Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-407(კ-20) 6 ნოემბერი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ბ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ბ-ამ 2018 წლის 7 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე ამავე სამინისტროს 2018 წლის 8 თებერვლის №329 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის გ. ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 8 თებერვლის №329 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელე გ. ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, დევნილი ოჯახის საკითხის განხილვისას კომისიამ 2017 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე (№99 ოქმი) განიხილა ქ. ...ში, მცხოვრები დევნილი ოჯახების, მათ შორის გ. ბ-ას განსახლების საკითხი. კერძოდ, შეისწავლა, როგორც დევნილი ოჯახის მიერ განაცხადში დაფიქსირებული ინფორმაცია, ასევე მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მოკვლეული ინფორმაცია და მიაჩნია, რომ გ. ბ-ას კანონიერად ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რადგან განცხადების განხილვის მომენტისათვის ის ცხოვროვრობდა ...ში, ...ის N...-ში, შვილის - გ. პ-ის ოჯახთან ერთად. მოსარჩელის შვილმა სატელეფონო საუბრისას მონიტორინგის თანამშრომლებს განუმარტა, რომ გ. ბ-ა ცხოვრობს ქ. ...ის რაიონის სოფელ ...ში ნათესავთან, თუმცა მონიტორინგის თამამშრომლების მიერ სოფელ ...ში განხორციელებული ვიზიტის დროს მეზობლების გამოკითხვით გამოირკვა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი წარმოადგენს მოსარჩელის შვილის - გ. პ-ის მეუღლის სახლს, რომელიც შემოწმებისას იყო დაკეტილი და მითითებულ სახლში არავინ ცხოვრობდა. ასევე, სამინისტროში არსებული ინფორმაციით ის ძირითადად იმყოფებოდა ქ. ...ში, შესაბამისად, მოსარჩელე ფაქტობრივად უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებლით და მოსარჩელე მოცემულ ეტაპზე არ საჭიროებდა საცხოვრებლით გადაუდებელ უზრუნველყოფას. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალით დასტურდება, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაცია და ასევე ოჯახის იმ წევრთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სხვა მისამართიბზე ცხოვრობენ) და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, სამინისტროს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ. ბ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით კერძოდ, სოციალურ კრიტერიუმში ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების გამო მიანიჭა 1.5 ქულა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2017 წლის 15 სექტემბერს გამოცხადნენ გ. ბ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე - გორი, შინდისის გზატკეცილი №3/3-ში. აღნიშნულ მისამართზე არ იმყოფებოდა განმცხადებელი და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები მობილური ტელეფონის მეშვეობით გაესაუბრნენ განმცხადებლის შვილს - გ. პ-ს, რომელმაც განმარტა, რომ გ. ბ-ა იმყოფებოდა ნათესავთან, ...ის რაიონში, სოფელ ...ში. მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები, 2017 წლის 14 ოქტომბერს, გაესაუბრნენ გ. ბ-ას, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს მისამართზე:..., ...ის გზატკეცილი კორპ. №..., ბინა №...-ში შვილთან - გ. პ-სთან, სიძესთან - პ. ი-თან და შვილიშვილებთან - ა. და გ. ი-ებთან ერთად. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ იგი განქორწინებულია 1985 წლიდან ა. პ-თან. სადავო არ არის ის გარემოებს, რომ გ. ბ-ას საკუთრებაში არ აქვს რაიმე სახის უძრავი ქონება, თუმცა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია, რომ გ. ბ-ა ცხოვრობს ..ში. ამდენად, გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არ არსებობა გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ. ბ-ასათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 8 თებერვლის №329 ბრძანების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის ...ში ცხოვრებისა და ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის ფაქტთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ 2018 წლის 25 მაისის სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაზე, რომ იგი ...ში ჩადიოდა აწ. გარდაცვლილ დეიდასთან, ბოლოს კი 2 თვის წინ იყო. გ. ბ-ამ ასევე განმარტა, რომ მას მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს და ხან ერთ შვილთან ცხოვრობს და ხან მეორესთან. საგულისხმოა, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს მონიტორინგის განხორციელების დროს გ. ბ-ს მიერ მონიტორინგის ჯგუფისათვის მიწოდებული ინფორმაცია და სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა - განმარტება ერთმანეთთან შესაბამისობაშია. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ ვერ წარმოადგინა გ. ბ-ას ...ში ცხოვრების ფაქტის და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ქონის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება. შესაბამისად, შვილებთან ცხოვრება არ ნიშნავს, რომ ის უზრუნველყოფილია საცხოვრებლით. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ იგი ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას. ასევე, ის ფაქტი, რომ გ. ბ-ა მონიტორინგის განხორციელების ფარგლებში მის მიერ მითითებულ არცერთ მისამართზე იმყოფებოდა ვერ გახდება მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფილად მიჩნევის საფუძველი. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასება, რომ გ. ბ-ას უკანონოდ ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობებს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე