მესამე პირთა საკუთრებას. მითითებული დოკუმენტები კონკრეტულად განსაზღვრავდა საკუთრების უფლებით განკარგული ობიექტის (უძრავი ქონება), ასევე, ამ უფლების მქონე პირის მონაცემებს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მასზედ, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოშობდა სადავო უძრავ ქონებაზე მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სწორად შეაფასა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ისინი კანონიერად მიიჩნია უძრავ ნივთზე მესამე პირთა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა მოტივირებული იყო იმ გარემოებით, რომ მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ შპს „ყ...ი“ წარმოადგენდა სადავო ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრეს, კერძოდ, 2006 წლის 18 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ყ...მა“ საკუთრების უფლებით სს „თ...ისაგან“ სრულად შეიძინა აუდიტორული კომპანია „M...ის“ მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღწერილი სს „თ...ის“ აქტივები, მათ შორის მცხეთის რაიონში, ...ში 1536 გრძივი მეტრის მქონე ხაზობრივი ნაგებობა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ აუდიტის დასკვნით გასასხვისებელი ქონების ნუსხაში შეტანა და ნასყიდობის ხელშეკრულების ობიექტად სადავო ხაზობრივი ნაგებობის განსაზღვრა, ვერ წარმოშობდა საკმარის სამართლებრივ საფუძველს მასზე შპს „ყ...ის“ საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა გამსხვისებლის - სს „თ...ის“ ბალანსზე ამ ქონების არსებობა, მით უფრო ამ ფორმით განკარგვის უფლება.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო ვერ იმსჯელებდა სს „თ...ის“ მხრიდან სადავო ქონების გასხვისების უფლებამოსილების არსებობის საკითხზე, რაც ამ ეტაპისათვის გამორიცხავდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე, მიიჩნია, რომ დავის საგნისა და სასარჩელო მოთხოვნების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობდა მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ყ...მა“, ამჟამად - სს „...იმ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სს „თ...სა" და შპს „ყ...ს" (შემდგომში - „კომპანია") შორის 2006 წლის 18 მაისს დადებული №1-5831 ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ყ...მა" სრულად შეიძინა, აუდიტორული კომპანია - M...ის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღწერილი სს „თ...ის" აქტივები.
სწორედ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დანართი №2-ის ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებული 1536 გრძივი მეტრის მქონე მოქმედი ხაზოვანი ნაგებობა, რომელიც 2014 წლის 27 მარტს, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 26 მარტის №QN1205513 გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაირეგისტრირა (ს/კ №...) შპს "ს...მა" (ს/კ №...), ხოლო 2016 წლის 05 თებერვალს აღნიშნული ...ი მილი მიჰყიდა შპს "დ...ს" (ს/კ №...), რომელმაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაირეგისტრირა ზემოაღნიშნული ხაზოვანი ნაგებობა.
კასატორს მიაჩნია, რომ ხსენებული საშუალო წნევის მოქმედი დ-150 მმ ...ი წარმოადგენს შპს „ყ...ის“ საკუთრებას და ჩართულია კომპანიის გაზგამანაწილებელ სისტემაში. კასატორის მითითებით, მათი კომპანია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და განაწილების ლიცენზირებადი საქმიანობის უფლების მინიჭების დღიდან ახორციელებს აღნიშნული გამანაწილებელი სისტემის ექსპლუატაციას და ტექნიკურ მომსახურებას, რაც ასევე, გულისხმობს უძრავ ნივთზე ბატონობისა და პირდაპირი მფლობელობის ფაქტს. ...ი მიერთებულია ...ის ქუჩაზე გამავალ, კომპანიის კუთვნილ საშუალო წნევის ქსელზე, ...ის ქუჩის გავლით კვეთს ...ს და ჩერდება ...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე („...თან“), სადაც იმავე ...ზე მოწყობილია №375-ე ...ი პუნქტი (შემდეგ - ...). აღნიშნული ...-ს და მისგან გამომავალი დაბალი წნევის ...ების (რომლებიც ასევე, წარმოადგენენ შპს „ყ...ის“ საკუთრებას) მეშვეობით შპს „ყ...ი“ ახორციელებს ...-ში მცხოვრები მომხმარებელების ...თ მომარაგებას. უნდა აღნიშნოს, რომ მითითებული გამანაწილებელი სისტემა (საშუალო და დაბალი წნევის ...ი, ...ი პუნქტი) შპს „ყ...ს“ საკუთრებაში გადაეცა 2006 წლის 18 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (სს „თ...ის“ სხვა აქტივებთან ერთად).
კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ ...ზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემის პროცესში თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს შპს „ყ...ისთვის“ არ მიუმართავს. წინასწარი, ზეპირი ინფორმაციით სააგენტოს მიერ რეგისტრაციის თანხმობის საკითხი წერილობით შეთანხმებულ იქნა „...თან“, რომლის მხრიდანაც სააგენტომ მიიღო ინფორმაცია, თითქოს ...ის მფლობელს წარმოადგენს შპს „ს...ი“. ამასთან, კომპანიისთვის გაურკვეველია, რის საფუძველზე და რა მონაცემებზე დაყრდნობით წარადგინა „...მა“ მითითებული ინფორმაცია სააგენტოში, ან რა ვითარება მიიჩნია შპს „ს...ის“ მხრიდან ...ის მფლობელობის დამადასტურებელ გარემოებად, მაშინ როცა, ...ი წარმოადგენს შპს „ყ...ის“ საკუთრებას და მის ტექნიკურ ოპერირებას კომპანია ახორციელებს 2006 წლიდან. ზემოაღნიშნულის თანახმად, ქონების მართვის სააგენტომ არასრულად და შესაბამისად არასწორად გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული საკითხი და 2014 წლის 26 მარტს №QN1205513 გადაწყვეტილება მიიღო მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რითაც მნიშვნელოვანი პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა შპს „ყ...ს“.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება საერთოდ არ გამახვილა სარჩელზე თანდართულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ქსელის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაცხოვრებლები ცალსახად მიუთითებენ, ქსელის მშენებლობის პერიოდისათვის არსებულ სიტუაციაზე და კიდევ ერთხელ ადასტურებენ ბ/...ს მილსადენზე შპს "ყ...ის" საკუთრების ფაქტს.
კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში არასრულად შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია და არ მოითხოვა განმცხადებლისგან სხვა სახის უფლებადამდგენი დოკუმენტის მაგალითისათვის, შპს „ყ...ის" ე.წ. თანხმობის წარდგენა. ამასთან, არ იქნა ადეკვატურად შესწავლილი ქსელის ექსპლუატაციაში მიღების აქტის შინაარსობრივი მხარე, რომლის მიხედვითაც ქონების მესაკუთრეს სწორედ სს „თ...ი“, ხოლო შემდგომში კი შპს „ყ...ი" წარმოადგენდა.
კასატორის მითითებით, შპს „ყ...ი" ეტაპობრივად ირეგისტრირებს, სს „თ...თან" დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით შეძენილ ქონებას, რასთან დაკავშირებითაც მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებადამდგენ დოკუმენტებად სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულებასა და M...ის დასკვნას წარადგენს. მოცემული კიდევ ერთხელ ადასტურებს, შპს „ყ...ის“ სარჩელის საფუძვლიანობას.
შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მარეგისტრირებელ ორგანოს სწორად უნდა შეეფასებინა უფლებადამდგენი დოკუმენტი, მათ შორის ქსელის ექსპლუატაციაში მიღების აქტი, საკითხის სრულად და ობიექტურად შესწავლის მიზნით, უნდა მოეთხოვა განმცხადებლისათვის, ქ. თბილისის მასშტაბით, განაწილების ლიცენზირებადი საქმიანობის მქონე უდიდესი კომპანიიდან - შპს „ყ...ისგან" შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა.
კასატორის მითითებით, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, ასევე სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს უფლებადამდგენი დოკუმენტები, რითაც მნიშვნელოვნად შეილახა შპს „ყ...ის" უფლებები. სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს სს „თ...ის" სტატუსზე და მის მესაკუთრეზე, ასევე, ქონების განკარგვის ტიპზე და წესზე. ამასთან, არასწორად შეაფასეს სარჩელზე თანდართული ნასყიდობის ხელშეკრულება და ბ/...ს ქსელის ექსპლუატაციაში მიღების აქტი, რის გამოც ვერ დაადგინეს სს „თ...ის“ ბალანსზე სადავო ქონების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, სადავო ქონებაზე შპს „ყ...ის“ სამართლებრივი ინტერესი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს შპს „ყ...ის“ უფლებამონაცვლის შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის თანხმობის გაცემის შესახებ სსიპ ქალაქ თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 26 მარტის №QN1205513 გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 აპრილის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებული 1536 გრძივი მეტრის მქონე ხაზობრივი ნაგებობის შპს „...ის“ (შპს „ყ...ის“) საკუთრებაში რეგისტრაციის დავალება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიდში მოქმედ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესი. ამავე წესის მე-5 პუნქტის თანახმად, არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე (კავშირგაბმულობის ხაზები, ...ის, წყალსადენის, წყალარინების მილების და ა.შ.) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს თანხმობის საფუძველზე. ამავე წესის მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ დადგენილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია სააგენტოს მიმართოს განცხადებით, რასაც თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მე-7 პუნქტის მიხედვით, ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხმობის გაცემისთვის სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ფასიანი მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, გამოსაყენებელი ტერიტორიის ტრაექტორიის ზუსტი მონიშვნით. განმცხადებელი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების შესაბამისად სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი (სამუშაოს მწარმოებელი, ნაგებობის მფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი), ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ქ. თბილისის მთავრობის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ შპს „ყ...ი“ წარმოადგენდა სადავო ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრეს, კერძოდ, 2006 წლის 18 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ყ...მა“ საკუთრების უფლებით სს „თ...ისაგან“ სრულად შეიძინა აუდიტორული კომპანია „M...ის“ მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღწერილი სს „თ...ის“ აქტივები, მათ შორის მცხეთის რაიონში, ...ში 1536 გრძივი მეტრის მქონე ხაზობრივი ნაგებობა.
საკასაციო სასამართლოს სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ აუდიტის დასკვნით გასასხვისებელი ქონების ნუსხაში შეტანა და ნასყიდობის ხელშეკრულების ობიექტად სადავო ხაზობრივი ნაგებობის განსაზღვრა, არ წარმოშობს საკმარის სამართლებრივ საფუძველს მასზე შპს „ყ...ის“ საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება გამსხვისებლის - სს „თ...ის“ ბალანსზე ამ ქონების არსებობა და მით უფრო ამ ფორმით განკარგვის უფლება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ სს „თ...ის“ მიერ დამტკიცებული პროექტით, ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, 1536 მეტრ სიგრძის ხაზობრივ ნაგებობაზე ...ის მშენებლობას აწარმოებდა და დამკვეთი იყო სწორედ, შპს „ს...ი“ და სწორედ, მისი დაკვეთით, დაერთო ნება გენერალურ მოიჯარეს - სს „სა...ს“, ...ში ...ის მშენებლობის.
ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხაზოვანი ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 2003 წლის 14 ნოემბრის აქტში მშენებლობის წარმოების დამკვეთად მითითებულია - შპს „ს...ი“, ხოლო გენერალურ მოიჯარედ - „სა...“, რაც შეეხება სს „თ...ს“ იგი აღნიშნულ დოკუმენტში ფიქსირდება მხოლოდ ...ფიკაციის მიმართულებით ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაციად (სხვა დოკუმენტებში პროექტის შემთანხმებელ ორგანიზაციად). შესაბამისად, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ იძლევა სადავო ხაზოვანი ნაგებობის სს „თ...ის“ და შემდომ შპს „ყ...ის“ საკუთრებად მიჩნევის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის შპს „ს...ის“ მიერ სსიპ ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოსათვის წარდგენილი დოკუმენტაცია, სრულად იძლეოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემის საფუძველს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოშობდა სადავო უძრავ ქონებაზე მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 29.05.2020წ. #1590741948 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „...ის“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.05.2020წ. #1590741948 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე